Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


გასული კვირის განმავლობაში ქართულმა პრესამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. გამოკვეთილი ადგილი უჭირავს კვირის განმავლობაში გაზსადენის სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღების თემასაც.

28 ივნისი. ”შეხვედრის ინიციატივა მე მეკუთვნის”, - უთხრა პოლიტიკურ დევნილობაში მყოფმა თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტს მისი, ზურაბ ნოღაიდელის, ლევან გაჩიჩილაძისა და ეროსი კიწმარიშვილის მიუნხენში გამართული შეხვედრის შესახებ. გაჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ალიანსი, ახალი სუბიექტების მონაწილეობით, ამის შესახებ საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი ”კვირის პალიტრასთან”.
ლევან გაჩეჩილაძე კი შემოდგომისთვის ემზადება, წერს გაზეთი ”მთელი კვირა”: ”სამი წლის წინ მინდოდა, რომ სააკაშვილი დასრულებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ, საბოლოო ჯამში, დავეჯახე ძალიან დიდ პოლიტიკურ რესურსს, ფულს, უდიდეს ამერიკულ ინტერესებს საქართველოში, დროებით უკან დავიხიეთ. ამიტომ ახლა უფრო ნაყოფიერი ნიადაგია იმისათვის, რომ ჩვენი ბრძოლა იყოს წარმატებული”, - აცხადებს ”დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩიჩილაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ოპოზიციის არ უნდა ეშინოდეს. ამის შესახებ ის გაზეთ ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ქართული ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში თანმიმდევრული არ არის.

29 ივნისის გაზეთებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიმართ არსებულ მოლოდინებზე წაიკითხავდით. ”თავისთავად ასეთი ვიზიტი უკვე შედეგია, ეს უკვე ფასეული და მნიშვნელოვანი მოვლენაა” - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე, რომელთან ინტერვიუც ”რეზონანსში” იბეჭდება. აბაშიძე კონკრეტულ შედეგებზე საუბარს ვიზიტის შემდეგ ამჯობინებს, თუმცა იცის, რას არ უნდა ელოდეს: ”არ უნდა ველოდეთ სასწაულს და რაღაც დიდ გარღვევებს”, - ამბობს ის.

კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობაზე ”24 საათის” კორესპონდენტმა პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ჰკითხა. მისი აზრით, ვიზიტი იმაზე მიუთითებს, რომ ”ამერიკას საქართველოს მიმართ კვლავ გააჩნია ინტერესი”. გოგოლაშვილი მოელის, რომ ვიზიტისას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხიც დადგება.

”რეზონანსი” წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას აპირებს, რისთვისაც პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც გაზსადენი არასაპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან არის ამოღებული.

30 ივნისი. “კლინტონი საქართველოში რევიზიის ჩასატარებლად ჩამოდის”, ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში: ”უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლინტონი მხოლოდ საქართველოში არ ჩამოდის. ის ასევე ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანს, პოლონეთსა და უკრაინას. ასე რომ, ეს არის, გარკვეულწილად, ვოიაჟი იმ სახელმწიფოებში, რომელთა რიგიც დადგა ამერიკაში. კლინტონი ჩამოდის, რათა, ასე ვთქვათ, განახორციელოს გარკვეული რევიზია, თუ რა მდგომარეობაშია ამერიკისა და ამ ქვეყნების ურთიერთობები“, - ამბობს პააატა ზაქარეიშვილი.

45 000 პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია, აცხადებს ადვოკატი ლალი აფციაური გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში. ”უკვე იმ ზომამდე ვარ მისული, იმდენი საშინელი ფაქტი მესმის ციხეებიდან, სააკაშვილის მიერ ნაქებ კალმახელიძის სამინისტროსთან რომ მივალ, ქვებით ფანჯრებს ჩავუმტვრევ, იქნებ მოიცალოს და გამოფხიზლდეს”, - აცხადებს ლალი აფციაური. მისივე თქმით, პრეზიდენტიც, ხელისუფლებაც და პენიტენციალური სისტემის მინისტრიც ცრუპენტელები არიან.

1 ივლისი. ”მოძველდა ცნება ”სტრატეგიული ობიექტი”?” - სათაურშივე სვამს კითხვას ”24 საათის” ავტორი. მოტანილია პავლე კუბლაშვილის ფრაზა: ”ე.წ. სტრატეგიული ობიექტის ცნება მოძველებულია და დღეს არ არსებობს მკაფიო განმარტება, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტი”. ”24 საათის” სტატიაშივე ნახავთ ექსპერტთა მოსაზრებებს. გია ხუხაშვილი ამბობს:

”ერთადერთი, ვინც შესაძლოა ამ თემით დაინტერესდეს, რუსეთია. ”გაზპრომის” გარდა, სხვას ვერავის ვხედავ, ვინც მილსადენის შესყიდვით დაინტერესდება”. დავით ნარმანია: ”გაზის მაგისტრალური მილსადენის გაყიდვაზე საუბრები ჯერ კიდევ კახა ბენდუქიძის სახელმწიფო მინისტრობის დროს მიმდინარეობდა. მაშინ ამ პროცესის შესაჩერებლად ძალიან აქტიური კამპანია ჩატარდა. ვფიქრობ, დღესაც იგივე უნდა განმეორდეს.”

”თურმე რა ძალა ჰქონია იმას, რომ შენ ხარ საკრებულოს წევრი” - ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია. მასთან ინტერვიუს ”ალიაში” წაიკითხავდით. ზურაბიშვილი აზუტებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლის ნათელა მაჭავარიანის საკრებულოში ყოფნა მას აძლევს ”კონკრეტულ საქმეებში” ჩახედვისა და კონკრეტული საკითხების წამოწევის შესაძლებლობას.

”ალიაში” წაიკითხავდით, რომ ტოტალიზატორებს ”საგადასახადო შეესია”. ტოტალიზატორებში საგადასახადო უწყების თანამშრომელთა მასობრივად ”შესვლას” გაზეთს დეპუტატი გია თორთლაძე უდასტურებს და ამბობს, რომ ”შესაბამისი უწყება ვალდებულია გააკეთოს კონკრეტული განცხადება”.

2 ივლისი. გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზების გადაწყვეტილება მიუღებელია, წერს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” რუბრიკაში „ექსპერტის აზრი“. ”ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე წარმოდგენა არ აქვთ. მათთვის ეს სიტყვა ან სრულიად გაუგებარია, ან მხოლოდ გაზისა და შუქის გამართულ მიწოდებას ნიშნავს”, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.

”ამერიკელები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი ჩვენი ხელისუფლების მორიგი უგუნურებით, რომელიც გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, რომ ჰილარი კლინტონი ამისთვის მიხეილ სააკაშვილს სერიოზულად დაელაპარაკება და ყვითელ ბარათსაც გადასცემს”, - აცხადებს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, გაზეთ ”რეზონანსის” გვერდზე.

3 ივლისს გაზეთი 24 საათი ”ზოგადი განათლების შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. ავტორის აზრით, კანონპროექტი მანდატურის უფლებებისა და საქმიანობის შესახებ დავის საგანი გახდება, რადგან ”მანდატურს კანონპროექტით ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება ენიჭება. პროექტის ოპონენტებზე დაყრდნობით, გაზეთი ასევე წერს, რომ მანდატურის მინიმალური ასაკი 20 წლით თუ განისაზღვრა, ეს პრობლემებს შექმნის სკოლაში, რადგან 19 წლის მოსწავლეებთან 20 წლის მანდატურს წესრიგის დამყარება გაუჭირდება.”

”რეზონანსი” მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე წერს. სტატიაში „მეთერთმეტე მთავრობა“ ნათქვამია, რომ ”ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში 89 მინისტრი და 5 პრემიერი შეიცვალა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG