Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკა მამაცაშვილი - გამოფენების კურატორი


6 ივნისი, კვირა
დღიურის წერა არასოდეს მხიბლავდა. 8 წლის ვიყავი, როდესაც დავალება მივიღე - ზაფხულის დღიური უნდა შემედგინა... ცრემლად დავიღვარე. ბოლოს, დღიურის მაგივრად მოთხრობა დავწერე სათაურით „ჭიანჭველების გადაფრენა“. ასე გადავწყვიტე ჩემს წინაშე მდგარი დილემა.

ბავშვობაში მიგნებული ხერხი ხშირად ჭრის. ვფიქრობ, ამჯერადაც სწორ გზას ვადგავარ. ვნახოთ, რა გამოვა...

დილას სახლში რას ვაკეთებ, არ მოვყვები. არავითარი დრამატურგიული დატვირთვა ამას არ გააჩნია, თანაც, ძირითადად, ჩემი დილის რეპლიკები შორისდებულებით შემოიფარგლება: ჰო, არა, კარგი, გასაგებია, ახლავე... პასუხადაც ამასვე ვიღებ. მხოლოდ ინტონაციაა ცვალებადი და ხმოვნები - გაგრძელებული.
თავისუფლების დღიურები - ლიკა მამაცაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:07 0:00

სამსახურში მისულს, საერთაშორისო მდგომარეობით და გლობალური დათბობა-დასიცხვით შეწუხებული რვა გამომეტყველება მხვდება; სანამ დილის განრიგს განვიხილავ, 12 საათი ახლოვდება და კონფერენციაზე გავრბივარ: „ძველი თბილისის იდენტურობა და სული“. ეს კონფერენციის ბოლო დღეა. საოცარია, ვუსმენ პრობლემატიკას, რომელიც ძველი თბილისის რესტავრაცია-კონსერვაციას ეძღვნება და ვხვდები, რამდენად მძიმე დღეში ვართ. მაია მანიას, ლალი ანდრონიკაშვილს და ნესტან თათარაშვილს ამის შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ. ჩემი ყურადღება მაინც არტისტული და გულწრფელი მაია მანიას ირგვლივ ტრიალებს: ეს კომპლექსური ნიჭია. კონფერენცია მართლა მაინტერესებს, თან ჩემი თანამშრომელი ქეთი ტრაპაიძე მახლავს და დროდადრო აღშფოთებულები მივმართავთ ერთმანეთს რეპლიკებით: „რა საშინელებაა!“, „ნუთუ ესეც აღარ შეგვრჩება?!“ და „რა გვჭირს ასეთი?!“

სასტუმრო „ძველი თბილისის“ სამზარეულო არაფრად ვარგა და თუ ვინმე საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცდება, ვურჩევ 6 ივნისის ჩემეული განცდა გაიზიაროს, როდესაც ვერაფრით დავადგინე ხაჭაპურის სადაურობა და ასაკი...

„Чем дальше в лес, тем страшнее“ – ბოლო გამომსვლელმა კიდევ უფრო დაამძიმა სურათი... მტკვრის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე არავის უფიქრია. სამაგიეროდ, ტრაპაიძე დადებითად განეწყო მომავლის მიმართ: სჯერა, რომ მე აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტი ვიქნები, ტერიტორიულ მთლიანობას დავიბრუნებთ, სოციალურ მდგომარეობას გავაუმჯობესებ და ამასობაში კულტურასაც ეშველება - ეს „ც“ ხომ მარადიულია კულტურასთან მიმართებით.

ახალი ემოციებით სავსე დღე იყო - მე მომეწონა. მით უმეტეს, რომ საღამოს, ტრადიციულად, კაფეში ვიჯექი და კვირა დღის შესაფერის გასართობში ვპოვე შვება: ჩემებური კომენტარებით გავართე მეგობრები.

7 ივნისი, ორშაბათი
დილის რეჟიმი არ იცვლება. ერთი ეგაა, რომ ძაღლი ლეგენდარული სახელით დიეგო-არმანდო, გვარად მამაცაშვილი, აღარ მყავს. არა მგონია, მოვიდეს დღე, მასზე რომ აღარ ვიდარდებ. მოკლედ, ვჩქარობ - თუ არ იჩქარე, იმაზე მეტი კითხვა დაგიგროვდება, ვიდრე საჭიროა და თუ საქმეს გაამარტივებ, მუდამ მოგებული დარჩები. ადრე ტულუზ-ლოტრეკის ბიოგრაფიას ვთარგმნიდი და ეს მიდგომა ხშირად მხვდებოდა. ბოლოს, წარმატებით ავითვისე, თან ამ მოსაზრებას საყოველთაო ჭეშმარიტებაც ამყარებს: ყველაფერი გენიალური ძალზე მარტივია.

მაინც ვერ დავადგინე, უნდა მიყვარდეს ეს დღე თუ არა. ვისვენებ – ამიტომ კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საყიდლებზეც წავალ, ორშაბათი იღბლიან დღედ გადაიქცევა. არავინ იცის, როგორ ვახერხებ ჩემთვის მიუღწეველი ღირებულების საგნების მოძიებას... ამას ერთგვარი თერაპია უწოდეს. კარგად დაურქმევიათ, მაგრამ მე არ მიცნობდნენ, თორემ საყიდლებზე სიარულის მთავარ თეორეტიკოსად დამასახელებდნენ... სამზარეულოს დანა, ორი ცალი სკოჩი სამსახურისთვის, მაგიდის გადასაფარებელი, კოღოების საწინააღმდეგო ბადე და წყვილი ფეხსაცმლის საწმენდი - აი, დიდებული ნუსხა. პროდუქტის ჩამონათვალი არ შემიდგენია, ეს ისე, სპონტანურად ხდება, თან იმას ვყიდულობ, რაც, ბუნებრივია, ჩემს შვილს უყვარს...

შემდეგ კიდევ ერთხელ გამახსენეს ტელევიზიით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და კიდევ ერთხელ დავდექი ცუდ გუნებაზე: არ მესმის იმ ადამიანების, ვისთვისაც ეს სინამდვილე არაფერია, ვისაც შეუძლია საერთოდ არ გაიხსენოს არაფერი ნეგატიური.

შემდეგ ტელე-აიეტიც გამოირთო და, ფაქტობრივად, მთელი დღე მის ხელმძღვანელობასთან გულახდილ ბაასში გავატარე ქალაქის სხვადასხვა წერტილებიდან. დღის ბოლოს ლია კაბულაშვილს და ქეთი ტრაპაიძეს შევხვდი: ერთი ჩემზე ადრე მოვიდა, მეორე ჩემზე გვიან! ძველი თბილისის ნაწილი მოვატარე ფეხით – ორთაჭალა. თავის დროზე ყველაფერი ეს ისტორიკოსმა თემო ბერიძემ მაჩვენა და შემაყვარა, ახლა კი ვცდილობ, იგივე გავუზიარო მათ, ვინც მე მიყვარს... თან კონფერენციაზე მაია მანიას გამოსვლა არ მავიწყდება და არც მოსვენებას მაძლევს... კარგი იქნება, თუ ბოლოს და ბოლოს კონსერვაციის ტრადიცია დაინერგება, თორემ ამ ულამაზეს ნაწილსაც დაღუპვა ელის.

კვლავ ნორვეგიაში წასვლაზე ვოცნებობ და ამ ფანტასტიკურ გრძნობასთან ერთად ვიძინებ...

8 ივნისი, სამშაბათი
მგონი კარგია, რომ გუშინ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი - სამსახურში მივედი და ორი ემოციური თანამშრომლის კომენტარებს ავცდი შოუ-გადაცემებთან დაკავშირებით...

შემაშფოთებელი ზარი ნინო ზაალიშვილის და ინგა თევდორაძის საქმიანი ვოიაჟის შესახებ მატყობინებს. კასპში მიდიან. რატომ, არ ვიცი, მაგრამ მიდიან... არ შეიძლება, მილიონრებად დამიბრუნდნენ? ნინოს ორი მილიონი და ინგასაც - ორი. მე და ქეთი ფირებსაც აღვადგენდით, სამ წიგნს გამოვუშვებდით და, რაც მთავარია, ქარვასლის რეკონსტრუქციას დავამთავრებდით: დარბაზის კარებსაც ჩავსვამდით.

დღეს იურა მეჩითოვი ლონდონიდან დაბრუნდა. უკვე ერთი თვეა, მის არაჩვეულებრივ გამოფენას ვმართავთ და ამასობაში ავტორმა ლონდონში წასვლა-ჩამოსვლაც მოასწრო... მოვიდა თუ არა, შესასვლელიდანვე მინი-პერფორმანსი გამართა, ბევრი იბაასა ლონდონზე, სნობებზე, ტრადიციებზე და ქალებზე. ისიც კი გადაწყვიტა, რა გზით უნდა გვეშველოს, თან სერგო ფარაჯანოვის შესახებ თავისი წიგნიც მაჩუქა. როდესაც ასეთი კმაყოფილი და ეგზალტირებულია, იურა მეჩითოვის ნახვას არაფერი სჯობს. და, საერთოდ, ძალიან მიყვარს! საიუბილეოდ განსაკუთრებული საჩუქარიც გავუკეთეთ: მისი ფოტო მერილინ მონროსთან ერთად დავამონტაჟეთ და წარწერაც დავურთეთ. ფოტოკოლაჟზე ძველი ამერიკული ქალაქის ქუჩაში მოსეირნე იურა, ტროტუარის კიდეზე ჩამომჯდარ მონროს ხვდება და გაოცებული შლის ხელებს. როდესაც საჩუქარი გადავეცით, ეგრევე გვიპასუხა: „გადასარევია, მაგრამ ლოგინში ჩასაწვენად დაგენანათ?” მეჩითოვს რა შეცვლის?! ასეთია და ასეთად თუ არ დარჩა, იურაც არ იქნება...

დღესაც ბევრი იხალისა, ვერაფრით გაიგო, რატომ უნდა სჯეროდეს ყველაფრის, რასაც საჯაროდ უცხადებენ... არც სჯერა, არც არასდროს დაიჯერებს, ვერც ვერავინ დააჯერებს. სამაგიეროდ, როგორც ფოტოგრაფს, ვერავინ შეედრება...

9 ივნისი, ოთხშაბათი
რატომღაც დილიდან ბუნების დაცვის დღე მეგონა. სამწუხაროა, რომ შევცდი - 5-ში ყოფილა...

მაია ქუთათელაძე დაბრუნდა იტალიიდან, კერძოდ რომიდან. დაბრუნდა სამი თვის შემდეგ, დასვენებული, მოფერიანებული, გათვითცნობიერებული, განაზებული და პოზიტიური... თავმდაბლობის ბეჭედიც იგრძნობა – რა ქნას, განწყობა აქვს ასეთი. ძალიან გამეხარდა! ეგრევე დავტვირთე საქმით, სახე ჯერ კიდევ უღიმოდა, როცა ახალ დავალებას იღებდა. აშკარად შეეტყო, რომ ჯერჯერობით არაფრის დაწყებას არ აპირებდა, საბუთად აკლიმატიზაციაც კი მოიშველია, მაგრამ არგუმენტების უკმარისობის გამო - არც ეძინებოდა, არც დეპრესია ჰქონდა, არც ალერგია - აკლიმატიზაცია არ დავუდგინეთ. ამიტომ მოუწევს, ყველაფერი გააკეთოს. ყოველი მოგზაურობის წინ და შემდეგ ამბობს, კიდევ ერთხელ უნდა წავიდე რომში და შეიძლება აღარც დავბრუნდეო, მაგრამ სამშობლოს ვერ ელევა და, რაც მთავარია, ქარვასლის მიმართ დამოკიდებულებას ვერაფერი უცვლის. უყვარს აქაურობა, განსაკუთრებით კი 460-სურათიანი ექსპოზიცია და ისიც, თუ ერთ დღეშია ასაწყობი...

ახალი პროექტების ნუსხა იზრდება. ყველაზე მეტად მაინც კინოქრონიკის საკითხი მაწუხებს, თან დოკუმენტური მასალის გადაღების შესახებ კითხვებიც მაქვს. ეს ძალიან სერიოზულია, დღეს ბევრი ვიმუშავე და გადავწყვიტე, საღამოს აღარაფერზე ვიფიქრო, არც ნორვეგიაზე და არც ლუიზე...

10 ივნისი, ხუთშაბათი
დილა-საღამო ტრადიციული იყო – დაკონკრეტებას რა აზრი აქვს? ინტერნეტში ვიღაცამ მკითხა, ლუი არმსტრონგს ახლოს იცნობდი? როგორ უხდებით ერთმანეთს ფოტოზეო. ეს განსაკუთრებული ამბავია, ბევრი ვიხალისე.

ერთი თვის წინ იური ბერიშვილმა გადაწყვიტა, მოეწყო აქცია თემაზე: „კურატორების შემოქმედება“ – დაახლოებით ასე ერქვა. მე დიდხანს ვეწინააღმდეგებოდი, არავითარი სურვილი არ მქონდა, მონაწილეობა მიმეღო, ბოლომდე არც მესმოდა, რა უნდოდათ ჩემგან. ვკითხე კიდეც: „რა გინდა ჩემგან, მთელი ცხოვრება ლუი მიყვარდა და ეს გინდა გაგიკეთო-მეთქი?“ „დიახ, სწორედ ეს მინდა!“ - იყო პასუხი! ასე შეიქმნა ფოტოკოლაჟი სახელწოდებით „მთელი ცხოვრება მხოლოდ ლუი მიყვარდა“, სადაც მე და ლუი თავდავიწყებით ვხალისობთ: ის ჩემთვის უკრავს... სწორედ ეს მინდოდა, მთელი ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ამცდა, ისევე, როგორც გრეგორი პეკი ამცდა. კოლაჟმა მართლა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ყველაზე დაკვირვებული, და არა მხოლოდ განათლებული, ადამიანებიც კი მეკითხებოდნენ, მართლა ვიცნობდი თუ არა ლუის...

ამიტომ გასაკვირიც არაა, თუ დღეს კიდევ ვიღაცამ მკითხა იგივე. ისე, ვისაც აინტერესებს, Facebook-ზე შეუძლია ნახოს, როგორ ვიცნობდი ლუის...

11 ივნისი, პარასკევი
დღევანდელი დილა არატრადიციულია და საღამოც ასეთი იქნება... მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ფეხბურთში. მე უცვლელად ბრაზილიის „ფანი“ ვარ. ბუნებრივია, თუ ლუი გიყვარს, პელეც უნდა გიყვარდეს.

მთელი დღე ახალი პროექტით - „კავკასიელებით“ - ვიყავი დაკავებული. გონს რომ მოვედი, მივხვდი, რომ დაღლილი ვარ. მინდა, ცოტა ხნით მაინც ვიყო იმ ხალხის ადგილზე, ვისაც ახალი იდეა არ მოსდის თავში. ამასობაში ქეთი ტრაპაიძე მახსენებს სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენი არაჩვეულებრივი პროექტის, „კინოარქივის“, დაფინანსების პრობლემა ისევ მწვავედ დგას. ვგრძნობ, შეპყრობილებს ვემსგავსებით...

რა საჭიროა, მოკიდო ხელი საქმეს, თუ მისით შეპყრობილი არ ხარ? ამიტომ, ჩემი ჟინიც სავსებით გამართლებულია.

მსოფლიო ჩემპიონატიც დაიწყო. ერთი თვე დიდ განცდაში ვიქნები! დღევანდელი საფეხბურთო ცხრილი არ არის განსაკუთრებული, მაინც რატომღაც სამხრეთ აფრიკას ვგულშემატკივრობ. საფრანგეთმა „დაყვინთა“, ალბათ დიდი ხნით. მალე შეიძლება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაემსგავსოს. ვივა ბრაზილია! წელს ნამდვილად გაამართლებს!

12 ივნისი, შაბათი
ვიღვიძებ თუ არა, მახსენდება, რომ შაბათი ჩემთვის თავისუფლებასთანაა დაკავშირებული: თავისუფალ სუნთქვასთან, თავისუფალ მოძრაობასთან და სიტყვის თავისუფლებასთანაც... ასეთია ჩემთვის შაბათი.

ერთი კი დანამდვილებით ვიცი: შაბათიდან შაბათამდე, 37 წელი გამრავლებული 365 დღეზე და ზოგჯერ 37 წელი გამრავლებული 366 დღეზე, მიყვარს ჩემი შვილი, დავითი - ეს არასდროს შეიცვლება, ვერც დღიური და ვერც ექსპოზიციები, ან პროექტები, ამას ვერ შეცვლის... ეს მარადიულია, სხვა დანარჩენი კი დამატებაა...
XS
SM
MD
LG