Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელი ქალაქში


ვიცი, რომ ჩემი ახალი ბლოგი მკითხველთა უმრავლესობაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შეიძლება. პრობლემა, რომელზეც ვისაუბრებ, დამახასიათებელია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელთა დამოუკიდებელი, ტოტალიტარული ზედამხედველობისგან მეტნაკლებად თავისუფალი, არსებობის სტაჟი მხოლოდ ორი ათეული წლით თუ განიზომება.

ისევე, როგორც ქართველი სამოციანელების მთელი თაობისათვის, ჩემთვის თბილისის მოსახლეობა დღემდე ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა: „ქალაქელებად“ და „თბილისელებად“. „თბილისელად“ ყოფნა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისა, რომ გახდე „ქალაქელი“. სამწუხაროდ, მათ შორის პროცენტული სხვაობა დღითიდღე იზრდება „თბილისელთა“ სასარგებლოდ.

არადა, წინა საუკუნის შუაწელში „ქალაქელობა“ ნიშნავდა გარკვეულ პირობით არაფორმალურ უპირატესობას დანარჩენების წინაშე. „დანარჩენებად“ სოფლიდან ქალაქად სულ ახლახან გადმოსახლებულები ითვლებოდნენ. იმ პერიოდში სოფლისა და ქალაქის დეფინიციები მკვეთრად განისაზღვრებოდა კომუნისტური საკანონმდებლო აქტების დონეზე. რაღა თქმა უნდა, ეს, რეალურად, სულაც არ ამცირებდა „გლეხის“ ცნებას - ჩვენ ყველანი ხომ სოფლიდან ვართ, საკითხავი მხოლოდ ისაა - როგორი სოფლიდან?!

გავატარე რა ასპირანტობის წლები გეოფიზიკურ ექსპედიციებში, თვალნათლივ დავრწმუნდი იმაში, რომ იმხანად, 60-იან წლებში, შორეულ ქართულ მთიან სოფლებშიც კი ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ინტელიგენტი ადამიანები. ინტელიგენტის ცნება, რომელიც საქართველოში ამჟამად სალანძღავი გახდა რუსეთუმეობის გამო, არ უნდა აგვერიოს ესოდენ გულმოდგინედ დანერგილ დასავლურ „ინტელექტუალში“. მართალია, არ არსებობს ინტელიგენტობის კლასიკური განსაზღვრება (თავის დროზე მისი ფორმულირება სცადა შესანიშნავმა ესეისტმა თენგიზ ბუაჩიძემ), მასში, როგორც ჩანს, უნდა ვიგულისხმოთ განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა, რომელიც გარკვეულწილად „ბიბლიურ სიბრძნეს“ მოიცავს. ის არანაირად არ არის დამოკიდებული განათლების ცენზზე.

ამ თვალსაზრისით, მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კომპარტიის პირველ მდივნად მოგვევლინა ედუარდ შევარდნაძე. აგრარული ქვეყნის იძულებითმა „ინდუსტრიალიზაციამ“, თბილისში მახინჯი ხუთსართულიანი მასივების მასშტაბურმა მშენებლობამ, ხელი შეუწყო სოფლიდან ქალაქში უფლებაშელახული გლეხების მასობრივ გადმოსახლებას. თბილისი, ეს „პატარა პარიზი“, დიდ მოუწყობელ სოფლად გადაიქცა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პირველი მდივნის „კუთხურობამაც“ - მის უახლოეს გარემოცვას ხომ ძირითადად მისი მშობლიური რეგიონის წარმომადგენლები შეადგენდნენ.

სიტუაცია კომუნისტური მმართველობის ბოლომდე არ შეცვლილა და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ახლაც შენარჩუნებულია, ოღონდ მოსახლეობის ამჟამინდელი მიგრაციის მიზეზი არის უკვე არა ფსევდოინდუსტრიალიზაცია, არამედ სოფლისა და მის მკვიდრთა ტოტალური გაღატაკება. არ ვეხები დევნილების პრობლემას - ღმერთმა დამიფაროს! - ეს სულ სხვა თემაა...

გაღარიბებული რეგიონებიდან მიგრანტების ნაკადი ამჟამად შედგება ახალგაზრდებისგან, რომლებმაც საწყისი განათლება სოფელში მიიღეს, მაგრამ არ სურთ იქ, გაუსაძლის პირობებში, ცხოვრება და მუშაობა. მათ დაემატა პოლიტიკური უთანხმოების და სამოქალაქო ომის პერიოდში ჩამოყალიბებული ნახევრად კრიმინალური „ლუმპენების“ შრე. სიტუაციის დრამატიზმი მდგომარეობს იმაში, რომ „ახალი თბილისელები“ თავიანთი წეს-ჩვეულებებით იჭრებიან ქალაქის ყოფაში: იმის ნაცვლად, რომ რამენაირად მაინც აითვისონ ქალაქელთა ჩვეულებები, ისინი, პირიქით, თავიანთ გაგებას, ჩვევებს, საკუთარ მსოფლმხედველობასაც კი თავს ახვევენ ქალაქელებს. წარმართობის ელემენტები ტრადიციულ ქართულ მართლმადიდებლობაში, ასობით ადამიანზე გათვლილი ქორწილები და ქელეხები, კუთხური პროტექციონიზმი – ეს სულაც არ არის „ქალაქელისთვის“ უცხო მოვლენების სრული ნუსხა. სერიოზული ზიანის მომტანია ჩამოსულთა უბოდიშო და მოურიდებელი დილეტანტობა - ისინი ყოველგვარი ეჭვის გარეშე კიდებენ ხელს ნებისმიერ სამუშაოს. ცნობილი ისტორიკოსი ალექსანდრ პანჩენკო ამტკიცებდა, რომ ქალაქი პროფესიონალთა თავშესაფარია. დღევანდელ საქართველოში ეს პარადოქსად ჟღერს.
XS
SM
MD
LG