Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი პუტინის განცხადებებს ცინიკურს უწოდებს


გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ცინიკურს უწოდებს. ბოკერიამ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას იაფფასიანი მეთოდებით ცდილობს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარადჭერის და ოკუპაციის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა პუტინმა კვლავ თქვა, რომ აგვისტოს ომი რუსეთს არ დაუწყია, პასუხისმგებგებლობა კი, ომის დამწყებს ეკისრება. პუტინის განცხადებით, ზოგიერთს სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულად მიაჩნია, სხვას კი - გათავისუფლებულად. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისმა და ცხინვალმა ურთიერთობა თავად უნდა მოაგვარონ და არა რომელიმე მესამე მხარის დახმარებით. რუსეთზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება და საზოგადოების უდიდესი ნაწილი რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა, თანამშრომლობა ორმხრივ პატიცვისცემას გულისხმობს. ”როგორც კი მოსკოვში შეეგუებიან, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და საკუთარ ბედს თავად ირჩევს, რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარება ძალიან იოლი იქნება” - განაცხადა ბოკერიამ.

დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. დავით ბაქრაძის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი ვალდებულების შესრულებას და საქართველოდან საოკუპაციო ჯარის გაყვანას დაიწყებს, ქართული მხარე მზად არის ესაუბროს აფხაზებს და ოსებს, რომლებთანაც საერთო ენის გამოძებნა ყველა საკითხში შეიძლება. დიალოგისთვის მზადყოფნის დასტურად პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგია დაასახელა. ”მაგრამ აუცილებელია, ყველამ კარგად გაიაზროს რუსეთის პასუხისმგებლობა, როგორც იმ ძალის, რომელიც დღეს ოკუპაციას ახორციელებს” - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, ტერმინი ოკუპაცია მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ვეღარ მოახერხებს აიცილოს პასუხისმგებლობა და ის ქართველებზე, ოსებზე ან აფხაზებზე გადაიტანოს.
XS
SM
MD
LG