Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რეზოლუციას განიხილავს


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ყოველწლიური სესიის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მასპინძლობს, 8 ივლისს საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს რეზოლუცია აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებით. პროექტში ხაზგასმული თემებია: დევნილების დაბრუნება, 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები, ეთნიკური წმენდის შედეგები, ადამიანთა წამების ფაქტები და სხვა საკითხები. პროექტი ინიცირებულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტის გორან ლენმარკერის მიერ. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ოსლოში მყოფმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა, საკომიტეტო მოსმენაზე ხანგრძლივი დებატები გაიმართა და პროცესი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. რუსეთის დელეგაციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, რეზოლუციის პროექტს სავარაუდოდ 10 ივლისს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG