Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული რეგიონების ულტიმატუმი კვლავაც ძალაშია


ჟენევა. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ჯერჯერობით უარს ამბობენ იქ ჩასვლაზე.
ჟენევა. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ჯერჯერობით უარს ამბობენ იქ ჩასვლაზე.
ჯერჯერობით კვლავაც ძალაშია ულტიმატუმი, რომელიც საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონებმა ჟენევის მოლაპარაკებებთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობას წაუყენეს. დე ფაქტო პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ეს 7 ივლისსაც დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა და ჟენევის პროცესის შუამავლებს არაობიექტურობაშიც დასდო ბრალი. უთანხმოების მიზეზს კვლავაც წარმოადგენს ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმება, რომლის გაფორმებასაც დაჟინებით ითხოვენ კრემლისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერები. მათი შემოთავაზებული ვარიანტი მიუღებელია თბილისისთვის, რომელიც პოზიციების დათმობას არ აპირებს. თბილისის პოზიციას ღიად უჭერს მხარს ვაშინგტონი.

ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 7 ივლისს საქართველოსგან მოსალოდნელი საფრთხით ახსნა. სერგეი ბაღაფში ფიქრობს, რომ რუსეთის წყალობით აფხაზეთის სერიოზულად გამყარებული უსაფრთხოება ხელს არ უშლის საქართველოს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან პერმანენტულ პროვოკაციებს მიმართოს. ეს არის ტრადიციული არგუმენტი, რომელსაც კრემლის მფარველობის ქვეშ მოქმედი სეპარატისტები, თბილისის აზრით, მუდმივად იყენებენ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ერთგვარი შანტაჟის ჯაჭვის გასაბმელად.

"აფხაზეთმა შეაჩერა მონაწილეობა ჟენევის დისკუსიის მე-12 რაუნდში - დისკუსიისა, რომელიც პრეზიდენტების მედვედევისა და სარკოზის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს", - ამბობს სერგეი ბაღაფში 27 ივლისს დაგეგმილ რაუნდთან დაკავშირებით. - "რეგულარული შეხვედრებისას ჩვენი წარმომადგენლები კვლავაც დაჟინებით მოითხოვენ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებისა და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას. ეს შეთანხმება დიდწილად მოხსნის საქართველოსთან ახალი კონფლიქტის დაწყების საფრთხეს, თუმცა ქართული მხარე თავს არიდებს ამ დოკუმენტის განხილვას და მოითხოვს რუსეთის არმიის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ქვეყნებისთვის. უფრო მეტიც, ჩვენ გვექმნება მტკიცე რწმენა იმისა, რომ საქართველოს მხარეს აქტიურად უჭერენ მხარს დისკუსიის საერთაშორისო შუამავლები. და ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლება, ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებთ.”
ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლება, ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებთ.

სიტუაციის შეცვლაში სერგეი ბაღაფში ჟენევის მოლაპარაკებათა შუამავლების მიერ "კონკრეტული და გააზრებული" წინადადებების მომზადებას გულისხმობს და ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ”აღებული პაუზაც” სწორედ შუამავლებისთვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას ემსახურება.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს კონკრეტული ვადა დაუწესა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ივნისის ბოლოს წამოყენებულ ულტიმატუმში. ”თუკი 12 ივლისისთვის, როდესაც ცხინვალში თანათავმჯდომარეების მორიგი შეხვედრა გაიმართება, ჩვენ არ წარმოგვიდგენენ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ახალ პროექტს, შემდეგი რაუნდი აღარ იქნება”, - ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი და იქვე დასძენს, რომ მთელი პასუხისმგებლობა სწორედაც რომ თანათავმჯდომარეებს დაეკისრებათ.

ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების დილემად ქცეულ საკითხს კრემლისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერები თბილისისგან აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში განიხილავენ. გავიხსენოთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რამდენიმე რაუნდზე ეს სამეული დაჟინებით მოითხოვდა, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გაფორმდეს თბილისსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართული მხარის უცვლელ პოზიციას.

თბილისის პოზიციას იზიარებს ვაშინგტონი და მას ღიად დაუჭირა მხარი 5 ივლისს თბილისში მყოფმა ჰილარი კლინტონმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ის დარწმუნებულია, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ისედაც დევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში, რომ პრობლემას რუსეთის მიერ ამ შეთანხმების ვალდებულებათა შესრულება მოხსნიდა და რომ ახალი დოკუმენტის მიღება "აუცილებელი არ არის". ამ პოზიციის გადასინჯვა, მისი თქმით და თბილისის პოზიციითაც, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. "შეერთებული შტატები თვლის" - აცხადებს კლინტონი, - "რომ სხვა ასეთი შეთანხმება, შესაძლოა, პოზიტიური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი იქნება მისი ნაწილი, დოკუმენტში ყველა მხარის ინტერესები იქნება ასახული, შემოგვთავაზებს განხორციელების მექანიზმებს და თავს აარიდებს სტატუსის საკითხების პოლიტიზებას."
სხვა ასეთი შეთანხმება, შესაძლოა, პოზიტიური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი იქნება მისი ნაწილი.

ჰილარი კლინტონის მიერ 5 ივლისს გამოხატული ეს პოზიცია არ გაჰკვირვებიათ თბილისში, სადაც კარგად იცნობენ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ მსგავსი შინაარსის განცხადებას. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მაინც ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფო მდივნის დეტალურ ანალიზზე. ბოკერიას თქმით, "სახელმწიფო მდივანმა ძალიან მკაფიოდ და საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ბრიფინგზე, ბევრისთვის მოულოდნელად დეტალურადაც კი... რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ძალიან აქტიურ და საფუძვლიან ჩართულობას ამ პროცესში, ისევე როგორც ყველა იმ საკითხში, რაც უკავშირდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემატიკას, დეოკუპაციას და ასე შემდეგ. ეს ამის ნიშანია. სახელმწიფო მდივნის მიერ ნათქვამი სრულად გამოხატავს იმ ხედვას, რომელიც ამ ორ პარტნიორ ქვეყანას - საქართველოსა და შეერთებულ შტატებს - აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით."

გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს სინქრონული შანტაჟი არ გაუვათ, საერთაშორისო საზოგადოება მათ პოზიციის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნებს და მხარეები მალე დაუბრუნდებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა სარბიელს. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, პროგნოზების გაკეთება ნაადრევია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG