Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის მნიშვნელოვანი ჯაშუშების ამბავი?


რუსეთის და აშშ-ის თვითმფრინავები რომელთა მეშვეობით ვენის აეროპორტში „ჯაშუშების გაცვლის“ ოპერაცია ჩაატარეს
რუსეთის და აშშ-ის თვითმფრინავები რომელთა მეშვეობით ვენის აეროპორტში „ჯაშუშების გაცვლის“ ოპერაცია ჩაატარეს
უხილავი მელანი, ინტერნეტში განთავსებულ სურათებში დამალული ინსტრუქციები, წიგნის მაღაზიაში დადებული პორტატული კომპიუტერიდან გადაცემული გზავნილები - ამერიკაში მცხოვრები იმ 10 რუსის მიერ გამოყენებულმა ჯაშუშურმა ტექნოლოგიამ, რომლებმაც აღიარეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა, ბევრს ცივი ომი მოაგონა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების წინ წაწევას მსოფლიოში 80-იანი წლების მეთოდებით ცდილობს.

კაგებეს ყოფილი ოფიცერი, რომელიც სადაზვერვო ორგანოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ ჯაშუშებს - ოლდრიჩ ეიმსს და რობერტ ჰანსენს - ამუშავებდა, ამერიკაში დაკავებული რუსი ჯაშუშების ქმედებებს დაუჯერებლად აბსურდულს უწოდებს. „გეგონება საბავშვო ბაღს დაავალეს ჯაშუშობა. ეს ის სადაზვერვო სამსახური არ არის, მე რომ ვიცნობ“, - ამბობს ვიქტორ ჩერკაშინი. ამის მიუხედავად, თუ ამ სკანდალს მივაწერთ რუსეთის არაეფექტიან, ცივი ომის პერიოდის ქმედებებს, გამოგვრჩება გლობალური სურათი, ანუ ის ფაქტი, რომ მოსკოვი საკუთარ ინტერესებს ჭკვიანურად სწევს წინ, ოღონდ არა ჯაშუშობის, არამედ ბიზნესის მეშვეობით - ბიზნესისა, რომელიც ხშირად გამყარებულია ინდუსტრიული შპიონაჟით, გავლენის შეძენით და უჩუმარი გარიგებებით.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ვლადიმირ პუტინი მოვიდა, რუსეთმა, ენერგიის უდიდესმა ექსპორტიორმა მსოფლიოში, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ევროპის ენერგიის ბაზრის დაპყრობა. რუსეთმა ნაწილობრივ აღადგინა გავლენა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში, რომლებიც ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან. როგორ? „რუსული ენერგოკომპანიები თავიანთ ძველ, კომუნისტების დროინდელ კონტაქტებს იყენებენ“, - ამბობს ჩეხეთის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი მარტინ ბურსიკი.

ბევრი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ამაში საშიში არაფერია, რომ რუსეთის კომპანიები ისევე იქცევიან, როგორც მათი დასავლელი კოლეგები და ეს ჩვეულებრივი ინვესტიციები გახლავთ. თუმცა, რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების კომპანიებს შორის დიდი განსხვავებაა. დასავლური კომპანიები საკუთარი ინტერესების დასაცავად ლობირებენ, ხოლო რუსეთის სახელმწიფო და, ასევე, კერძო კომპანიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კრემლის საგარეო პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, არც ერთი დასავლური კომპანია არ დათანხმდებოდა, მილიარდობით დოლარი დაეკარგა და მომხმარებლისთვის მიწოდება შეეწყვიტა. არადა, რუსეთის "გაზპრომმა" სწორედ ეს გააკეთა, როდესაც მოსკოვმა ორჯერ შეუწყვიტა ბუნებრივი გაზის მიწოდება უკრაინას, რაც ძალიან ჰგავდა კიევის დასჯას პროდასავლური პოლიტიკისთვის.

თავისი გეგმის შესანიღბად კრემლი იყენებს კომპანიების მთელ ქსელს, რომლებიც ნომინალურად ევროპელების ხელშია, სინამდვილეში კი მათ მოსკოვი აკონტროლებს უჩუმრად შეტევისათის. ავიღოთ კომპანია "ვემექსი", რომელიც 2001 წელს დაარსდა რუსეთის გაზის გასაყიდად და დღეს ჩეხეთის საშინაო ბაზრის 12 პროცენტს აკონტროლებს. "ვემექსის" ვებსაიტიდან ვერ შეიტყობდით, მაგრამ ამ კომპანიას ჩეხური მხოლოდ სახელი აქვს. სინამდვილეში მას გაზპრომი აკონტროლებს სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით, რომლებიც შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრიაში არიან ბაზირებულნი. მათ შორისაა Centrex Europe Energy and Gas - კომპანია, რომელიც ევროპაში რუსეთის ენერგოშესყიდვებს ხელმძღვანელობს.

"ცენტრექსი" ავსტრიაშია რეგისტრირებული და, "გაზპრომის" ვებსაიტის მიხედვით, გაზპრომბანკის მიერაა დაარსებული, თუმცა, კომპანიის რეალური მფლობელის გაგება შეუძლებელია. ევროპის კომისიის ცნობით, "ცენტრექსი" ეკუთვნის კვიპროსში, გერმანიასა და ვენაში დაარსებულ ფირმებს, რომელთა მეწილეების ვინაობა უცნობია.

რისთვის იწუხებენ თავს კომპანიების რეალური მფლობელების დასამალად მაშინ, როდესაც უკვე დადასტურებულია, ან ისეა ცნობილი, რომ მათ "გაზპრომი" აკონტროლებს? "ვემექსი" მხოლოდ ერთ-ერთია კომპანიათა დიდი ნუსხიდან, რომლებიც "გაზპრომმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შექმნა ევროპულ ენერგეტიკაში წილის გასაზრდელად. რეალური მფლობელების შენიღბვით "გაზპრომი" მის ქმედებებს უფრო ადვილად მოსანელებელს ხდის ევროპელებისათვის, რომელთაც რუსული გავლენის ზრდის შიში აქვთ.

რუსეთის ენერგოექსპანსია მხოლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას არ ეხება. დასავლეთის ქვეყნებში მოსკოვი ოპერირებს უცხოური ენერგეტიკული კომპანიებისათვის მომგებიანი ხელშეკრულებების შეთავაზებით. შემდეგ ეს კომპანიები კრემლის დე ფაქტო ლობისტები ხდებიან თავიანთ ქვეყნებში.

ავიღოთ თუნდაც გერმანიის მაგალითი. მისი ენერგეტიკის 30 პროცენტი რუსეთის გაზზეა დამოკიდებული. 2005 წელს, როდესაც ანგელა მერკელი პრემიერ-მინისტრი გახდა, მას ხისტი პოზიცია ეკავა რუსეთის მიმართ, მოუწოდებდა ევროკავშირს, გამოემუშავებინათ ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ეს გეგმა ჩაიშალა, გერმანიის დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა.

2008 წელს კი, როდესაც ვაშინგტონი ცდილობდა, რომ უკრაინისა და საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ნატოს წევრობის გზაზე დაეყენებინა და ეს საკითხი რუსეთის განრისხებას იწვევდა, მერკელმა წარმატებით გაუწია წინააღმდეგობა ამერიკის გეგმას და ეს, მიუხედავადად რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრასთან დაკავშირებული საერთაშორისო აღშფოთებისა. ამავე დროს გერმანიამ დაბლოკა ევროკავშირის შეთავაზებული რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუშლიდა უცხოურ კომპანიებს ევროპული ენერგოკომპანიების შეძენაში - ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლიდა გაზპრომს გაფართოებულიყო დასავლეთ ევროპაში.

რუსეთისთვის, რომელიც ნავთობისა და გაზის ექსპორტზეა დამოკიდებული, კომერციული ენერგეტიკის ინტერესები და პოლიტიკური ძალაუფლება ერთია. 2008 წელს "გაზპრომი" დათანხმდა, მთლიანად შეეძინა სერბიის ენერგეტიკული ინდუსტრია სწორედ მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ითხოვდა მოსკოვის მხარდაჭერას არჩევნების წინ. წელს უკრაინამ ზურგი შეაქცია "ნარინჯისფერ რევოლუციას" და მხარი დაუჭირა აშკარად პრორუსულ პრეზიდენტს, 30-პროცენტიანი ფასდაკლება მიიღო გაზზე სევასტოპოლის პორტის იჯარის ვადის გაგრძელების სანაცვლოდ.

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებზე რუსეთს მსგავსი გავლენა არა აქვს, მაგრამ მოსკოვმა უკვე დაიქირავა უკიდურესად გავლენიანი ლობისტები, მათ შორის ორი ყოფილი სახელმწიფო მდივანი - ჰენრი კისინჯერი და ჯეიმს ბეიკერი, რომლებიც "გაზპრომისა" და "ტრანსნეფტის" კონსულტანტები არიან. „ისინი არ ჯაშუშობენ. ისინი სრულიად ლეგალურად ქმნიან ამერიკის საგარეო პოლიტიკას“, - ამბობს პოლიტიკის ექსპერტი ანდრეი პოინტკოვსკი და სვამს კითხვას: „მაშ რაში სჭირდება კრემლს 10 სუპერჯაშუშის დანერგვა მაშინ, როდესაც იმავე ინფორმაცისა მოსკოვში მჯდომი ნებისმიერი კომპეტენტური ჟურნალისტი შეაგროვებს?“

შესაძლოა, ეს გაცილებით უფრო გრძელვადიანი პროექტის ჩანასახი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არაკომპეტენტური ჯაშუშების უგერგილობამ არ უნდა დაგვავიწყოს - რუსეთის სადაზვერვო სამსახური, შესაძლოა, კვლავ ცივ ომში იყოს ჩარჩენილი, მაგრამ, ამავე დროს, რუსეთი სხვა ფრონტზე ძლიერდებოდეს და ქმნიდეს გავლენის ეფექტიან ქსელს, რომლის მოცულობაც ბევრად სცილდება მის საზღვრებს.
XS
SM
MD
LG