რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელი იდენტიფიცირებულია და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მედვედევმა ამ შინარსის განცხადება დღეს ქალაქ ეკატერინბურგში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. „ჯერ ერთი, არასწორია იმის თქმა, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს. გამოძიება მთელი ძალით მიმდინარეობს. მეორე: ასეთი საქმეების დროს სწრაფი შედეგები არასოდეს არის ხოლმე, თუ დამნაშავეს მაშინვე არ ჩაავლეს ხელი. მესამე: ზუსტად არის დადგენილი მკვლელობის შემსრულებლის, „კილერის“ ვინაობა. მეოთხე: მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. დაბოლოს, მეხუთე: ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს არა მარტო შემსრულებლის, რომელზეც უკვე ძებნა გამოცხადდა, არამედ ამ მძიმე დანაშაულის დამკვეთის ვინაობაც“. დღეს ერთი წელი შესრულდა ესტემიროვას - რუსეთში წამყვან უფლებადამცავ ორგანიზაცია „მემორიალის“ აქტივისტის -მკვლელობიდან. ესტემიროვა მოკლული იპოვეს ინგუშეთში რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ის ჩეჩნეთში მოიტაცეს. გამომძიებლებს მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთადერთი პირი ჰყავთ დასახელებული - ჩეჩენი ექსტრემისტი, რომელიც რამდენიმე თვეში მოკლეს რუსეთის უშიშროების ძალებმა.
ყველაზე პოპულარული
1