Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდირებული ცნობიერება და ტოტალიტარიზმი


ქართული სახელმწიფოებრიობის ოფიციალურ სიმბოლიზმს კიდევ ორი ახალი სიმბოლო შეემატა, პარლამენტის ერთსულოვანი ხელდასხმით. ამიერიდან 25 თებერვალს ოკუპაციის დღე აღინიშნება - ამ დღეს 1921 წელს საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა დასრულდა. 23 აგვისტოს კი ამიერიდან საქართველო ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს.

დილით ჩამეძინა, სამსახურში დამაგვიანდა, კრება უჩემოდ შედგა. ჩემი თემა პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებაა: 25 თებერვალი - ოკუპაციის დღე და 23 აგვისტო - ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღე. დავიწყე ინტერნეტით. მაინტერესებს, რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით იმაზე მეტი, რაც უკვე დაიწერა და გამოქვეყნდა. დღე, ალბათ, დასვენების იქნება და დროშებსაც დაუშვებენ, პარლამენტი ხალხს სახალხო ზეიმებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მივადექი წითელ ფერებში გადაწყვეტილ ვებგვერდს, რომელიც ვერაგი მტრის შესახებ გვამცნობს. ოკუპაციის მუზეუმი გამახსენდა: მოდი, გავაკეთებ პატარა რეპორტაჟს ოკუპაციის მუზეუმიდან. დავრეკე.

- არა, ბატონო, მოქალაქეებისთვის დაკეტილია. ჩვენთან მიმდინარეობს სამუშაოები და შეიძლება ახალი წლიდან…
- და უცხოელი სტუმრებისთვის?
- არც უცხოელი სტუმრებისთვის. თუ ეს არ არის სამთავრობო დელეგაცია, ვერ ვაღებთ და ვერ ვუშვებთ.

სამთავრობო დელეგაციაში მოხვედრის შანსი დღეს, ალბათ, ნაკლები მაქვს. ისევ ინტერნეტს მივუჯექი. მოვუსმინე მთლიან ჩანაწერს გუშინდელი პარლამენტის დადგენილებისა. ბევრია პატრიოტული ლოზუნგი და ხმამაღალი განცხადება - ეტყობა, ნამყოფები არიან ოკუპაციის მუზეუმში. დავით დარჩიაშვილმა სცადა არა მარტო გაბრაზებულ, ნიშნის მომგებ ტონში საუბარი, არამედ უფრო რაციონალიზაცია ამ სიმბოლიზმისა:

„ეს არი ფორმა, კოდები, სიმბოლოები, რომ მუდმივად ვიცოდეთ, რისთვის არის სახელმწიფო, რა სიმბოლოების გარშემო ვერთიანდებით ჩვენ.“

სიმბოლო, მოძრაობის ნიშნები... თუმცა მაინც ვერ გავიგე რაზე გავაკეთო მასალა. ავიღე ჩემი ჩამწერი დიქტოფონი და ჩავედი რუსთაველზე. კითხვის ფორმულირება ლიფტში მოვახდინე. ჰო, უბრალოდ ვიკითხავ, რა არის თქვენთვის 25 თებერვალი. ერთ-ერთ სიმბოლოზე შევჩერდი. მეორე კარგად ვერ გავიგე. უფრო სწორად, 23 აგვისტოს, როგორც მივხვდი, მწვანე დასავლეთში აუნთეს... აი, 25 თებერვალი… მოკლედ, ჰო, ანუ ვკითხულობ:

- 25 თებერვალი თქვენთვის რას ნიშნავს?
- არ ვიცი.
- რამეს გახსენებთ?
- ნაღდად, არ მახსენებს.
- წითელი არმიის დღე იყო ადრე, მგონი.
- ჩემი აზრით, ჩვეულებრივი რიცხვია.
- არ ვიცი, რა ხდება 25 თებერვალს. 21-ში ჩემი დაბადების დღეა და, ალბათ, მეოთხე დღე ჩემი დაბადების დღის.

საინტერესო სიმბოლოა, თუმცა სახელმწიფოებრიობის ჭრილში ეს პასუხი რამდენად გამოდგება...

- 25 თებერვალი ჩემთვის უბედურების დღეა, გასაბჭოების. წითელი არმიის 23 თებერვალია, 25 - გასაბჭოების, საქართველოს დაქცევის ერთი პერიოდი.

საშუალო ასაკის თეთრწვერა მამაკაცს მადლობა გადავუხადე პასუხისთვის, თუმცა ძებნა განვაგრძე.

- ეს არ არის ოკუპაცია, ეს განთავისუფლებაა…

ოჰო, ნეტა ამ კაცის აზრი თუ ტრიალებდა გუშინდელ ერთსულოვან პარლამენტში... არ ვიცი, გამომსვლელებს არაფერი ეტყობოდათ. ცოტა დავიბენი. არა, საინტერესოა. უფრო სწორად, დავფიქრდი, რამდენად რეალურად გააზრებული გვაქვს ცვლილებები, რომლებსაც ხშირად ფორმის დონეზე მივდევთ. თავში დავით დარჩიაშვილის სიტყვები მიტრიალებს გუშინდელი სხდომის ჩანაწერიდან:

„თუ ეს დაგვავიწყდება, მაშინ გვავიწყდება რა ღირებულებების გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, რისთვის გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობა, რომელიც თვითმიზანი არ არის, რომელიც გარკვეული ღირებულებების კოლექტიური სამსახურია.“

კოლექტიური სამსახური, ანუ კოლექტიურად უნდა ვემსახუროთ, თუმცა რამდენად შევთანხმდით ფუნდამენტზე, ღირებულებებზე? არ ვიცი. მუზეუმიც ვერ ვნახე, თან უკვე გადავაჭარბე ჩემი მასალის დროით ლიმიტს. ჰოდა, ამჯერად აქ დავასრულოთ.
XS
SM
MD
LG