Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი


18 ივლისი, კვირა
მამაჩემის სახლში გავიღვიძე. გუშინ მოვედით მე და მანანა და დავრჩით. რამდენი ხანია, აქ არ მძინებია. ამ სახლში გავიზარდე, კუკიაზე. ახლა ზაფხულობით გადმოვდივართ ხოლმე მე და მანანა. ბავშვები აღარ მოგვყვებიან, მარტო ცხოვრება ურჩევნიათ.

სახლს ლამაზი ეზო აქვს, თუმცა ახლა მიშვებული და მოუვლელია. მაინც მგონია, რომ კურორტზე ვართ და, როგორც ნამდვილ „დამსვენებელს“, მწყინდება.

ოთახიდან გამოვედი და გაღიმებული მამაჩემის სახე დავინახე. უხარია, რომ აქ ვართ.

მერე მახსენდება, რომ დღიურები უნდა დავწერო.

დღიურები ერთ ანეგდოტს მახსენებს: კავკასიელი დღიურს წერს და ასე ამთავრებს: „Как я только мог заблудиться в собственном ауле?!“ ანეგდოტს აღარ მოგიყვებით - ისედაც ბევრმა იცის, ალბათ. მოკლედ, რას იზამ - პირობა პირობაა, და ვწერ.

კუკიაზე, მამაჩემთან ყოფნა იმიტომ მიყვარს, რომ საღამოობით სურათების ბეჭდვას ვახერხებ. და ეს მარტო ზაფხულობით ხდება. ეს მართლაც მაგიური პროცესია, რომელიც უკვე კვდება მთელ დედამიწაზე. და მიხარია, რომ კიდევ მაქვს ქაღალდი და წამალი, და შემიძლია, თავს ასეთი ფუფუნების უფლება მივცე.
თავისუფლების დღიურები - გურამ წიბახაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:01 0:00

19 ივლისი, ორშაბათი
დღევანდელი დღე გუშინდელს გადაება, მთელი ღამე ფოტოებს ვბეჭდავდი. მაგრად ვისიამვნე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის იყო. ასეთი რამ დღეს არავის აღარ სჭირდება კოლექციონერების გარდა.

გამამხნევებელი ვარჯიშის მაგივრად - გამამხნევებელი ყავა... და წავედი სტუდიაში!

ორი დღის წინ ჩამოვფრინდი არლის ფოტოფესტივალიდან. იქიდან რაღაც კუდები გამომყვა გადასაგზავნი. ეს კუდები უნდა მივალაგ-მოვალაგო და მერე, კაცმა რომ თქვას, ხვალამდე თავისუფალი ვარ. სტუდიის მერე ქალაქში მინდა გავიარო. მონატრებული ვარ. ავტობუსში გიორგი ლობჟანიძე და ლიკა მამაცაშვილი მხვდებიან. გიორგის შვებულებაზე ვეკითხები. მეუბნება, ხვალ მივდივარ სოფელშიო. ისიც მითხრა, რომ სოფელში აღარავინ არის და კარი გამოკეტილი აქვთ.

მიხარია, რომ გიორგი შემხვდა და არა ვინმე სხვა. ასეთი კარგი ადამიანები რომ არსებობენ, ქვეყანაც არსებობს.

ლიკამ გამოფენაზე დამპატიჟა პარასკევისთვის.

საღამოს ისევ კუკია. ისევ ფოტოები და ბეჭდვა.

20 ივლისი, სამშაბათი
დღეს, შუადღისას, ყვარელში უნდა წავიდე. ყვარლის ტბაზე სასტუმროს გახსნა უნდა გადავიღო. მანამდე ვასწრებ და ოლეგთან ჩავდივარ, ტიმჩენკოსთან. ოლეგის გამოფენა უნდა დავგეგმოთ ბაქოში და ბიუჯეტია დასაწერი. მიყვარს მაგათთან სტუმრობა. ახალ ნამუშევრებს ვნახულობ.

ბევრი კარგი ფოტო მაქვს ოლეგთან სახლში გადაღებული. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბებიამისი და მამამისი ცოცხლები იყვნენ. მარტო ოლეგზე ერთი კარგი წიგნის გაკეთება შეიძლება.

შუადღისას უკვე ავტობუსში ვზივარ და ყვარლისკენ მივდივარ. ავტობუსში გივი გაჩეჩილაძის „ბიგ ბენდთან“ ერთად მოვხვდი. მათგან ნახევარი ნაცნობია, ნახევარი - უცნობი. ძალიან მაგრები არიან! მხიარულად ვიმგზავრეთ.

ყვარელში აღმოჩნდა, რომ სასტუმროს გახსნის გარდა, მინისტრთა კაბინეტის სხდომაც არის. ისიც გადავიღე, ესეც გადავიღე და კარგ ვახშამსაც გეახელით.

უკან უბენდოდ დავბრუნდი, მგრამ არანაკლებ სასიამოვნო კომპანიაში.

ღამე სტუდიაში გავათენე (ისევ ღამე მიწევს მუშაობა). ის, რაც გადავიღე, უნდა ჩავწერო და გიგას დავუტოვო, რომ შემკვეთებს გადასცეს. მე ვერ მოვასწრებ, დილას ქუთაისში მივდივარ.

21 ივლისი, ოთხშაბათი
დილას - „მარშრუტკით“, ქუთაისისკენ...

იქ მეოთხე წელია, ჟიურის თავმჯდომარე ვარ ფოტოკონკურსზე, რომელსაც ქუთაისელი ფოტოგრაფის, ილოს სახელი ჰქვია. გზაში მძინავს, იმიტომ რომ ღამე არ მეძინა. ჩავდივარ, პირდაპირ ვხვდები ჟიურის სხვა წვერებს და სურათებს ვათვალიერებთ.

ასე მირჩევნია: ჯერ ვიმუშავო და მერე - დავისვენო.

ჟიურის შეკრების შემდეგ მშვენიერ შინაურ სასტუმროში მომათავსეს. ზემოდან დაჰყურებს ქუთაისს და ულამაზესი ხედი იშლება გადასაღებად. ცოტას ვისვენებ, ნომერიც მომწონს. ნახევრად სასტუმროა და ნახევრად - სახლი. ჩემს ოთახში უცნაური, ვარდისფერი ხავერდის ცხოველია. სიამოვნებით ვამატებ ერთ ფოტოს ჩემი „პრაივიტ მუზეუმისთვის“.

მერე საბოდიალოდ გავდივარ. კიდევ კარგი, ორგანიზატორებს ბევრი საქმე აქვთ და ჩემთვის არ სცალიათ. რაც მინდა, იმას ვაკეთებ. ქუთაისის ბაზართან მიყვარს გადაღება. ერთი დიდი შამუტის პანოა ბაზრის შესავლელთან. ზედ ყველაფერია გამოსახული ქიმერებით დაწყებული, ცნობილი ადამიანებით დამთავრებული. წინ კი უზარმაზარი ბაზრობაა, ყველაფერი იყიდება: პომიდვრით დაწყებული, „კოლგოტკებამდე“. სურათს რომ იღებ, წინა და უკანა პლანი ისე ირევა ერთმანეთში, რომ ვეღარ გაიგებ, რა არის რეალური და რა - წარმოსახვითი.

ქუჩაში, შემთხვევით, მაგდა მხვდება, ქუთაისელი დიზანიერი. შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან და მის დასთან, სალომესთან, სახლში მივალ. 7-ზე ვიძინებ...

22 ივლისი, ხუთშაბათი
წუხელ ადრე დავიძინე და ადრე გამეღვიძა. ამდენი, მგონი, არ მიძინია. ხანდახან მენანება ძილში დაკარგული დრო. სიზმრებს მაინც ვხედავდე...

დილას, საუზმის მერე, წავედი მაგდასთან. გაგანია სამზადისში არიან. 10 აგვისტოს ჩვენებას აპირებენ ქუთაისის ცენტრში, თეთრ ხიდთან. ერთობლივ რაღაცებზე კიდეც შევთანხმდით და, ამასობაში, ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების დროც მოვიდა.

ქუთაისის მეორე მუსიკალურ სკოლაში, სადაც დაჯილდოების ცერემონია ტარდება, ყოველ მეორე კედელზე ფალიაშვილის პორტრეტი კიდია.

დაჯილდოებამ კარგად ჩაიარა. ეს ცერემონია ყოველთვის მოსაწყენია ხოლმე ჩემთვის, მაგრამ დღეს როიალზე ტყუპი დები -სულხანიშვილები - უკრავდნენ და მათ ფონზე ყველაფერი სულ სხვაგვარი ჩანდა. ტყუპები საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. რომ ვუყურებდი, დაიან არბუსის ტყუპების ფოტო მახსენდებოდა, მერე კიდეც ვთხოვე, და კიდევ ერთი პლაგიატიც გავაკეთე.

მერე, რა თქმა უნდა, ვიქეიფეთ... გიზო თავაძე ისევე კარგად უძღვებოდა სუფრას, როგორც დაჯილდოების ცერემონიას.

მერე ბაბუა ალუდაურის სიძის მანქანით ისევ ღამის 2 საათზე ვბრუნდები თბილისში. და მერე - ძილი.

ძლივს ვნახე ჩემი ცოლი წესიერად...

23 ივლისი, პარასკევი
დილას მანანა წნორში წავიდა. დებსა აქვთ „სამთა თათბირი“. მე სტუდიაში წამოვედი, დღეს ქარვასლაში ის გამოფენაა, ლიკა მამაცაშვილმა რომ დამპატიჟა. რუსი ფოტოგრაფის ვიქტორია ივლევას გამოფენა „ომის აპოთეოზი“.

დილას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან გამოფენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დამადგა. ჩემს გადაღებულ სურათებს ვარჩევდით გამოფენისთვის. კარგი გამოფენა უნდა გამოვიდეს. შვიდმა ავტორმა ხელნაწერები გადაიღო ისე, როგორც მათ უნდოდათ და არა ისე, როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

მერე წავედი გამოფენაზე, რომელიც ყოფილი საგზაო დეპარტამენტის შენობაში პოლონელმა კურატორმა გააკეთა. საინტერესო გამოფენა იყო.

საღამოს სახელოსნოში ნიკო ცეცხლაძე და კომპანია მესტუმრნენ. სახლში არ მეჩქარება - მანანა ხვალ ჩამოდის. კიდევ კარგი, გუშინ მაინც ვნახე!

ვხვდები, რომ ისევ ძალიან გვიანია. ვიძინებ.

24 ივლისი, შაბათი
მანანა არ არის. ბავშვებმა, ფაქტობრივად, დილას დაიძინეს. რაღა ბავშვები არიან?!.. ლადო 20 წლის არის, მარიამი - 22-ის. გიგაზე აღარც ვლაპარაკობ: ცოლიანი კაცია და ცალკე ცხოვრობს.

მოკლედ, ამ ორიდან არც ვიცი, დილით რომელი გავაღვიძო, კარი შიგნიდან არის ჩაკეტილი და გასაღები არ მაქვს.

მაროზე ვჩერდები, ადვილი გასაღვიძებელია. მოკლედ, როგორც იქნა გამოვძვერი სახლიდან.

მთელი შაბათი სტუდიაში ვარ. მილიონი საქმეა დაგროვილი. ასეა, ორ კვირას რომ „გაახალტურებ“, მერე გიწევს წერილების წერა, ფოტოების გზავნა, დისკებზე ჩაწერა, ასლების კეთება (დედანი თუ გაფუჭდა, იმ შემთხვევისთვის), ასლების ასლების კეთება და ასე შემდეგ...

სახლში მალე უნდა წავიდე. დღეს მანანა ჩამოდის, წესიერად მაინც შევჭამ საჭმელს. მოვკვდი შუადღისას ამ ძეხვების და პომიდვრების ჭამით.

კიდევ კარგი, ნუცუბიძეზე გრილა მაინც. ჩემი სტუდია ვაკეშია და აუტანლად ცხელა.

მგონი, მორჩა! დავალებაც შევასრულე. და მგონი, არც დავკარგულვარ საკუთარ აულში.
XS
SM
MD
LG