Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ კომახიძე: მივიღე თავშესაფარი და უფლება, განვაგრძო ჟურნალისტური მუშაობა


ვახტანგ კომახიძე, ჟურნალისტი
ვახტანგ კომახიძე, ჟურნალისტი
ქართველმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელიც თებერვლიდან შვეიცარიაში, დევნილთა ბანაკში, ცხოვრობს, 26 ივლისს შვეიცარიის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად მიიღო. რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში კომახიძემ დაადასტურა, რომ მიიღო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შვეიცარიაში დარჩენის უფლება აქვს. კომახიძე დარწმუნებულია, რომ ასევე მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე აგვისტოს ომის შესახებ, რომლის მასალებიც მან ცხინვალში 2009 წლის დეკემბერში მოიძია.

სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ამბობს, რომ შვეიცარიის მთავრობისგან ოფიციალური დოკუმენტი ორშაბათს მიიღო და დეტალურად ჯერ არ გასცნობია მისთვის მინიჭებულ უფლებათა ჩამონათვალს. თუმცა დევნილობაში მყოფი ჟურნალისტი ამბობს, რომ მან მიიღო მთავარი - პოლიტიკური თავშესაფარი, რისი ასე სწრაფად მიღების იმედი თავდაპირველად არც ჰქონია.

„თავისუფალი გადაადგილების უფლება უკვე მაქვს. დეტალებში ვგულისხმობ იმას, თუ ოჯახის საკითხი როგორ გადაწყდება, სამსახურის საკითხი როგორ გადაწყდება. ამას ოფიციალურად ვნახავ. ეს, ალბათ, რაღაცნაირად ფორმალიზებული იქნება და ამის ნახვა მინდა. თუმცა ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ მექნება ცხოვრების და მუშაობის უფლება. და მაქვს გარკვეული მონაცემები იმის შესახებ, რომ შევძლებ სტუდიის საქმიანობის გაგრძელებას.“

მუშაობის გაგრძელებას კი ვახტანგ კომახიძე აპირებს ფილმზე, რომელიც აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება. ამ ფილმისათვის ვიზუალური მასალის მოსაძებნად ვახტანგ კომახიძე ოსური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გასული წლის დეკემბერში ცხინვალში ჩავიდა და იქ ორი დღე დარჩა. ვახტანგ კომახიძე ამბობს, რომ სწორედ ცხინვალში ჩასვლის შემდეგ გაძლიერდა მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა, იყო აშკარა მუქარა, რის გამოც კერძო ვიზიტით ჟენევაში მყოფმა ჟურნალისტმა შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ვახტანგ კომახიძე ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, რამაც იგი და მისი ოჯახის წევრები მოსალოდნელ მძიმე შედეგებს ააცილა:

„მე მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, კი. მით უმეტეს, ახლა, როდესაც გამოიკვეთა იმის კონტურები, რომ შევძლებ საქმიანობის გაგრძელებას. საქართველოში აბსოლუტურად რეალური საფრთხის ქვეშ იყო არა მხოლოდ ჩემი საქმიანობა, არამედ, უპირველესად, სიცოცხლეც კი. ერთადერთი გარანტია იყო ის, რომ ეს იყო გახმაურებული, იცოდა ყველამ და ერთადერთი გარანტია იყო, რომ არ უნდა გაებედათ ოჯახის წინააღმდეგ რამის გაკეთება. ეს იყო რაღაც გარანტია, თუმცა არასრულფასოვანი, მაგრამ რაღაც გარანტია იყო.“

ვახტანგ კომახიძე დარწმუნებულია, რომ შვეიცარიის მთავრობის მიერ მისთვის მინიჭებული სტატუსი მას შესაძლებლობას მისცემს უახლოეს ხანებში საქართველოდან ჩაიყვანოს მეუღლე და შვილები. სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე საგამოძიებო ჟურნალისტის სფეროში მუშაობს და იგი ავტორია რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა, რომელიც საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ისტორიას ეძღვნება. მათ შორის არის ფილმი „ტყვიის გარეშე“, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG