Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის კატასტროფაზე დიდი გაჟონვა?!


ვებგვერდ „უიკილიკსის“ მიერ დასავლეთის უმთავრესი მედიისთვის ავღანეთის ომის შესახებ გადაცემული ინფორმაცია ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქციას იწვევს. ერთი მხრივ, არაერთი ადამიანი იქ ადრეც იყო შეფიქრიანებული ომის გამო და ახლა ამ ამბავმა ილუზია კიდევ უფრო მეტად დაამსხვრია. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც „უიკილიკსს“ აკრიტიკებს. და ამაზე იყო, რომ ერთი გაზეთის მკითხველმა ირონიულად თქვა, ეს უფრო დიდი გაჟონვაა, ვიდრე მექსიკის ყურეში ნავთობის კატასტროფაო.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რობერტ გიბსმა, ძალიან ფრთხილად შეარჩია სიტყვები, როცა პრეზიდენტ ობამას რეაქციაზე ჰკითხეს. გიბსის აზრით, 90 ათასი საიდუმლო დოკუმენტის მედიისთვის გადაცემა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. მანვე დაამატა: ვფიქრობ, სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ საგანგაშოა ვებსაიტზე მათი გამოქვეყნებაო. მისმა კოლეგამ, ფილიპ კროულიმ კი, თქვა, სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი და თავდაცვის სამინისტრო გმობენ „უიკილიკსის“ მიერ საიდუმლო მასალის გამოქვეყნებასო:

„ფაქტი, რომ ბევრ შემთხვევაში დოკუმენტები რამდენიმე წლის წინანდელია, არ ცვლის ჩვენს შეშფოთებას იმის გამო, რომ ეს ქმედება ჩვენი სახელმწიფო უშიშროებას საფრთხეს უქმნის.“

საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტებს, ავღანეთის ომის მონაწილე ოფიცრების ჩანაწერებს, სადაც ავღანეთის მოქალაქეების გაუხმაურებელ დახოცვაზე, პაკისტანის უშიშროების სამსახურის თალიბანთან კავშირებსა და სხვა საიდუმლო თემებზეა ლაპარაკი.საზოგადოება არ დუმს ამ დრამატულ მომენტში - ავღანეთის ომით კმაყოფილება და რწმენა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ამ ომში წარმატებული იქნებოდა, ადრეც არ ყოფილა მყარი. ახლა გავრცელებული ინფორმაცია ილუზიას, თუკი ასეთი არსებოდა, კიდევ უფრო მეტად აქარწყლებს. ინტერნეტის ეპოქაში აზრის გამოთქმისა აღარავის ერიდება და აღარავინ უფრთხის. ასე იყო „უიკილიკსის“ მასალების გამოქვეყნების შემდეგ. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ვებგვერდზე (ეს გაზეთი ერთ-ერთი იყო, რომელმაც დოკუმენტები გამოაქვეყნა „უიკილიკსის“ შემწეობით) ერთ-ერთი კომენტატორი წერდა: ახალი არაფერია. თუკი თვალყური მიგიდევნებიათ ავღანეთის ომგადახდილი უამრავი ჯარისკაცის ბლოგებისთვის, გეცოდინებათ, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია“. თეთრი სახლის წარმომადგენელი, გიბსი, ჟურნალისტებთან საუბარში გამოცხადებული ინფორმაციის პირველ ნაწილს დაეთანხმა:

„მე არ მიმაჩნია, რომ რაზეც იუწყებიან, თქვენ, ჟურნალისტებს, ან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს, არაერთი ფორმით არ განგეხილოთ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე.“

მაგრამ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ წერილის დამწერი, სხვა საჯარო კომენტატორებთან ერთად, ამჟამად გავრცელებულ ინფორმაციას ომში აშშ-ის მონაწილეობის მიმართ მათი სკეპტიციზმის დასტურად თვლის. 13 ივლისს მოაწყო „გალუპმა“, კვლევითმა ცენტრმა, გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, ამერიკელთა 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ომი ავღანეთში აშშ-ისთვის სასიკეთოდ არ მიმდინარეობს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ერთი მკითხველის თანახმად, „გავრცელებული ინფორმაცია მცდელობაა იმის ჩვენებისა, რომ ეს სახელმწიფო სრულიად და ფართოდ ფლანგავს ადამიანების სიცოცხლეს, გადასახადებიდან შემოსულ ფულს, ისევე როგორც მორალურ ავტორიტეტს ავღანეთში ოკუპაციით, რაც ისევე დასრულდება, როგორც საბჭოთა ოკუპაცია, იმის მიუხედავად, რომელი გენერალი უმეთაურებს ჯარს.“

გაზეთები და ჟურნალები აშშ-ში, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ომის „შავბნელ“ სურათს ხატავენ. „ლოს ანჯელეს ტაიმსის“ ერთი მკითხველი წერდა: რომ მცოდნოდა, ეს ომი ასე დაუსრულებლად გაგრძელდებოდა, (2008 წლის არჩევნებში) ჯონ მაკკეინს მივცემდი ხმასო. არის სხვა მოსაზრებებიც. ზოგიერთი „უიკილიკსის“ დამფუძნებელს, ჯულიან ასანჯს, „მოღალატედ“ მიიჩნევს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შეიქმნა გვერდი, სახელწოდებით „გამოთიშე „უიკილიკსი“. მისი შემქმნელი - ის თავის თავს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წევრად ასაღებს - წერს:

„‘უიკილიკი’ სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობს და ახლა ზიანს აყენებს მათ, ვინც მისთვის იბრძვის“. ამავე დროს, უზარმაზარია იმავე „ფეისბუკში“ „უიკილიკსის“ მომხრეთა არმია - მათი რიცხვი 60 ათასს აღწევს.

აშშ-ის არმიის ყოფილი წევრი, დევიდ სტრიკო, არ მოელის, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეცვლის ომის შესახებ საზოგადოებრივ აზრს:

„არა მგონია, ისინი, ვინც ომის წინააღმდეგი იყო და ახლა უკეთაა აღჭურვილი, მისი წინააღმდეგნი არ დარჩნენ. ისინი, ვინც ომს ემხრობოდა, ვისაც არ სურს ამერიკის კრიტიკა, ახლა ცდილობენ არ შეიმჩნიონ. არა მგონია, ამან რამე შეცვალოს.“

სტრეკო აღიარებს, რომ თუკი ეს ასე დარჩა, მართლაც, იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ავღანეთში სამხედრო კამპანიას, უმრავლესობაში იქნებიან კვლავ. ამ ეტაპზე ბევრი მკითხველი და ბლოგერი მოელის, რომ „უიკილიკსმა“ უნდა გამოაქვეყნოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ვებსაიტს აქვს და რომელიც მუშავდება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გავლენიანი თავმჯდომარე, ჯონ კერი, პირველი იყო კონგრესში, ვინც გამოაქვეყნა თავისი რეაქცია, მიმართული ადმინისტრაციისკენ: „რამდენად უკანონოც უნდა იყოს ამ დოკუმენტების გამოქვეყნება, ის სერიოზულ შეკითხვას სვამს პაკისტანის და ავღანეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის რეალურობის თაობაზე. ეს პოლიტიკა ახლა კრიტიკულ ფაზაშია და ამ დოკუმენტებს შეუძლია განსაზღვროს საფრთხე და სწორი პოლიტიკის საჭიროება გამოავლინოს, ფიქრობს კერი.

ამ სიტყვებს პრეზიდენტ ობამასთვის შეიძლება პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. მას მზარდი კრიტიკის მოსმენა უწევდა ომის საქმეში სტაგნაციის გამო. აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთში სტრატეგიის გადახედვას დეკემბრისთვის აპირებდა. პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა კერის კომენტარი იმის მომასწავებლად მიიჩნიეს, რომ გამოქვეყნებული მასალების გარშემო მოსმენები გაიმართება. მათი ვარაუდით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თეთრმა სახლმა, კერის ნათქვამის გამო, აღწერილი გაუხმაურებელი ფაქტები პირდაპირ განმარტოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG