Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია მობილური კავშირის გაიაფება?


კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მობილური კავშირგაბმულობის ტარიფების შემცირებას ელის. 1 აგვისტოდან მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა, რაც აქამდე მოქმედ ტარიფთან -14,8 თეთრთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია. ამ ტარიფის შემცირება პირდაპირ კავშირშია სხვა ოპერატორზე განხორციელებული ზარის საფასურთან, მაგრამ შეამცირებენ თუ არა ტარიფებს, ეს თავად ოპერატორების გადასაწყვეტია, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელ კომისიას უფლება არ აქვს რომელიმე ოპერატორს ტარიფის დაწევა აიძულოს.

თუმცა, როგორც ირკვევა, მობილური ოპერატორები ამ ეტაპზე ტარიფების დაწევას არ გეგმავენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ ახალი საგადასახადო კოდექსისი მიხედვით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურება ფიქსირებული 10%-ით დაიბეგრება. ამ საკითხზე მთავრობას და პარლამენტს შორის პოზიციები საბოლოოდ შეჯერდა და მეორე მოსმენით მიღებულ საგადასადაო კოდექსის პროექტში უკვე აისახა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პირვანდელი ვარიანტით, კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურებისთვის განაკვეთი 10%–იანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, მთავრობას უნდა დაედგინა. თუმცა, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ზღვრული განაკვეთი ფიქსირებული იქნება და კანონით დადგინდება. აქციზი კი დასაბეგრი ოპერაციის 10% იქნება. ამასთან, მთავრობას უფლება ექნება ცალკეულ პერიოდში ზღვრული ოდენობის ფარგლებში აქციზის განსხვავებული განაკვეთი დაადგინოს.

შესაბამისად, კომპანიებში ტარიფის კიდევ უფრო შემცირება ამ ეტაპზე არ განიხილება. ამასთან, კომპანიებში განმარტავენ, რომ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღებენ.
XS
SM
MD
LG