Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელსინკის დეკლარაცია 35 წლისაა - რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ დოკუმენტს?


ჰელსინკის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია, 1975 წლის აგვისტო
ჰელსინკის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია, 1975 წლის აგვისტო
ჰელსინკის დეკლარაციას 1975 წლის 1 აგვისტოს 35-მა სახელწიფომ მოაწერა ხელი - მათ შორის, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა.

ეს ისტორიული აქტი თავდაპირველად განიხილებოდა როგორც საბჭოთა კავშირის დიპლომატიური გამარჯვება. მართლაც, მისი ინიციატორები სწორედ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები გახლდნენ, რომლებიც მსგავსი დოკუმენტის შექმნის ინიციატივით პირველად ჯერ კიდევ 1965 წელს გამოვიდნენ.

ჰელსინკის დეკლარაციით მსოფლიომ ერთგვარად ცნო ევროპის დაყოფა დასავლურ და საბჭოთა გავლენის სფეროებად. ამ დოკუმენტის მიხედვით, მისი ხელმომწერნი ცნობდნენ ევროპას ისეთს, როგორიც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო, რაც თავისთავად ნიშნავდა საბჭოთა კავშირის კონტროლს ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის რესპუბლიკებზე, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა დოკუმენტის ხელმოწერამდე ხაზგასმით განაცხადა, რომ არ ცნობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანექსიას.

დასავლეთს სურდა ცივი ომის დაძაბულობის განმუხტვა. საბჭოთა კავშირს კი საზღვრების განმტკიცების გარდა, სხვა ინტერესებიც ჰქონდა. ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში ფრიდონ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს, დიდწილად, ეკონომიკას ეხებოდა.

დუბლინის ევროპის ინსტიტუტის დირექტორი დენიელ ტომასი, რომელიც, ამავე დროს, გახლავთ ავტორი წიგნისა ჰელსინკის დეკლარაციის ეფექტის შესახებ, ამბობს, რომ ლეონიდ ბრეჟნევი ბოლომდე კმაყოფილი ამ ხელშეკრულებით არ ყოფილა. მან ამ კონფერენციაზე მიიღო, რაც სურდა, მაგრამ, ამასთან ერთად, მიიღო ისეთი რამეებიც, რაც არ უნდოდა და რასაც არც ელოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოუწია მიეღო. იმედოვნებდა, რომ არავინ შეამჩნევდა ან ისარგებლებდა ამით, - ამბობს ტომასი.

აი, რა იყო ის, რაც ბრეჟნევს არ უნდოდა: ჰელსინკის აქტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების პრინციპები, იგივე „ჰელსინკის დეკალოგი“, 10 პუნქტს შეიცავდა: სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, ჩაურევლობა საშინაო საქმეებში და ასე შემდეგ. მეშვიდე პუნქტი კი განსაზღვრავდა ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვის, სინდისის და გადაადგილების თავისუფლებას. ამ მეშვიდე პუნქტის ეფექტზე ლაპარაკობს ფრიდონ საყვარელიძეც. ის ამბობს, რომ, ცხადია, საბჭოთა კავშირი, ადამიანის უფლებების მხრივ, არაფრის გამოსწორებას არ გეგმავდა, მაგრამ ჰელსკინის აქტის ხელმოწერას აღმოსავლეთ ბლოკში დისიდენტური მოძრაობების გააქტიურება მოჰყვა.

უკვე 1976 წლიდან, ჩეხოსლოვაკიიდან საქართველომდე - მთელ საბჭოთა ბლოკში - ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდა დისიდენტური ორგანიზაციები, რომლებიც თავს სწორედ ჰელსინკის შეთანხმების ხელშემწყობ ორგანიზაციებს უწოდებდნენ. დენიელ ტომასი ამბობს, რომ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებასა და 15 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ის ამბობს, რომ კომუნიზმის დაცემა კომპლექსური მოვლენა იყო და არ შეიძლება მისი დაკავშირება მხოლოდ ერთ მიზეზთან. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მთავრობებმა აღიარეს, ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებელი საერთაშორისო განხილვის საგანიაო, საბჭოთა ბლოკში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას დაეხმარა. ტომასის აზრით, სწორედ ამან შეცვალა დროთა განმავლობაში აღმოსავლეთის ბლოკში სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობა და საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთპარტიული მმართველობის დასრულებას შეუწყო ხელი.

არადა, კიდევ ერთხელ, 35 წლის წინ მიიჩნეოდა, რომ ჰელსინკის შეთანხმება საბჭოთა დიპლომატიის გამარჯვება გახლდათ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG