Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის “ანალიზი”, გულზე ყაყაჩოებით…


ომის შედეგები უნდა გავაანალიზოთო და გულზე ყაყაჩო მხოლოდ სიმბოლოაო, ამბობდა დავით საგანელიძე რამდენიმე დღის წინ, როცა აგვისტოს ომის სიმბოლო, წითელი ყაყაჩო, პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა საქართველოში გულზე პირველად მოირგეს. თუმცა რამდენად გავაანალიზეთ რეალურად ომის რაობა, ომისა, რომელიც მსოფლიო მასკულტურის წარმოებაში ჩაება, მასზე ფილმები გადაიღეს, ბევრი დაწერეს და ილაპარაკეს? ყველაფერს კი ფონად ხშირად პოლიტიკური ინტერესების კონტექსტი გაჰყვებოდა. თუმცა რამდენად განვიხილეთ ომი პოლიტიკის, სამშობლოს ინტერესების გარე სივრცეში, სადაც, უბრალოდ, ადამიანები იღუპებიან?

რთულია მსგავს თემას შეეჭიდო და ერთი მთლიანობა მოიცვა ისე, რომ არ გაგახსენდეს ჯარისკაცი, რომელიც აგვისტოს ომის დღეებში გაბრაზებული წერდა, ჩვენ როცა იქ ვიბომბებოდით, თბილისის ცენტრში ლელა წურწუმია მღეროდაო. რთულია ამ ყველაფრის მოხარშვა იმ პატრიოტული ლოზუნგების ფონზე, რომელიც განსაკუთრებით ამ დღეებში ქართველ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა გულზე დაბნეული წითელი ყაყაჩოებით და ჩაფიქრებული ინტერვიუებით განისაზღვრება. რთულია უსმინო ბავშვს, რომელსაც ზეიმის დღეს კომპიუტერით ასაჩუქრებენ, კომპიუტერით, რომელიც, ბავშვის თქმით, მისი ოცნება იყო, დედას კი მისი ყიდვა არ შეეძლო… უსმინო ბავშვს, რომელიც ამბობს, კარგია მამამ სამშობლოს რომ შესწირა თავი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ცოცხალი ყოფილიყოო. თუმცა ბავშვს ოცნება დღეს უკვე პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულმა ჩინოვნიკმა აუხდინა. რთულია მოხარშო ის უმძიმესი პირობები, რომელშიც ომის ინვალიდები და დაღუპულთა ოჯახები ხშირად ცხოვრობენ და ის ფული, რომელიც ქალაქის ცენტრში ომის სიმბოლოების მშენებლობაზე იხარჯება. ამის ერთად, ერთ იდეოლოგიურ კონტექსტში მოხარშვა ძალიან მიჭირს.

სწორედ ამიტომ შევეცდები, ეს ყველაფერი ცოტა ხნით გვერდზე გადავდო და ერთ საინტერესო სინდრომზე შევჩერდე, რომელსაც ვიეტნამის სინდრომი ჰქვია და რომელიც თანამედროვე ვირტუალურ მსოფლიო სივრცეში, ალბათ, ყველაზე პოპულარული იყო. ვიეტნამის ომს ვგულისხმობ და სინდრომს, რომელიც ასევე შეუსაბამობებზე აღმოცენდა; სინდრომს, რომლის ძალითაც მთელი თაობა პროტესტში ჩაება და ოფიციალური იდეოლოგია ეჭვის ქვეშ დააყენა. სინდრომის რაციონალიზაცია ოფიციალურ რიტორიკაში ერთ-ერთმა პირველმა რონალდ რეიგანმა სცადა 1980 წელს უცხოურ ომებში მებრძოლ ამერიკელ სამხედროებთან სიტყვით გამოსვლისას. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ საინტერესო მიმართვიდან:
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიცხოვრეთ ვიეტნამის სინდრომით და ეს სინდრომი უმრავლეს შემთხვევაში შექმნილია ჩრდილოეთვიეტნამელი აგრესორების მიერ, რომელთაც საფრთხე შეუქმნეს ტაილანდის მშვიდობიან მოსახლეობას. ათი წლის განმავლობაში ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით აგრესორები, მოცულნი იმპერიალისტური დაპყრობის სურვილით. ეს მათი გეგმა იყო, მათ სურდათ მოეგოთ პროპაგანდის ველზე აქ, ამერიკაში, რადგან იქ, ვიეტნამის ომში, ვერ მოიგეს. წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდობა მოვიდოდა, თუკი ჩვენ, უბრალოდ, შინ დავბრუნდებოდით. დროა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მიზანი დიადია.“

მიზნის სიდიადეში რეიგანს მთელი თაობა არ ეთანხმებოდა, ისინი, ვინც 60-იან წლებში როკკონცერტებზე, მასობრივი გამოსვლებისას, ომის პოლიტიკას გმობდა. გახსოვთ, ალბათ, ლეგენდარული ჟურნალისტის, ჰანტერ ტომპსონის გმირი ლეგენდარულ ფილმში „Fear and Loathing in Las Vegas“. ჰანტერს ჯონი დეპი აცოცხლებს. ჰანტერ ტომპსონი ნიქსონის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლთა ერთ-ერთი ლიდერია, სან-ფრანცისკოს სამოციანი წლების პროტესტის ტალღის წარმომადგენელი. ფილმში ის სწორედ 60-იანი წლების ამ პროტესტს იხსენებს:

„სან-ფრანცისკო სამოციანებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და დრო, რომლის ნაწილიც ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო… შეუძლებელია იმის ახსნა, გადმოცემა მუსიკით თუ სიტყვით, რასაც მაშინ ჩვენ განვიცდიდით სამყაროს იმ კუთხეში და დროში... ეს იყო სიგიჟე ყველა მიმართულებით, ნაპერწკლებივით გაფრქვეული ფანტასტიკური, უნივერსალური შეგრძნება იმისა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იყო სწორი, რომ ჩვენ ვიგებდით, ჩვენ ვიგებდით გარდაუვალ ბრძოლაში ძველთან და ბოროტთან, არა სამხედრო გზით, - ეს ჩვენ არ გვჭირდებოდა, - ჩვენი ენერგია ამარცხებდა ყველაფერს…“

თუმცა პროტესტი ჩაცხრა, დასკვნები გაკეთდა, ასიდის კულტურაში ჩაფლულმა თაობებმა ჰალსტუხები შეიბეს. 20 წლის შემდეგ რეიგანმა ამერიკას მიმართა, არასდროს აღარ ვთხოვოთ ჩვენს ჯარისკაცებს იომონ იმ ომში, რომლისაც ჩვენ არ გვჯერაო, თუმცა როცა ეს აუცილებელია, უკან არ უნდა დავიხიოთო, ეს მშვიდობის და სამართლიანობის დაცვას სჭირდებაო.

რამდენად ასეა ეს? იდეა, რომ ომები დიად მიზნებს ემსახურება, ის, რისაც კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე სჯეროდა, ამ საუკუნეში ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და ჟურნალისტმა ბერნარ ანრი ლევიმ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვის ქვეშ. 2004 წელს ომის საშინელებებზე ლევიმ წიგნი დაწერა. იგი შეეცადა დაემსხვრია ზოგადი წარმოდგენა ომზე, როგორც მხოლოდ ბოროტ და კეთილ ძალებს შორის ბრძოლაზე. იგი ცდილობდა შეეხსენებინა ყველასთვის, რომ ომების უკან, პოლიტიკისა და პროპაგანდის უკან ადამიანები დგანან. ლევიმ ჰემინგუეის იდეას, რომ ომში ადამიანურობა ყველაზე მეტად იკვეთება, რეალური ფაქტები დაუპირისპირა და ეს იდეა ეჭვის ქვეშ დააყენა, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე გადმოსახედიდან, როცა ომებში ხშირად არა, უბრალოდ, სამხედრო წესების დაცვით ომობენ, არამედ პოლიტიკური და პროპაგანდისტული მისწრაფებების უკან ჩვეულებრივი მოქალაქენი ხშირად სასტიკად იღუპებიან ყველა მხარეს. გთავაზაბთ ფრაგმენტს ნახევარსაათიანი ინტერვიუდან, რომელიც ლევისთან ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ჩარლი როუზმა 2004 წელს პარიზში ჩაწერა:

„ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, ჩარლი, არის ის, რომ როცა ჩვენ ვფიქრობთ ომებზე, ჩვენ ზოგადად გვჯერა, რომ ეს არის ჯარი ჯარის წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან ომის წესების დაცვით, თუმცა დღევანდელი სამყაროს ომები, ომები, რომლებიც მე ამ წიგნში აღვწერე, არაა არმიები არმიების წინააღმდეგ, ეს არ არის სამხედრო წესები, ესენი არიან ხშირად სამოქალაქო პირები, რომლებიც ხდებიან ამ ყველაფრის მსხვერპლი."

ასეა თუ ისე, დღეს ტელევიზორთან მიმსხდართ ომის შედეგების გაანალიზებას ჟურნალისტები ეკრანზე წითელი ყაყაჩოთი დამშვენებულნი გვთავაზობენ - დავალება, რომელიც აუცილებლად შესასრულებელია, სიმბოლო, რომელიც ისევე აუცილებლად სატარებელია დღეს, როგორც ლოგოიანი მიკროფონი სხვა დღეებში, მიკროფონი, რომელიც კადრში აუცილებლად უნდა ჩანდეს. თუმცა, ალბათ ომის ანალიზი ცოტა მეტია, ვიდრე გულზე დაბნეული ყაყაჩო.
XS
SM
MD
LG