Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის გაზი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი
თურქმენეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საკუთარი ნავთობის გატარება დაიწყო. თურქმენული ნავთობის ამ მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით შეთანხმება ივლისში გაფორმდა და აგვისტოში უკვე მისი რეალიზაცია დაიწყო. ამ ეტაპზე დღე-ღამის განმავლობაში ნავთობსადენი 800 ათას ბარელ ნავთობს ატარებს, საიდანაც 4-5% სწორედ თურქმენულ ნავთობზე მოდის და, შესაძლოა, მისი წილი გაიზარდოს კიდეც.

ნავთობნაკადის ამ მატებამ ოდნავ მაინც უნდა შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ყაზახური ნავთობის გამორიცხვამ გამოიწვია.

მიმდინარე წლიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერებულია, თუმცა როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ტრანსპორტირება ყახაზეთის სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახლდება.

კომპანია ”თენგიშევროილმა”, რომელიც ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს, 2010 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობით ტრანსპორტირებაზე უარი განაცხადა. ნავთობის რკინიგზის საშუალებით ტრანსპორტირება ”თენგიშევროილისთვის” ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილი აღმოჩნდა. გადაწყვეტილების მიზეზი ნავთობის გადაქაჩვის ის მაღალი ტარიფი გახდა, რომელიც მილსადენის ოპერატორმა იმ კომპანიებისთვის დააწესა, რომლებიც მისი აქციონერები არ არიან. შედეგად, ტარიფის მოცულობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კონსორციუმის აქციონერებისათვის და მესამე მხარისთვის განსხვავებულია, განსხვავება კი ნავთობსადენში არსებულ თავისუფალ სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

საინტერესო სიახლეა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მიმართულებითაც. გაზის ექსპორტის საკითხებში, ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, თეირანი მზადაა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით, ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყოს. თეირანი მსოფლიო ბაზარზე გასვლის ყველა შესაძლებლობას სწავლობს. მაგალითად, ირანი თურქმენეთთან ასრულებს მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც, თურქმენულ ბუნებრივ აირს, ირანის გავლით, პაკისტანი, ინდოეთი და ომანისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები მიიღებენ. ირანში აცხადებენ, რომ თუ ევროპელები დროულად არ გამოთქვამენ ინტერესს, მათი ბუნებრივი აირიც, სავარაუდოდ, აზიის ბაზრისკენ მიიმართება.

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG