Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ტრიუმფი, რომელიც კატასტროფით დასრულდა


დღევანდელი პროგრამის თემაა 1992 წლის 14 აგვისტო, საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილების აფხაზეთში შესვლა და სოხუმის აღება, რასაც მაშინ მოქმედ პოლიტიკოსთა ნაწილი დღემდე გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის. განსხვავებულად ფიქრობს პროფესორი ნოდარ ნათაძე, 1992-95 წლების პარლამენტის თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე. წიგნში, რომელსაც ჰქვია „რაც ვიცი“, ნოდარ ნათაძე ავითარებს აზრს, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი აფხაზეთში ეს იყო „რუსული სცენარი, გათამაშებული აბსოლუტური სიზუსტით,“ რომელშიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამასვე ფიქრობს ნოდარ ნათაძე 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომზე.

მცირე შეტაკება ოჩამჩირის მახლობლად აფხაზური ეროვნული გვარდიის ნაწილებთან, ტრიუმფალური ბლიცკრიგი სოხუმში და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის თავზე ქართული სახელმწიფო დროშის აღმართვა - ასეთია 1992 წლის 14 აგვისტოს ქრონიკა. საქართველოს იმდროინდელი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე ხშირად იხსენებს, რომ თენგიზ კიტოვანმა, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, რომელიც მას არ ემორჩილებოდა, ჯარი აფხაზეთის ტერიტორიაზე მასთან შეუთანხმებლად შეიყვანა, ხოლო, იქიდან დაბრუნებულმა, აფხაზური დროშა მას ფეხებთან მიუგდო. ნოდარ ნათაძე 18 წლის წინ სახელმწიფო საბჭოს იმ სხდომას,რომელზეც აფხაზეთის ტერიტორიაზე შინაგანი ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. ნათაძე აცხადებს, რომ ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც რუსული სცენარით მოქმედებდა:

„შეუძლებელია, რომ კიტოვანს დაერღვია შევარდნაძის სიტყვა და გადაედგა რაღაც ნაბიჯი. შევარდნაძემ ილაპარაკა, მე მახსოვს, ამ საბჭოზე, რომ საჭიროა შესვლა და რკინიგზის დაცვა. და მას, სხვათა შორის, წინააღმდეგობა არ შეხვედრია, - მათ შორის, არც ჩემგან, - იმიტომ რომ ეს იყო კანონიერი და რეალური ინტერესი საქართველოს სახელმწიფოსი.“
ნოდარ ნათაძე აზუსტებს, რომ მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იძარცვებოდა საქართველოს გავლით მოძრავი სატვირთო მატარებლები, რის გამოც საქართველოს მარტო სომხეთისა 14 მილიარდი რუბლის ვალი დაედო.

„სოხუმში რომ შევიდნენ ჩვენები, ესეც, ცხადია, შევარდნაძის ბრძანების გარეშე ვერ მოხდებოდა. ჩამოგლიჯეს აფხაზეთის დროშა, ესე იგი ჩაიდინეს პოლიტიკური პროვოკაცია. აფხაზეთი არავის გაუუქმებია, აფხაზეთის დედაქალაქობა სოხუმისათვის არავის წაურთმევია. ვის რა უფლება ჰქონდა იქიდან დროშის ჩამოღების? ესეც გაკეთდა, რა თქმა უნდა, შევარდნაძისი ბრძანებით. მის გარეშე ეს ვერ გაკეთდებოდა. აი, ეს არის ამ ომის დაწყების ისტორია.“

რუსული ხაფანგი სინოპთან

როგორც ზემოთ ითქვა, ქართული პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ნაწილებს 1992 წლის 14 აგვისტოს ცეცხლი ოჩამჩირესთან გაუხსნეს. ნოდარ ნათაძის თანახმად, სინოპთან ჩასაფრება ორგანიზებული იყო რუსეთის სამხედრო სარდლობის მიერ, ხოლო შემსრულებელი იყო აფხაზეთის ეროვნული გვარდია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას, ბრძანებით შეიქმნა. ნოდარ ნათაძე ამტკიცებს, რომ ხაფანგის არსებობა იცოდა ედუარდ შევარდნაძემაც, რომელმაც არაფერი იღონა, რომ თავიდან აეცილებინა შეიარაღებული შეტაკება, ხოლო შემდგომში შეეჩერებინა ქართული ჯარის წინსვლა, თუკი იგი ომის წინააღმდეგი იყო.

„ როგორც კი ეს [შეტაკება] მოხდა, არძინბა თავისი ათასკაციანი გვარდიით მაშინვე გავიდა სოხუმიდან, ანუ შექმნა ფიზიკური შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის. და შევარდნაძემ, რომელიც მისი თანამონაწილე იყო ამ საქმეში (რუსეთი რომ მუშაობდა ამ ომის დასაწყებად, ერთი მისი ხელი იყო შევარდნაძე და მეორე იყო არძინბა), არ ატეხა ამაზე განგაში. შევარდნაძეს უნდა ეთქვა, რომ არძინბამ გადაუხვია შეთანხმებას, ამიტომ მე ვწყვეტ წინსვლას და მოვითხოვ, რომ არძინბა ჩამობრძანდეს, გამოვიდეს და დავილაპარაკოთ, თუ როგორ დავიცვათ რკინიგზა. მას უნდა გაეჩერებინა ყოველგვარი მოქმედება მაშინ.“

1992 წლის 15 აგვისტოს შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სადესანტო მანევრით დაიკავეს ქალაქი განთიადი, გაგრა და დაბა კოლხიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ აფხაზეთის ყველა დიდ დასახლებულ პუნქტს, გუდაუთისა და ქალაქ ტყვარჩელის გარდა. ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და შიდა დაპირისპირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თითქოს სასიკეთო ფონს ქმნიდა მცირე ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების შესანარჩუნებლად. მაგრამ რაც უფრო ვიწროვდებოდა რკალი არძინბას დაჯგუფების გარშემო, მით უფრო ფართოვდებოდა ხაფანგი საქართველოს წინააღმდეგ. როგორც ნოდარ ნათაძე წერს წიგნში „რაც ვიცი“, რუსეთის გეგმის განხორციელება არც ერთ ეტაპზე და არც ერთი წუთით არ შეჩერებულა, განურჩევლად იმისა, რბილი ხელისუფლება ჰყავდა მას თუ მყარი:

„ უბრალოდ, აფხაზეთში ომის გაგრძელება, ომის გახანგრძლივება საჭირო იყო იმისთვის, რომ ვიღაცას დაეჯერებინა, რომ ომი წარმოებს ქართველებსა და აფხაზებს შორის და ეს ომი, ბოლოს და ბოლოს, მთავრდება აფხაზების გამარჯვებით. თორემ ეს რომ ყოფილიყო, ვთქვათ, ორდღიანი ოპერაცია და სამდღიანი ოპერაცია, ვერავინ ვერ დაიჯერებდა, რომ 80 ათასმა აფხაზმა ორ დღეში საქართველოს ჩაუტარა ბლიცკრიგი და გამოყარა იქიდან ქართული ჯარი. ამიტომ ომის ეს 14 თვე მოხმარდა ამ ომის სხვადასხვა ეტაპების სიმულაციას.“

ამ სიმულაციის ერთ-ერთი სეგმენტი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები მოსკოვის გარანტიით, რომელიც სამჯერ დაიდო და სამჯერვე დაირღვა. 14 აგვისტოს საომარი მოქმედების დაწყებიდან თვე-ნახევარში აფხაზურმა შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი სამხედრო ინსტრუქტორებისა და შამილ ბასაევის ჩრდილოკავკასური ბატალიონის დახმარებით, ჯერ ქალაქი გაგრა, შემდეგ კი განთიადი-ლესელიძის მონაკვეთიც აიღეს და სასტიკად გაუსწორდნენ ქალაქის დამცველებს და მშვიდობიან მოსახლეობას. კონტრიერიშს წინ უძღოდა 3 სექტემბერს ბორის ელცინს, ედუარდ შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას შორის მოსკოვში გაფორმებული ე.წ. სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აფხაზეთიდან დაქირავებული საბრძოლო რაზმების გაყვანას და ქართული სამხედრო ნაწილების დისლოკაციის შეცვლას ითვალისწინებდა. ეს მოხდა 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში. როცა 1992 წლის 14 აგვისტოს და 2008 წლის 8 აგვისტოს ერთმანეთს ადარებს, ნოდარ ნათაძე წერს, რომ ორივე შემთხვევაში ეს იყო „რუსეთის ოპერაცია, ჩატარებული ქართული აგენტურის მიერ“, ოღონდ მცირე განსხვავებით.“

„ეს რუსეთის გამარჯვება იყო. რუსეთმა 8 აგვისტოს ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა. აფხაზეთში კი გაიმარჯვა, როგორც უნდოდა“, - დარწმუნებულია ნოდარ ნათაძე და მზად არის თავის სიტყვებზე პასუხი სასამართლოს წინაშე აგოს, თუკი ყოფილი ან დღევანდელი ხელისუფლება მას ცილისწამებისათვის პასუხს მოსთხოვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG