Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი სერვისით და ფასებით ხვდება საქართველო ტურისტების მზარდ ნაკადს


ბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი
დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, წელს საქართველოს, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი ტურისტი ესტუმრა. ტურისტების მზარდი რიცხვი მომსახურების სფეროს შემოსავლების ზრდასთან ერთად ეკონომიკის სხვა სფეროებსაც ახალისებს - იზრდება ვაჭრობის მოცულობა, იმატებს დასაქმებულთა რაოდენობა და ასე შემდეგ. რამდენად სრულფასოვნად იყენებს საქართველო თავის პოტენციალს და შეესაბამება თუ არა მისი სერვისი ტურისტულ კონიუნქტურას?

საქართველოს მთავრობა სიხარულს ვერ ფარავს ტურისტების მოზღვავების გამო, რაც რთულ ეკონომიკურ გარემოში საგრძნობ სტიმულს აძლევს ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს. ტურისტული ბიზნესის ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის ბოლო სხდომაზე ისაუბრა, როდესაც ნახევარი წლის შედეგები შეაჯამა:

ყველა ჩამოსვეს ავტობუსიდან და სათითაოდ გაატარეს სკანერზე... ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით? ...
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდა ექსპორტის მიმართულებით და ზრდა ტურიზმის მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტორთა რაოდენობას, რომელიც, გასულ წელთან შედარებით, 33 პროცენტით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკონომიკურმა აქტივობამ გააგრძელოს იმავე ტემპებით ზრდა.“

ამ ტურისტული ინვესტიციისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები არ აღმოჩნდნენ სათანადოდ მომზადებულნი. სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოების კვლევების მიხედვით, მსოფლიოში მცირე და ლიბერალური ბიუროკრატიით სახელგანთქმულ საქართველოში ტურისტებს მაინც აწუხებთ სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურები. ზოგიერთი მათგანის შესახებ თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც კი შეიტყო და აღშფოთება ვერ დაფარა. აი, რა განაცხადა სააკაშვილმა გასული თვის მიწურულს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
“მე ველოდი და ყველანი ინფორმირებული ვიყავით, რომ მოდიან ესპანელი ტურისტები. თურქულმა მხარემ ალოდინა, შემდეგ აქ აცდევინეს 1:20 საათი, შემდეგ ყველა ჩამოსვეს ავტობუსიდან და სათითაოდ გაატარეს სკანერზე... ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით? ეს არ ეხება მხოლოდ ესპანელებს. ვიღაც იტყვის, რომ უცხოელებს ვუფრთხილდები. ის ესპანელი მოდის, რომ აქ დახარჯოს ფული.”

პრეზიდენტ სააკაშვილის ამ განცხადებაში ნახსენებ სიტყვა „ზანგებს“ და „ველურებს“ საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა, მაგრამ თითქმის რეაქციის გარეშე დარჩა ის პრობლემა, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა. არადა, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების პრობლემა ქართველების დიდ ნაწილს აწუხებს. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე კვეთს.

საბაჟო-ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გარდა, როგორც შიდა, ისე გარე ტურისტებს სხვა პრობლემებიც აწუხებთ. მათი ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია სერვისთან, ინფრასტრუქტურასთან და ფასებთან. აი, რა უთხრეს რადიო თავისუფლებას ბათუმში დასასვენებლად მყოფმა უცხოელმა ტურისტებმა. ბელარუსიიდან ჩამოსულმა კატია ლეშკევიჩმა თქვა:

„რაც ვნახე, ყველაფერი მომწონს. გაგვიმართლა, ისეთი კარგი ხალხი დაგვხვდა. არ მომწონს, რომ თქვენთან ასეთი მშენებლობებია, ფართომასშტაბიანი. ერთი წლის შემდეგ ყველაფერი ლამაზი იქნება, როგორც ამბობენ, მაგრამ ჩვენ მოვხვდით ისეთ დროს, როდესაც ყველაფერი მტვრიანი და ჭუჭყიანია.“

კატიას მეგობარ დიმა ბაშკოს კი სერვისი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოსწონს:

ბათუმის ბულვარი ღამით
„სერვისი, ტაქსი - სასურველია უკეთესი იყოს. ყველაფერი ქაოტურია, აღმოსავლურია, ერთგვარი დიდი ბაზრობაა, მთლიანად. არ არის ისე, რომ მშვიდად გამოხვიდე, იცოდე დრო, როდესაც ტრანსპორტი მოვა... გამოხვალ, გააჩერებ ნებისმიერ დროს, ეტყვი, იქ წადი... ძალიან ძნელია ამის აღწერა იმიტომ, რომ ბელარუსიაში ყველაფერი უფრო მოწესრიგებული, განსაზღვრული და ზუსტია. ბათუმში ჯერ კიდევ... შეიძლება ეს უკვე დემოკრატიაა, უცებ მოვიდა და ყველაფერი ეს დაიწყო.“

ინფრასტრუქტურის გარდა, ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს სერვისთან შეუსაბამო ფასები. საკურორტო ზონაში, ძირითადად აჭარაში, - იქ, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოზღვავებაა, პროდუქციისა და სერვისის სიძვირე შეიმჩნევა. მაღალ ფასებს უჩივის სომეხი ტურისტი, რომელსაც წინა წელს თურქეთში დასვენება უფრო იაფი დაუჯდა:

„სასტუმროები კოშმარია, ეს შერეტონი 300 დოლარი ღირს... არ ვიცი, არ ვიცი... ძალიან ძვირია. არის პატარა სასტუმროები, სადაც წყალი არ არის. ხალხო, ეს რა არის! ჩვენ გასულ წელს თურქეთში დავისვენეთ და იქ უფრო იაფია. გადავწყვიტეთ, რომ მომავალში თურქეთში წავიდეთ დასასვენებლად, იმიტომ რომ იქ უფრო იაფია.“

სომხეთის მოქალაქის მსგავსად, თურქეთში დასვენებას, სიიაფისა და უკეთესი სერვისის გამო, ბევრი ქართველიც ამჯობინებს.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც ხორვატიაა, მაგალითად, ქვეყანაში, სადაც ტურიზმის პოტენციალი არ არის უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში, ტურიზმის წილი [მთლიან შიდა პროდუქტში] არის 26 პროცენტი ...
თუ როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია ქართულმა ტურისტულმა ბიზნესმა მეზობელ თურქეთს, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს. მისმა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და მაია სიდამონიძე ამის საფუძველზე გახდა დეპარტამენტის თავმჯდომარე.

”სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე უცხოელი ტურისტების რიცხვის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას, სერვისის გაუმჯობესებას და რაც შეეხება დეტალებს, ამას სამუშაო ვითარებაში განვიხილავთ.”

მსგავსი გეგმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ ტურიზმის ექსპერტებიც, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის, თუ ვინ და როგორ უნდა მიაღწიოს ან სერვისის გაუმჯობესებას, ან კიდევ ფასების შემცირებას. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის ნატა კვაჭანტირაძის აზრით, საჭიროა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ტურისტულ ბიზნესს:

”როცა სასტუმროს აქვს გარკვეული გადასახადები, ის იძულებულია გაზარდოს ფასი და ეს, მთლიანობაში, იწვევს იმას, რომ ფასი ფიქსირდება დიდი და სერვისი არ არის შესაბამისი. ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს და დააწესოს გარკვეული შეღავათები.”

ექსპერტთა მეორე ნაწილი გამოსავალს კონკურენციაში ხედავს, თუმცა ჯერჯერობით იაფი და ხარისხიანი ტურისტული სერვისის მიღება კვლავაც პრობლემატურია. შესაბამისად, საქართველო საკუთარი ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ იყენებს. ამ გამოუყენებელი შესაძლებლობების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ამბობს:

ვერა ქობალია (მარჯვნივ), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და მაია სიდამონიძე, ამავე სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
”ისეთ ქვეყანაში, როგორიც ხორვატიაა, მაგალითად, ქვეყანაში, სადაც ტურიზმის პოტენციალი არ არის უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში, ტურიზმის წილი [მთლიან შიდა პროდუქტში] არის 26 პროცენტი. ხორვატიაში ყოველ წელს შედის 10 მილიონი ტურისტი. ყოველი ტურისტი დღეში თუ ხარჯავს საშუალოდ 100 დოლარს, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის განვითარებით.”

ამჟამად საქართველოს ტურისტულ ბიზნესზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 4 პროცენტი მოდის, მაშინ როდესაც მეზობელ სომხეთში ეს ციფრი ორჯერ მეტია.
XS
SM
MD
LG