Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე, 28 აგვისტო 2010


უცხოეთის პრესაში ამ დღეებში დაიბეჭდა რამდენიმე წერილი, რომლებიც საქართველოს ეხება. ბრიტანეთში გამომავალ ჟურნალ „ეკონომისტის“ ყურსაც მისწვდა ხმა საქართველოს მთავრობისა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - შემოკლებით, იუნესკოს - უთანხმოების შესახებ. სტატია ასეა დასათაურებული: „საქართველოს დაუდგრომელი ლიდერი ხელოვნებისა და ისტორიის კონვენციას არაფრად აგდებს“. სტატიაში ლაპარაკია ბაგრატის ტაძრის აღდგენა-კვლავ აშენების საკიხზე და ნათქვამია, კომუნისტური სისტემის დამხობის შემდეგ საქართველოში რელიგიურმა ცხოვრებამ ისეთ აღმავლობას მიაღწია, რომ „ეკლესიების მშენებლობისა და აღდგენის დაჩქარებული პროგრამა, თბილისის პატარა საყდრებით დაწყებული, უზარმაზარი ახალი სამების ტაძრით დამთავრებული, მოთხოვნას ვერ აუდისო“. სტატიაში საქართველოს ვითარება შედარებულია ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ პრობლემასთან, რომ მორწმუნე ქრისტიანთა რიცხვის შემცირება აძნელებს ძეგლების შენახვას. საქართველოში კი პირიქითაა, წერს „ეკონომისტი“. შემდეგ ბრიტანული ჟურნალი განაგრძობს, ალბათ, გარდაუვალია, რომ ძველი საკულტო ნაგებობების აღდგენა მიმდინარეობდეს, რაც, უფრო იოლია, ვიდრე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომა, იფიქრონ არქეოლოგიასა და კონსერვაციაზე ისე, რომ მინიმუმადე მოხდეს პირვანდელ ფორმაში ჩარევაო. „ეკონომისტის“ თანახმად, არაერთ ქვეყანაში იქნა მიღწეული კომპრომისი შუა საუკუნეების ეკლესიებთან დაკავშირებით დღევანდელი მორწმუნეებისა და ხელოვნების ისტორიკოსთა მოთხოვნებს შორის. მაგრამ საქართველოში არის ერთი ზემგრძნობიარე შემთხვევა, სადაც პოლიტიკური და რელიგიური მმართველები გამოწვევას უცხადებენ მხატვრულ- ისტორიულ მიდგომას, რითაც უპირისპირდებიან იუნესკოს კურსს. ეს ბაგრატის ტაძარია, რომელიც საქართველოს იმ სამ ობიექტს მიეკუთვნება, რომლებსაც იუნესკო იცავს. მაგრამ, წერს ჟურნალი, პრეზიდენტ სააკაშვილს და პატრიარქ ილია მეორეს, საქართველოს ეკლესიის 77 წლის მამამთავარს, სხვა აზრი აქვთ. პრეზიდენტი პატრიარქს ტაძრის კვლავ აშენებას დაპირდა და რეკონსტრუქცია ღიად მიმდინარეობს. ისეთ ქვეყანაში, სადაც წარსულისა და დღევანდელი დიდების ამაღლებულად გამოხატვა უფრო მეტად მოქმედებს ხალხზე, ვიდრე სუსტი ნანგრევები, ასეთი ქმედება კარგად მუშაობს. მაგრამ ესვე შეიძლება თამამი გამოწვევა იყოს იუნესკოს მსოფლიო საგანძურის რეჟიმისთვის. ჟურნალს მოჰყავს მაგალითები, როცა ანალოგიურ დაპირისპირებას იუნესკოს მიერ მისი დაცული ობიექტების სიიდან ამა თუ იმ ძეგლის ამოღება მოჰყვა. მაგრამ სააკაშვილის მიერ ბაგრატის ტაძრის თავიდან აშენება პირდაპირი გამოწვევაა იუნესკოსათვის, წერს „ეკონომისტი“. მსოფლიოს საგანძურის ეს ორგანიზაცია მოწადინებულია მთელი კაცობრიობის ინტერესები დაიცვას. სააკაშვილს კი მიაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის ამ ძეგლის მნიშვნელობაა მთავარი. იუნესკო, ჟურნალ „ეკონომისტის“ ინფორმაციით, მეტად გაღიზიანებული ცდილობს შეხვდეს ქართველებს და იმსჯელოს მათთან კვლავ აშენების შეჩერების ან მიმართულების შეცვლის თობაზე. მაგრამ ქვეყანაში, წაიკითხავთ „ეკონომისტის“ ამ სტატიის ბოლოს, სადაც რელიგიური და პატრიოტული გრძნობები ჭარბობს, სააკაშვილი, ალბათ, ბევრ ხმას არ დაკარგავს, თუ მსოფლიოს კულტურის მესვეურებს დაუპირისპირდება.

არაბთა საამიროებში გამომავალი „ზენეიშენელი“ ენგურის ელექტროსადგურის უცნაურ ბედზე წერს სტატიაში, სათაურით „ერთის სისუსტე მეორის ძალაა“. როცა ვინმეს ენერგიის წყაროს 100 პროცენტი მტრის ხელშია, ეს საეჭვო საგარეო პოლიტიკად შეიძლება მიიჩნიოთ. მაგრამ საქართველოს სეპარატისტულ რესპუბლიკას სხვა გზა არა აქვს - კაშხალი, რომლის ენერგიაზეცაა ის მთლიანად დამოკიდებული, მძაფრ მოქიშპე საქართველოსთან მისი დე ფაქტო საზღვრების მიღმა მდებარეობს. აფხაზეთისთვის საბედნიეროდ, სტატიის ავტორის კარლ შრეკის თანახმად, სადგურის ენერგიის ჩამრთველი სისტემა მის ხელშია, ხოლო საქართველო, წაიკითხავთ სტატიაში, წყლის კარიბჭეებს აკონტროლებს. ეს არის თანამშრომლობა, წერს შრეკი, რომელსაც არა დაძაბულობის განმუხტვა, არამედ გეოგრაფია განსაზღვრავს. ორივე ობიექტი უერთმანეთოდ გამოუსადეგარია, წერს იქვე ავტორი და მოჰყავს გენადი გაგულიას, აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სიტყვები: თითქოს ერთმანეთზე ვართ გადაბმული, ელექტროსადგური ხელშეუხებელ პრინციპად ვაქციეთ, ის სრულიად განცალკევებულია ჩვენი ურთიერთობისგან. შრეკი იქვე აუწყებს მკითხველს, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის სადგურიდან ელექტროდენის მიწოდების შეწყვეტა კატასტროფა იქნებოდა. მაგრამ საქართველოც დამოკიდებულია მასზე: ენერგიის მეოთხედი, მისი ცნობით, სწორედ ენგურის ელექტროსადგურზე მოდის, რომელიც დღეს ორ მხარეს შორის თანამშრომლობის იშვიათი ნიმუშია. „ზენეიშენელის“ ამ წერილის თანახმად, აფხაზეთისა და საქართველოს ეს თანამშრომლობა არასოდეს გაუფორმებიათ ოფიციალურად, ერთობლივი მუშაობა ჯენტლმენურ შეთანხმებას ემყარება. შრეკი შეხვდა სადგურის ტურბინების სიჩქარის მარეგულირებელ აგრეგატთან მომუშავე გენო და კობა ლაგვილავებს, რომლებსაც ცვლის დროს თბილისიდან ურეკავენ ხოლმე და მითითებას აძლევენ, აუწიონ თუ დაუწიონ სიმძლავრეს. სადგურზე მომუშავე ჯემალს, ლაგვილავების ბიძაშვილს, კარლ შრეკისთვის უთქამს, აქ არა აქვს მნიშვნელობა, რუსი ხარ, აფხაზი თუ ქართველი, პოლიტიკაზე ზრუნვა პოლიტიკოსებისთვის გვაქვს მინდობილიო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG