Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი მსხვერპლი მორიგი მაღალი რანგის ვიზიტის ფონზე


სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის რუკა
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის რუკა
სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოს მოხდა მთიანი ყარაბახის სადავოდ ქცეული ანკლავის საზღვარზე. ინციდენტი, რომელიც აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის, ვიზიტს ემთხვევა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გააფუჭებს სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.

31 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს დაპირისპირებული მხარეები განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგენენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ბრალს სდებს ერევანს და აცხადებს, რომ სომხურმა ქვედანაყოფმა გადალახა საზღვარი და თავს დაესხა აზერბაიჯანელ სამხედროებს. მთიანი ყარაბახის მთავრობა კი ამტკიცებს, რომ თავდასხმა აზერბაიჯანის სპეციალურმა ძალებმა მოახდინეს, რის შედეგადაც ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა მოიპოვა სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანესიანის კომენტარი, რომელშიც სწორედ აზერბაიჯანია დადანაშაულებული ზემოხსენებულ ინციდენტში:

„აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე ამ თავდასხმის მოწყობით, მაგრამ როდესაც ჩვენ პასუხი გავეცით, ისინი უკუიქცნენ და განიცადეს დანაკარგი.“

სამშაბათის ინციდენტი ბოლოა მთიანი ყარაბახის გამო იმ გაჭიანურებულ დაპირისპირებაში, რომელიც 1989 წელს დაიწყო და თითქმის ექვსი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ვიდრე 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანმხებით არ დასრულდა. თუმცა „არც ომის-არც მშვიდობის“ ვითარება გრძელდება და მთიანი ყარაბახის კონფლიქტი ჯერაც მოუგვარებელია. ამასთან, ზემოხსენებული შეტაკება წინ უძღვის აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის, დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც 2-3 სექტემბერს გაიმართება. სხვათა შორის, ივნისში, მედვედევის მიწვევით, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები. ერთი დღით ადრე კი მთიანი ყარაბახის საზღვრის მახლობლად მომხდარ შეტაკებაში 4 სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბოლო შეტაკებაც ლოგიკური გაგრძელებაა იმ დაძაბულობისა, რომელიც რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში შეინიშნებაო, - ამბობს ჯიასურ სუმერინლი, აზერბაიჯანული სამხედრო ანალიტიკური გამოცემა mil.az-ის მთავარი რედაქტორი, და შემდგომ სამხედრო დაპირისპირებასაც წინასწარმეტყველებს:

„იგულისხმება ივნისში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის წინ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, წარმოიშვა ასევე მუბარიზ იბრაჰიმოვთან დაკავშირებული პრობლემა. ამის შემდეგ ორმხრივი სროლა გრძელდება. ეს ბოლო ინციდენტი, შესაძლოა, მედვედევის დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდებოდეს. შესაძლოა, არაფერი საერთოც არ ჰქონდეს ამ მოვლენასთან, რადგან, როგორც წესი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო და უფრო ხშირად ირღვევა და ამას, შესაძლოა, მომავალში ლოკალური სამხედრო შეტაკებებიც მოჰყვეს.“

ბაქოში ჩასვლამდე ორი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტი სომხეთს სტუმრობდა, სადაც მან და მისმა კოლეგა სერჟ სარგისიანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც მოსკოვმა სომხეთის ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა იკისრა. ალიევი კი თავისი ქვეყნის ნავთობის სიმდიდრეს იყენებს სამხედრო სფეროს გასაძლიერებლად და ხშირად იმუქრება, რომ ძალის გამოყენებით გადაწყვეტს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. 2-3 სექტემბრის შეხვედრაზე ალიევი და მედვედევი სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პრობლემებს განიხილავენ. შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა წამოსწიოს მთიანი ყარაბახის პრობლემა, რომელთან დაკავშირებითაც მოსკოვი სულ უფრო აქტიურად გამოხატავს მთავარი შუამავლის პრეტენზიას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG