Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მისიას შეასრულებს ამერიკის დარჩენილი არმია ერაყში


აშშ-ის სამხედროები ქირქუქში ერაყის პოლიციასთან ერთობლივი ოპერაციისთვის ემზადებიან.
აშშ-ის სამხედროები ქირქუქში ერაყის პოლიციასთან ერთობლივი ოპერაციისთვის ემზადებიან.
ერაყში დარჩენილი აშშ-ის არმია 1 სექტემბრიდან ახალ ოპერაციას შეუდგა სახელწოდებით „ახალი განთიადი“. პენტაგონის ინფორმაციით, 50-ათასკაციანი სამხედრო ძალის მთავარ ამოცანას ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების „მხარდაჭერა და წვრთნა“ წარმოადგენს. რას ითვალისწინებს კონკრეტულად ახალი ამერიკული მისია და რა ვითარებაა ერაყში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქიდან ამერიკული საბრძოლო დანაყოფების გასვლის შემდეგ?

ერაყიდან ამერიკის არმიის ძირითადი საბრძოლო დანაყოფების გასვლას წინ უძღოდა იქ ალ ყაიდის მიერ ორგანიზებული რამდენიმე თავდასხმა. ყველაზე შემზარავი იყო გასულ თვეში მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც ერაყის არმიის 60-მდე წვევამდელი დაიღუპა. გერმანული „შპიგელის“ თანახმად, ერაყში აგვისტოს განმავლობაში დღეში საშუალოდ 5 პოლიციელი ან სამხედრო პირი იღუპებოდა. სწორედ უსაფრთხოებაა დღეს მთავარი საზრუნავი, რაზეც ბაღდადის ქუჩებში მოსიარულე მოქალაქეები მსჯელობენ:

„ ობამამ შეასრულა თავისი ხალხისათვის მიცემული პირობა, რომ ერთ კონკრეტულ დღესა და ვადაში გაიყვანდა ჯარს, მაგრამ ერაყი მძიმე მდგომარეობაში, მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში დატოვა. არ არის კარგად საქმე. მან ისევე უნდა შეასრულოს ერაყელი ხალხის მიმართ დანაპირები, როგორც ამერიკელების მიმართ მოიმოქმედა.“

ასეთ უსიამო განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან, აი, უკვე ექვსი თვეა გასული და ერაყს მთავრობა ჯერ კიდევ არა ჰყავს, უსაფრთხოებაზე მთელი პასუხისმგებლობის ტვირთი კი, ქვეყნიდან ამერიკული საბრძოლო დანაყოფების გასვლის შემდეგ, ერაყის პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს აწევთ კისერზე. ერაყში დარჩენილი 50 ათასკაციანი კონტინგენტი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი როლი „რჩევითა და მხარდაჭერით“ შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი სამხედროები აღარ ჩაებმებიან მეამბოხეებთან უშუალო ბრძოლაში და მხოლოდ შემკავებლის ფუნქცია ექნებათ უფრო მსხვილმასშტაბიანი ძალადობის პრევენციისათვის, - ამბობს ენტონი გორდისმენი, ვაშინგტონში არსებული სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის რეგიონალურ საკითხთა ექსპერტი:

„ ესაა ექვსი საბრძოლო ბრიგადა, რომელთა პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა 50 ათასი კაცია. ისინი ჩვეულებრივი საბრძოლო ბრიგადებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ პირადი შემადგენლობის კონსულტირება და გაწვრთნა დაეკისრებათ. ეს არ არის სუსტი და არაეფექტური ძალები. მათ ახლა ორმაგი ამოცანა აქვთ - ერაყში გარედან ნებისმიერი სახის ჩარევის შეკავება და პოტენციური მხარდაჭერა ერაყის მთავრობისათვის, თუკი ეს საჭირო გახდა.“

ფაქტობრივად, ერაყში დარჩენილ ამერიკულ ქვედანაყოფებს იგივე ფუნქცია რჩებათ, რაც 31 აგვისტომდე ჰქონდათ, ოღონდ მათი პასუხისმგებლობის გეოგრაფიული არეალი ბევრად უფრო შეზღუდულია. უფრო მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაეკისრებათ ერაყის პოლიციასა და არმიას, რომელთა რიგებში დღეისათვის, ჯამში, 600 ათასი კაცია. ერაყში დარჩენილი ამერიკული ქვედანაყოფების კიდევ ერთ როლზე - ე.წ. მწვანე ზონის მახლობლად არაბთა და ქურთთა დაპირისპირების განმუხტვაზე - საუბრობს ჯეიმს დენლი, ერაყგამოვლილი ამერიკელი ოფიცერი და ამჟამად ვაშინგტონში არსებული ომის შესწავლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი:

„შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან, მწვანე ზონის გასწვრივ, სინამდვილეში არ აჩერებენ და არ ჩხრეკენ მანქანებს. ისინი იქ იმისათვის არიან, რომ ხელი შეუწყონ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ქურთთა ფეშმერგას გასამხედროებულ დანაყოფებსა და ერაყის არმიას შორის.“

ქურთთა და არაბთა დაპირისპირების ცენტრია ნავთობით მდიდარი ქალაქი ქირქუკი, რომლის სტატუსიც, ერაყის კონსტიტუციით,უნდა რეფერენდუმზე გადაწყდეს. ერაყში დარჩენილ ამერიკელ სამხედროთა უმრავლესობა ასევე ქვეყნის ყველა „ცხელ წერტილთან“ ახლომდებარე სამხედრო ბაზაზეა, კერძოდ, ბაღდადისა და მოსულის მახლობლად, სადაც ალ ყაიდას მძლავრი საყრდენი აქვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დანაპირებით, ერაყში დარჩენილმა ამერიკის სამხედრო ძალებმა ქვეყანა საბოლოოდ მომავალ წელს უნდა დატოვონ. ბარაკ ობამას „შემცირების“ სტრატეგია ეფუძნება რწმენას, რომ მეამბოხეები სასიკვდილოდ არიან დაჭრილები და რომ ერაყის ურთიერთდაპირისპირებული მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ ქვეყანა კვლავ სამოქალაქო ომში გადაეშვას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG