Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასმელი წყალი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ


კონფლიქტის ზონის სოფელ თერგვისს მეორე წელია სარწყავი წყალი არ მიეწოდება. სოფელი სასმელი წყლის დეფიციტსაც განიცდის. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მოსავალი მთლიანად გახმა. თერგვისელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. აგვისტოს ომამდე ეს სოფელი სასმელ და სარწყავ წყალს ვანათის წყალსადენიდან იღებდა. ამჟამად ვანათი ოსური და რუსული საჯარისო ნაწილების მიერ არის ოკუპირებული. ომის შემდეგ კოკოითის ხელისუფლებამ სარწყავი არხები გადაკეტა და წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მოითხოვა. გორის რაიონის არაერთი სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. ეს საკითხი ჟენევის დისკუსიის შეხვედრებზეც არაერთხელ დაისვა, მაგრამ მხარეები შეთანხმებამდე ვერ მიდიან.

თერგვისის მოსახლეობამ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას პრობლემის მოგვარების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მათ წერილობით აცნობა, რომ, საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, სოფლის სარწყავი წყლით მომარაგება ვერ მოხერხდებოდა. თერგვისელების აზრით, თუ მათ არ დაეხმარებიან, ზამთარში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან.

თერგვისელებმა მოსავლის განადგურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში შეჰპირდნენ, რომ ზარალს კომისია დაითვლის და მისი ანაზღაურების საკითხს გადაწყვეტენ, თუმცა მათთვის ეს დაპირება ამ დრომდე არ შეუსრულებიათ. მას შემდეგ, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სარწყავი წყლის პრობლემა შეიქმნა, საქართველოს ხელისუფლებამ ნიქოზში, მდინარე ლიახვზე, წყალსაცავი ააშენა, მაგრამ ნიქოზის კაშხალი ყველა სოფელს მაინც ვერ აკმაყოფილებს. თერგვისი, ზემო ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი ამ დრომდე უწყლოდაა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლება სატუმბი სადგურების მოწყობას დონორების დახმარებით გეგმავს, თუმცა ეს პრობლემა მომავალ წლამდე ვერ მოგვარდება.
XS
SM
MD
LG