Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტავრაცია? - ქართული კვალის წაშლა?


ლიხნის ეკლესია, აფხაზეთი
ლიხნის ეკლესია, აფხაზეთი
დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიისა ”ჩვენ თვითონ”, ბრიფინგი გამართა და რუსეთის პატრიარქს მიმართა თხოვნით, ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიზე მიმდინარეობს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული ეკლესიების სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც რუსი ბიზნესმენების დახმარებით ხორციელდება. ქართული მხარე შიშობს, რომ ამ რესტავრაციის მიზანი ქართული კულტურული კვალის წაშლაა.

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართა წერილობითი თხოვნით, დაინტერესდეს დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების ბედით. პაატა დავითაია რუსეთის პატრიარქს დე ფაქტო აფხაზეთში ტაძრების ე. წ. რესტავრაციის პროცესის შეჩერებას სთხოვს:

"ნება მიბოძეთ, გავამახვილო თქვენი ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ-ისტორიული მემკვიდრეობის ე.წ. სარესტავრაციო პროცესის დაწყებას ეხება.

თავად ის ფაქტი, რომ რესტავრაცია არ არის მიმართული ძეგლების პირვანდელი სახის შენარჩუნებისკენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მდგომარეობა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. სამწუხაროდ, ამ მოქმედებების აზრი ძალიან მძიმე და სავალალოა და შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს.“

პაატა დავითაია ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის პატრიარქის პოზიციას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მიმართავს მას.

საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ არავითარი შეტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო ტერიტორიზე რაიმე სახის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. ოფიციალურად ეს ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში შედის. გავრცელებული ინფორმაცია კი ქართულ მხარეს აფიქრებინებს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები ქართული ისტორიული კვალის წაშლის მცდელობაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე აცხადებს:

”აი, ამ უკანონო რესტავრაციით შეიძლება მთლიანად წაიშალოს ეს ქართული მემკვიდრეობა, დოკუმენტები იმისა, რომ აქ ქართველები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. შემდეგ ეს ყველაფერი გადაილესება თეთრი კირით და ეს კიდევ ერთი საშუალება იქნება იმისა, რომ ილაპარაკონ, რომ აქ ქართველები არასოდეს არ ცხოვრობდნენ და რომ ეს იყო ქართველების მიერ ოკუპირებული ტერიტორია.”

პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარიშვილი ამბობს, რომ ქართველ ისტორიკოსებსა და ხელოვნებათმცოდნეებს აფხაზეთის დე ფაქტო ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მონახულების საშუალება უკანასკნელად 1997 წელს ჰქონდათ, როდესაც იქ იუნესკოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მას შემდეგ აბსოლუტურად უცნობია, რა მდგომარეობაშია შუა საუკუნეების 30-მდე უნიშვნელოვანესი ძეგლი.

ირინე ელიზბარიშვილის განცხადებით, თუ რაიმე საკონსერვაციო ან სარესტავრაციო სამუშაო ჩატარდება, მასში ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ერთობლივი ჯგუფის ჩართვა იქნება აუცილებელი. მისივე განცხადებით, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რესტავრაციის საკითხისადმი, რადგან ეს გამორჩეული კულტურული ღირებულების ძეგლებია, რომლებიც,იუნესკოს 1997 წლის დასკვნის თანახმად, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

”არსებობს აფხაზური არქიტექტურული სკოლა, ისევე როგორც ტაო-კლარჯეთის, როგორც ჯავახეთის, როგორც კახეთის და ამ აფხაზური სკოლისთვის დამახასიათებელი უმთავრესი რამ ის არის, რომ მას უშუალო კავშირი აქვს აღმოსავლეთ საქართველოს არქიტექტურასა და ბიზანტიასთან და თან მხოლოდ აფხაზეთში და აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ტიპი და ეს არის სამეკლესიანი ბაზილიკა და ეს არის ამ კულტურული ერთიანობის ნიშანი ”, - განმარტავს ირინე ელიზბარიშვილი.

დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი დემურ ბჟანია რადიო თავისუფლებასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს რაიმე სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობას, მით უფრო, რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით:

”ჯერჯერობით არანაირი სარესტავრაციო სამუშაო არ მიმდინარეობს. თუ დაიწყება, ამას გააკეთებს ჩვენი აფხაზეთის სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო სამმართველოს მონაწილეობით. ეს ასპროცენტიანი ინფორმაციაა - არ ვიცი, რა წყაროების, მაგრამ მე რასაც ვამბობ, ეს სიმართლეა. ეს არის, რაც არის.”

იმ შიშს კი, რასაც ქართული მხარე გამოთქვამს ქართული კვალის წაშლის თაობაზე, ასევე უსაფუძვლოს უწოდებს:

”მათი ბედი... ძეგლთა დაცვის სამმართველო და არც არავინ არ დაუშვებს, რომ რამე შეიცვალოს, ან წაიშალოს. რაც არის, ის ფაქიზად ინახება. ეს ჩვენი ისტორიაა და ამ მხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ყველა წარწერა დღემდე არსებობს.”

დემურ ბჟანია ასევე ამბობს, რომ მათ იუნესკოს უკვე მიმართეს ამ ძეგლების შესწავლის თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG