Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მობილური კავშირგაბმულობა ახალი გადასახადით იბეგრება


პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა მოქმედ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მობილური სატელეფონო კავშირი 10 პროცენტიანი აქციზის გადასახადით იბეგრება. ამ გადასახადის დაწესება მომავალი წლიდან, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ იგეგმებოდა, მაგრამ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მიზნით ახალი გადასახადი ნახევარი წლით ადრე აამოქმედეს. რატომ გადაწყდა ფიჭური კავშირგაბმულობის აქციზური გადასახადით დაბეგვრა და რა შედეგს მოიტანს ის?

პრესას ხომ არ დავბეგრავდით? შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ წნეხის გადანაწილება უპრიანი იქნებოდა ისეთ სფეროებზე რომელსაც საშუალოზე დაბალი წნეხი აქვს და ახასიათებთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომგებიანობა ...
ფიჭური კავშირგაბმულობა საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მომგებიანი სფეროა. 4 მილიონ-ნახევრიან ქვეყანაში მობილურ სატელეფონო კომპანიებს 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავთ. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, წლების მანძილზე უცვლელია მომსახურების ტარიფი, რაც ბევრი კრიტიკისა და დისკუსიის თემაა და რამაც ამ ბიზნესის სუბიექტებს არცთუ უმნიშვნელო მოგება მოუტანა.

მხოლოდ გასულ წელს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის შემოსავლებმა 800 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასეთი შემოსავლები და მოგება არ არის აქციზის დაწესების მიზეზიო, ირწმუნებოდა ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვისას:

”საშუალო საგადასახადო ტვირთი საქართველოში არის 25-26 პროცენტი. მაშინ როდესაც მობილური კავშირგაბმულობის სექტორის საგადასახადო ტვირთი შეადგენს 10-15 პროცენტს. როდესაც ჩვენ ვფიქრობდით, საით შეიძლება საგადასახადო ტვირთის გადაწევა, რომელ მხარეს - ვიღაც, მაგალითად, არის 26 პროცენტზე ზევით, იმას ხომ ვერ დავბეგრავთ? ან იმას, რომელიც გათავისუფლებულია სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად, პრესას... პრესას ხომ არ დავბეგრავდით? შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ წნეხის გადანაწილება უპრიანი იქნებოდა ისეთ სფეროებზე რომელსაც საშუალოზე დაბალი წნეხი აქვს და ახასიათებთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომგებიანობა.”

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
მობილური კომუნიკაციისთვის 10 პროცენტიანი გადასახადის დაწესების მთავარ მიზეზად ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის დაფინანსების აუცილებლობა დაასახელა - ბიუჯეტისა, რომელშიც არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობამ. შესაბამისად, ფიჭური კავშირგაბმულობის 10 პროცენტიანი აქციზური გადასახადით დაბეგვრის შედეგად, მთავრობა მხოლოდ წელს დაახლოებით 40 მილიონ ლარს მიიღებს.

ახალი გადასახადის დაკისრება ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს არ მოსწონთ, მაგრამ ისეთი პროტესტი არ გამოუთქვამთ, როგორც ეს გააკეთეს განათლების თუ ჯანდაცვის ბიზნესის წარმომადგენლებმა. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ აქციზის გადასახადის ტვირთი უშუალოდ სატელეფონო საუბრის ფასზე აისახება:

“აქციზის გადასახადი, როგორც ვიცით, არაპირდაპირი გადასახადია და, შესაბამისად, მომხმარებელს მოუწევს მისი გადახდა. გაზრდის ეს ტარიფს თუ არა, კომპანიების გადასაწყვეტია. თუმცა ისეთი სიტუაციაა ახლა შექმნილი ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე, რომ ტარიფების გაზრდას, ალბათ, მოერიდებიან, მაგრამ ამ გადასახადის გადახდა რომ მომხმარებლის ჯიბიდან მოხდება, ეს უდავოა.“

გადასახადი, რომელიც არის საკმაოდ სოლიდური თანხა, 10 პროცენტი, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე და ეს ყოველივე გავლენას იქონიებს შემდგომ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ...
ტარიფი შეიძლება მართლაც არ გაიზარდოს, მაგრამ დანაპირები გაიაფება, რომ დიდი ხნით გადაიდო, ბევრში ეჭვს აღარ იწვევს. დაახლოებით 1 თვის წინ მარეგულირებელმა კომისიამ ფიჭური კომუნიკაციის ოპერატორებს შორის უერთიერთჩართვის ტარიფი თითქმის გაანახევრა, რასაც სამომხმარებლო ტარიფის კლება უნდა გამოეწვია. ახლა ტარიფის შემცირების პირობას ვეღარავინ იძლევა, მაგრამ სხვადასხვა სარეკლამო აქციები გაგრძელდება, რომლებიც მომხმარებელს იაფად საუბრის საშუალებას მისცემსო, - ამბობენ მობილური კომპანიების წარმომადგენლები. აქციზური გადასახადის დაწესება სხვა მხრივაც დააზარალებს მომხმარებელს. ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის, „ჯეოსელის“, კორპორატიული კომუნიკაციის მენეჯერი, ირმა ცქიტიშვილი, ამბობს, რომ შეფერხდება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისის გაუმჯობესება:

„გადასახადი, რომელიც არის საკმაოდ სოლიდური თანხა, 10 პროცენტი, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე და ეს ყოველივე გავლენას იქონიებს შემდგომ ტექნოლოგიურ განვითარებაზე. საქართველო და, საერთოდ, ჩვენი ქვეყანა განებივრებულია ტექნოლოგიური სიახლეებით. ეს ყველგან არ ხდება. ეს განაპირობა იმან, რომ ინვესტიციები შემოდიოდა და ხმარდებოდა ტექნოლოგიურ განვითარებას.“

ექსპერტების შეფასებით, ფიჭური მომსახურების განვითარებას და გაიაფებას ისიც აფერხებს, რომ საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე მონოპოლიური გარემოა ჩამოყალიბებული. ბაზარზე ორი ძირითადი მოთამაშეა - „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“. ისინი თითქმის თანაბარ სეგმენტებს ფლობენ. ბაზრის 10 პროცენტზე ოდნავ მეტი მოიპოვა „ბილაინმა“, რომელიც ჯერჯერობით უმნიშვნელო კონკურენციას უწევს ძირითად მოთამაშეებს. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ლიდერის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, აქციზური გადასახადის დაწესება კიდევ უფრო ამყარებს „მაგთიკომისა“ და „ჯეოსელის“ პოზიციებს:

მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი
„ჩემი აზრით, ამ ნაბიჯით ისევ იმ მონოპოლიების ლობირება მოხდა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, ანუ სფეროში როდესაც ბევრი გადასახადებია, რთულია იქ შეღწევა, ნაკლები ბიზნესმენი ინტერესდება იქ ინვესტირებით. როდესაც ახალ გადასახადს აწესებს მთავრობა ფიჭურ კავშირგაბმულობაზე მაშინ, როდესაც იქ არის ცუდი, ასე ვთქვათ, არაჯანსაღი კონკურენცია და ოლიგოპოლიის სერიოზული ნიშნები, ნუ, ფაქტობრივად, კიდევ უფრო ამყარებს კომპანიების მდგომარეობას.“

საქართველოში ბოლო წლებში გატარებული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები ნაკლებად შეეხო ფიჭურ კავშირგაბმულობას და, ზოგადად, ტელეკომუნიკაციების სფეროს, რომელიც ძველებურად რეგულირდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ. ექსპერტების აზრით, სწორედ ამის შედეგია ის, რომ, ბაზრის გაფართოების, მოგების ზრდის, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებისა თუ სხვა ეკონომიკური პროცესების მიუხედავად, მობილური სატელეფონო საუბრების ოფიციალური ტარიფი უცვლელი რჩება. შესაბამისად, საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობა სიძვირის მხრივ ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG