Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტინა კეიდანაუ შეხვდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს


ტინა კეიდანაუ
ტინა კეიდანაუ
თბილისში მესამე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდანაუ. მისი სტუმრობის მთავარი მიზანი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრის მომზადება იყო. 10-11 სექტემბერს კეიდანაუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა.

ტინა კეიდანაუს, რომელიც თბილისში ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე სასაუბროდ და ოქტომბერში დაგეგმილი შემაჯამებელი შეხვედრის მოსამზადებლად ჩამოვიდა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ორი დღის განმავლობაში ის დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიგა ბოკერიასთან შეხვედრაზე მხარეებმა სწორედ აშშ-საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. კეიდანაუსათვის საინტერესო საკითხების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მედიამ მისი ვიზიტის მეორე დღეს, 11 სექტემბერს, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერებისგან მიიღო.

როგორც ირაკლი ალასანიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მას და მის თანაგუნდელებს გააცნო, თუ როგორ მიმდინარეობს ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და თავადაც მოისმინა ოპოზიციური სპექტრის აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე: ”განსაკუთრებული აქცენტი, ცხადია, დემოკრატიის განვითარებაზე გაკეთდა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ქვაკუთხედი არის დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლა, იქნება ეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება თუ სხვა. ვილაპარაკეთ საკონსტიტუციო რეფორმის ასპექტებზე, ასევე იმ გეგმებზე, რაც ჩვენ გვაქვს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით.“

ალასანიას განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები არ ერევა ისეთ შიდაპოლიტიკურ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, ახალი კონსტიტუციის მომზადების საკითხი, თუმცა, მისი თქმით, მათ კეიდანაუს იმ ნაკლოვანებების შესახებ აცნობეს, რომლებიც, მათი აზრით, ახალ კონსტიტუციას ექნება: ” ჩვენ მას ვუთხარით, რომ პუტინის მოდელი და სააკაშვილის გაპრემიერების მოდელი ჩვენთვის მიუღებელია.”

შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველოსათვის გამოყოფილი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად მიმართული 30 მილიონი დოლარი იყო: ”ეს თანხა, რომელიც უკვე საქართველოშია, მედიის ტრანსპარანტულობის გაუმჯობესებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საქმეს მოხმარდება. უახლოეს თვეში დაიწყება ამ პროექტების განხორციელება”, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრის შემდეგ ერთსაათიანი პროტოკოლური შეხვედრა ტინა კეიდანაუს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების, წარმომადგენლობასთან ჰქონდა. როგორც პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ამბობს, მათ აქცენტი სამ ძირითად საკითხზე დასვეს: ”ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე, რაზეც კეიდანაუმ აღნიშნა, რომ ამერიკა არ ერევა, რა მოდელის მმართველობას აირჩევს საქართველო, მთავარია, რომ ძალთა ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის დაცული იყოს. ვილაპარაკეთ საარჩევნო კოდექსსა და პარტიების გაძლიერების მექანიზმებზე.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. ქარტიაში ლაპარაკია რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე. ესენია: უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკა და ენერგეტიკა, დემოკრატია და კულტურის სფერო. ყველა ამ სფეროში საქართველოს გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG