Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კინოფესტივალი


12 სექტემბრიდან ბათუმი საავტორო კინოს მოყვარულებს უმასპინძლებს - აჭარის დედაქალაქში გაიხსნა მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, ბათუმის საიუბილეო კინოფორუმი განსაკუთრებით მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა.

ბათუმის კინოფესტივალი ”ა” კლასის კინოფორუმი არ არის და ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ საავტორო კინოს (იმავე ”არტჰაუზის”) ფესტივალმა საერთაშორისო ავტორიტეტი მოიპოვოს, მაგრამ თავად ბათუმელი კინოს მოყვარულთათვის ბათუმის ხელოვანთა სახლის, ”არგანის” მიერ ორგანიზებული კინოკვირეული წლის მთავარი მოვლენაა - სხვა დროს მათ, უბრალოდ, არა აქვთ საშუალება ნახონ საავტორო კინოს შედევრები, გაეცნონ თანამედროვე მსოფლიო კინოპროცესებს, შეხვდნენ და გაესაუბრონ გამოჩენილ კინემატოგრაფისტებს. თუმცა რატომ მხოლოდ ბათუმელებს? შარშან ფესტივალზე ჩამოვიდნენ კინოს მოყვარულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან... ეს ხალხიც იმასვე ამბობდა: აბა, სად ვნახავთ სხვაგან ასეთ კარგ ფილმებს დიდ ეკრანზე, კინოთეატრშიო. სხვათა შორის, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი ჩვენთან საუბარს სწორედ კინოთეატრით იწყებს:

”მთავარი განსხვავება ისაა, რომ არაორდინარულ გარემოში ტარდება - კინოთეატრის ნაცვლად, თეატრში. სასიხარულო სიახლე არაა, მაგრამ ისიც გვაკმაყოფილებს, რომ პრობლემა გადაწყდა - შესაძლებელი გახდა თეატრში ფილმის ჩვენება. აქ გაიმართება საკონკურსო ფილმების ჩვენება. დამხმარე კინოდარბაზად კი გამოვიყენებთ სასტუმრო ”ინტურისტს”, სადაც არასაკონკურსო და ახალგაზრდული ჩვენებები გაიმართება.”

დიახ. ბათუმში კინოთეატრი აღარ არსებობს. კინოთეატრი ”თბილისი”, სადაც ჩატარდა წინა ფესტივალი, რემონტშია, თუმცა, როგორც გაირკვა, ამ დარბაზში კინოთეატრი აღარ იქნება. მეორე კინოთატრი კი, ”ინტერნაციონალი”, ტექნიკურად იმდენად გაუმართავია, რომ აქ კინოსეანსის ჩატარება შეუძლებელი ხდება. თანაც, როგორც გაირკვა, ამ დარბაზს უკვე გაყიდვას უპირებენ (სხვათა შორის, ეს კინოდარბაზი 20-იან წლებშია აშენებული - ყოფილი კინოთეატრი ”აპოლო”, მოდერნის ტიპის ძალიან საინტერესო შენობა). ბათუმში ამბობენ, რომ კინოთეატრებმა აჭარის დედაქალაქში არ გაამართლა - ხალხი კინოში არ დადიოდა და სეანსები, იმავე კინოთეატრ ”თბილისში” არაერთხელ ჩაშლილა. თუმცა ბათუმელი კინოს მოყვარულები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არასწორი მენეჯმენტი და არცთუ ისე საინტერესო პროგრამები იყო... ძვირი იყო ბილეთი და ახალგაზრდა მაყურებელს უჭირდა რუსულად დუბლირებული ფილმების ნახვა.. სამაგიეროდ, ფესტივალს არ აკლია მაყურებელი და შარშანდელი ფესტივალით თუ ვიმსჯელებთ, სეანსები ხალხით გაჭედილ დარბაზებში ტარდება.
თავდაპირველად ზვიად ელიზიანს პროგრამაზე ვკითხეთ. ზვიადმა გვიამბო პროგრამაზე ”ოსტატების კოლექცია”, რომელშიც სულ ხუთი ფილმი იქნება - რომან პოლანსკის, ვუდი ალენის, ჯიმ ჯარმუშის, ნიკიტა მიხალკოვის, ლუკ ბესონის სურათები:

”5 წლის გახდა ფესტივალი. ამიტომ გადავწყვიტეთ, საიუბილეოდ რაც შეიძლება საინტერესო გაგვეხადა პროგრამა. მინიმალური დაფინანსების ფარგლებში, ვფიქრობ, კარგი პროგრამა იქნება. საპატიო სტუმრის სტატუსით გვეყოლება აბას ქიაროსთამი, რომელიც, ალბათ, ყველამ იცის, და ასევე ზბიგნევ რიბჟინსკი, დიდი პოლონელი რეჟისორი. ორივე ავტორის მცირე რეტროსპექტივა შედგება.”

ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ჟიურის უხელმძღვანელებს ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორი ქრისტოფერ კამისჩევი, რომელიც დიდი ხანია ბათუმის საავტორო კინოფესტივალთან თანამშრომლობს და 2008 წელს ფესტივალის პროგრამის დირექტორიც იყო. ჟიურის სხვა წევრები არიან ვასილი სიგარევი (რუსეთი), მაიკლ ბრუკი (ბრიტანეთი), სეიფოლა სამადიანი (ირანი). თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ ფესტივალის მთავარი სტუმრები ბათუმელ ახალგაზრდებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

”როგორ შეარჩიეთ ასეთი მრავალფეროვვანი პროგრამა?” - ვკითხეთ ზვიადს მას შემდეგ, რაც ბიაფის მენეჯერმა საიუბილეო ფესტივალის ფილმები ჩამოგვითვალა:

“ რამდენიმე ფესტივალს დავესწარით - კანის, კარლოვი-ვარის და შევეცადეთ იქ შეგვერჩია ფილმები, რომლებიც რაღაც ფორმით ”არტჰაუზ-სინემას” კატეგორიას მიეკუთვნება.”

ყველა ფესტივალზე გამგზავრება შეუძლებელია, თუმცა, ზვიად ელიზიანის თქმით, მათ ეხმარებიან პოლონელი პარტნიორები, ასევე ჩიკაგოს დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, შეერთებული შტატების საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი.
ბათუმის მე-5 ფესტივალის დირექტორი შეგვახსენებს, რომ ბიაფს აქვს ტრადიცია: ყოველი ფესტივალი რომელიმე ერთი ქვეყნის კინოს ეძღვნება ხოლმე:

”შარშან 6-7 ფილმი ვაჩვენეთ თურქეთის საკონსულოს დახმარებით. წელს, რადგან სტუმარი აბას ქიოროსთამი გვყავს, გადავწყვიტეთ მთავარი ყურადღება ირანულ კინოს დავუთმოთ. კონკურსში იქნება ერთი ირანული ფილმი, ასევე ორი არასაკონკურსო და 3 დოკუმენტური ირანული ფილმი. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ირანია წლევანდელი ფესტივალის მთავარი სტუმარი.”

ყოველწლიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ერთ ქართველ და ერთ უცხოელ კინემატოგრაფისტს აჯილდოებს. წელს ეს პრიზები პოლონელ ზბიგნევ რიბჩინსკის და ქართველ ოთარ იოსელიანს გადაეცემათ. ზვიად ელიზიანთან საუბრის დროს პირადად მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბიაფი აქცენტს უფრო მეტად ცნობილ კინემატოგრაფისტებთან შეხვედრებზე, მასტერკლასებზე აკეთებს და ნაკლებად - ფილმების ჩვენებაზე. ზვიად ელიზიანი არ გვეთანხმება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ფესტივალის პროგრამა უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა, ბათუმში, სულ ცოტა, ერთი კინოთეატრი რომ მაინც ფუნქციონირებდეს:

”მთავარი პრობლემა დარბაზია. ასეთ შეზღუდულ პირობებში ჩვენებებზეც შეზღუდულები ვართ. აქედან გამომდინარე, საელჩოებმა ფილმები რომ ჩამოგვიტანონ, ამდენს ვერ ვაჩვენებთ. ის კი არა, ფილმების განმეორებასაც ვერ ვახერხებთ, განსხვავებით სხვა ფესტივალებისგან. თუკი სამომავლოდ შეიცვლება სიტუაცია (ამბობენ, რომ იგეგმება რამდენიმედარბაზიანი კინოთეატრის მშენებლობა), მაშინ უკეთესი სიტუაცია გვექნება.”

კინოფესტივალი - ადამიანთა შეხვედრების ადგილია..ამ თვალსაზრისით, ბათუმის კინოფესტივალი უკვე შეიძლება ”ა” კლასის კინოფორუმების გვერდით მოვიხსენიოთ. გასული წლის ფესტივალით თუ ვიმსჯელებთ, ბიაფი საუკეთესო საშუალებაა ქართველი კინოს მოყვარულები ერთმანეთსაც შეხვდნენ და კარგ კინოზე ისუბრონ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG