Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება, რომელიც ისე არ მოდის (ქართულ-გერმანული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს)


ლაშა ბაქრაძე, გერმანისტი და ისტორიკოსი
ლაშა ბაქრაძე, გერმანისტი და ისტორიკოსი
„გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს“ - ასეთი სათაური აქვს გერმანისტისა და ისტორიკოსის ლაშა ბაქრაძის მონოგრაფიას, რომელიც თბილისში გამომცემლობა „პეგასმა“ გამოსცა. 300 გვერდიან, უხვად ილუსტრირებულ ნაშრომში, გერმანიის, ავსტრიისა და საქართველოს არქივებში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, დეტალურადაა აღწერილი ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობა 1914-1918 წლებში, რის საფუძველზეც საქართველომ გერმანიის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო და 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს და გუშინ კი არ ჩამოვარდნილა ციდან . ეს იყო თაობების თავგანწირული ბრძოლა! და აი, ამ ბრძოლის შესახებ ლაშა ბაქრაძემ შესანიშვნავი ნაშრომი დაწერა.
ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობის შესახებ საქართველოს ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში ან არაფერი ეწერა, ანდა იდეოლოგიურად დამუშავებული ინფორმაცია იყო გადმოცემული. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართველმა ისტორიკოსებმა ამ სიცარიელის ამოვსება სცადეს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ ლაშა ბაქრაძის მონოგრაფია ამის ერთ-ერთი წარმატებული მცდელობაა:

„ქართული საზოგადოება არ იცნობს 900-იანი და 910-იანი წლების ეროვნულ მოძრაობას და დღეს კი ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ღრმად გავეცნოთ მას. საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს და გუშინ კი არ ჩამოვარდნილა ციდან ანდა შემთხვევით კი არ მოსულა. ეს იყო თაობების თავგანწირული ბრძოლა. და აი, ამ ბრძოლისა და ბრძოლის მონაწილეების შესახებ ლაშა ბაქრაძემ შესანიშნავი ნაშრომი დაწერა.“

ნაშრომს ლაშა ბაქრაძე თითქმის ათი წლის განმავლობაში წერდა. საბოლოო ჯამში, იენაში, ლაიფციგში, ბერლინში, ბერნში, ციურიხში, ჟენევაში, ბონში, პარიზში, ვენასა და თბილისში მოძიებულმა მასალებმა 2002 წელს თავი მოიყარა საკანდიდატო დისერტაციაში, რომლის მიხედვითაც, ქართულ-გერმანულმა ურთიერთობებმა განსაკუთრებული ინტენსივობა პირველი მსოფლიო ომის დროს შეიძინა. კონსტანტინეპოლში შეიქმნა ქართული ეროვნული კომიტეტი, რომელიც, ლაშა ბაქრაძის თქმით, საქართველოს ინტერესებსაც ემსახურებოდა და პირველ მოსოფლიო ომში ჩართული გერმანიისასაც:

„კომიტეტის ეს დაუღალავი მუშაობა რომ არა 1914 წლიდან მოყოლებული, ალბათ, გერმანელები ასეთი მომზადებული ვერ ჩამოვიდოდნენ საქართველოში და ასეთი დაინტერესება არ იქნებოდა გერმანელების მხრიდან საქართველოთი. გერმანელები საქართველოს უყურებდნენ როგორც კავკასიის ცენტრალურ სახელმწიფოს.“

ლაშა ბაქრაძის თქმით, ქართული ეროვნული კომიტეტის წევრები იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები - ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, გიორგი მაჩაბელი, მიხაკო წერეთელი და სხვები. სწორედ წერეთელმა და მაჩაბელმა მიმართეს გერმანიის საგარეო უწყებას წერილით 1914 წლის 24 სექტემბერს და ქართველი ხალხისა და კავკასიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში დახმარება ითხოვეს, იქვე მიუთითეს იმ დადებით შედეგზე, რაც გერმანიისა და მისი მოკავშირეებისათვის ჯერ აჯანყებას და შემდეგ კავკასიის ნეიტრალიზაციას მოჰყვებოდა. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველთა თავმოყრის ადგილად მოკავშირე თურქეთის დედაქალაქი - კონსტანტინეპოლი - გამოცხადდა, გერმანიის კავკასიური პოლიტიკის ძაფები კი ელჩის, ბარონ ვანგენჰაიმის ხელში გადავიდა. 1914 წლის სექტემბერში სწორედ ვანგენჰაიმმა მისწერა ქართველ ემიგრანტებს გერმანიის მთავრობის სახელით შემდეგი შინაარსის წერილი:

ოტო ფონ ლოსო, კონსტანტინეპოლში გერმანიის კონსული და გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი.
„გერმანიის მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ომის დამთავრებისას საშუალება ექნება ომის მწარმოებელ მხარეებს თავისი ნება უკარნახოს, ვალდებულებას იღებს, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ქართველი ხალხის სურვილები შეასრულოს.“

გერმანიამ ნაწილობრივ მართლაც შეძლო დანაპირების შესრულება. ლაშა ბაქრაძის თქმით, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტი, დიდწილად, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერისა და, ხშირ შემთხვევაში, ზეწოლის შედეგია. მონოგრაფიის ავტორი განსაკუთრებით გამოყოფს კონსტანტინეპოლში გერმანიის კონსულის, ოტო ფონ ლოსოს ღვაწლს.

„გენერალი ფონ ლოსო არის ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი - ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანი, როგორიც იყო გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი, რომელიც იყო გერმანიის არა მხოლოდ სამხედრო წარმომადგენელი საქართველოში, არამედ პოლიტიკური წარმომადგენელიც. მან დიდი როლი ითამაშა საქართველოს რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ბაქრაძემ.

გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, თანაც მოხდა რევოლუცია და ამის გამო დაკარგა შესაძლებლობა დახმარებოდა საქართველოს ...
ბარონმა ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინმა მოგვიანებით მემუარები გამოსცა, სათაურით „ჩემი მისია კავკასიაში“, საიდანაც ირკვევა, რომ გერმანიის მთავრობა 26 მაისის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. წიგნში ნათქვამია:

„საქართველოს მთავრობის მხრიდან აშკარა, დაუფარავ, მტკიცე წინააღმდეგობას წავაწყდი, როცა მოვინდომე ვარგისი რეგულარული არმიის ჩამოყალიბებისათვის მიმეცა ბიძგი. ბოლოს იძულებული გავხდი ზეწოლის საშუალებაც გამომეყენებინა.“

თუმცა გერმანიის მთავრობამ ეროვნული კომიტეტისათვის მიცემული პირობის ბოლომდე შესრულება მაინც ვერ შეძლო. ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიის მთავრობამ სიტყვა გატეხა:

„გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, თანაც მოხდა რევოლუცია და ამის გამო დაკარგა შესაძლებლობა დახმარებოდა საქართველოს. ანტანტის ქვეყნებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, გერმანია დამარცხდა და დახმარება ვეღარ გააგრძელა.“

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველო 1919 წლის იანვარში დატოვეს. უფრო ადრე, 1918 წლის 21 ივლისს, თვითლიკვიდაცია გამოაცხადა ქართულმა ეროვნულმა კომიტეტმა, რომლის უკანასკნელ სხდომას ორგანიზაციის სულისჩამდგმელი გიორგი მაჩაბელი თავმჯდომარეობდა. საქართველოს ისტორიის მკვლევარი სიმონ კოპაძე მიიჩნევს, რომ ლაშა ბაქრაძის მონოგრაფიაში კარგადაა წარმოჩენილი გიორგი მაჩაბლისა და კომიტეტის სხვა წევრების თავდადებული ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. იმ დროს, როცა ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსეთის სათათბიროს არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, გიორგი მაჩაბელსა და მის მეგობრებს აჯანყების მოსაწყობად იარაღი შემოჰქონდათ:

„გერმანული წყალქვეშა ნავებით შეჰქონდათ იარაღი, მათ შორის - გიორგი მაჩაბელს... ხუთი ექსპედიცია მოეწყო. კაკი დადიანის მამულებში იმალებოდა... გიორგი მაჩაბელი არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უსერიოზულესი ფიგურა... რომ არა გიორგი მაჩაბელი, კითხვის ქვეშ იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.“

არადა, გიორგი მაჩაბლისა და ეროვნული კომიტეტის ღვაწლი დღემდე მხოლოდ ისტორიკოსთა მცირე წრისთვისაა ცნობილი. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ლაშა ბაქრაძის მონოგრაფიის გამოცემით ეს წრე მნიშვნელოვნად გაიზრდება და გაფართოვდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG