Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მუსიკა - რწმენა და პატრიოტიზმი


მომღერალი სოფო ნიჟარაძე
მომღერალი სოფო ნიჟარაძე
2010 წლის ზაფხული დასრულდა და აღარასდროს განმეორდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დასრულდა და აღარ განმეორდება – ყოველ შემთხვევაში, მომავალი ზაფხულის დადგომამდე - ახალი „საზაფხულო კულტურული პოლიტიკა“, რომელიც დამკვიდრდა ქართულ ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ ტელეარხებზე.

ორი სიტყვით ამ პოლიტიკას შეიძლება ვუწოდოთ „კულტურა – ტურიზმის განვითარებისთვის“, ან, სხვაგვარად, „მთელი კულტურული რესურსი აჭარის რეგიონის ასაღორძინებლად“... აი, უკვე ერთ თვეზე მეტია ქართულ ტელეარხებზე – თანაც, მკაცრი მონაცვლეობით – უჩვენებენ კლიპს „ქალი წითელში“, კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის მონაწილეობით – რომანტიკული მელოდია, რომანტიკულ გრძნობებზე... მაგრამ ისეთი სიხშირით უჩვენებენ (და ისეთი მკაცრი მონაცვლეობით), ეჭვი ჩნდება, რომ ეს დატკბილული სიმღერაც „ტურიზმის განვითარებას“ ემსახურება. მით უმეტეს, რომ ხელჩაკიდებული კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის კადრებს კლიპში „ოცნების ქალაქად“ მონათლული ბათუმის აღმშენებლობის სახე ემატება – ახალი „შერატონით“, შადრევნებით...

ტურიზმი ქართული კულტურის პრიორიტეტული სფერო ხდება... აქედან გამომდინარეა აქტუალური ინგლისური, ოქროს ქვიშები და სუფთა პლაჟები (უკულტურო დამსვენებლებისთვის, მოზრდილი ჯარიმით)... და ყველაფერი ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის გაძლიერებას სჭირდება... ანუ „ქალი წითელში“ რომანტიკული სიმღერაა, რომლის კონტექსტი არა იმდენად ქალის და კაცის სიყვარული, რამდენადაც სამშობლოს, უფრო სწორად, სახელმწიფოს სიყვარულია. უსმენ ამ სიმღერას, უყურებ ამ კლიპს და სახელმწიფოს სიყვარული გიძლიერდება... სახელმწიფოსი... და საქართველოს ხელისუფლების, რა თქმა უნდა.

სატელევიზიო-საქველმოქმედო მარათონზე, რომელიც 10 სექტემბერს გაიმართა რუსთაველის თეატრში, საბავშვო სახლების აღსაზრდელები, ცნობილი მსახიობები, ბავშვები და მოზრდილები ერთად მღეროდნენ სამშობლოსა და ღმერთზე, ლექსებს კითხულობდნენ სამშობლოსა და ღმერთზე და თანაც ისე კითხულობდნენ, რომ დარბაზს ჟრუანტელი უვლიდა...

ასეთი საღამოები იმართებოდა 80-იან წლებში, 90-იან წლებში... მერე „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, მაგრამ ექსტაზისა და ჟრუანტელის ეს მოთხოვნილება უცვლელი დარჩა... ერთადერთი სიახლე, რაც შეიმჩნევა, სამშობლოს სიყვარულის ჩანაცვლებაა სახელმწიფოს სიყვარულით... სხვათა შორის, სპექტაკლი, რომელსაც ამზადებენ ახალგაზრდები „პატრიოტთა ბანაკში"... ის წარმოდგენა, რომელიც ვიხილეთ სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმში „ლიდერი ყოველთვის მართალია“, სწორედ ასეთი ინტონაციითაა გაჟღენთილი.

„ იდეოლოგიურ-კულტურული დომხალია საქართველოში, ამიტომ ბუნებრივია, პატრიოტთა ბანაკიც იქაა, სადაც იმყოფება ქართული საზოგადოება... იქ, სადაც არ ელი პათეტიკას - ახალგაზრდებში... იქაც გხვდება პათეტიკა, ყალბი რიტორიკა, სანთლები, მუშტებშემართული დგომა...“ - გვითხრა ლაშა ბუღაძემ.

მწერალი პატრიოტთა ბანაკებს, ტურიზმის რომანტიკას, პატრიოტიზმისა და ქართული ცეკვის გაკვეთილებს, ინგლისური ენის პირველი კლასიდან სწავლებას და კიდევ უამრავ, ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელ მოვლენას ქართულ კულტურაში „იდეოლოგიურ–კულტურულ დომხალს უწოდებს“.. ეს „დომხალი“ შედეგია კულტურული პოლიტიკისა, რომელსაც არა ახალი ფორმების ძიება, არა არსებული კლიშეების ნგრევა, არამედ იდეოლოგია და პროპაგანდა, უფრო მეტიც, რეკლამა განსაზღვრავს. ამ დომხალის შედეგია სწორედ მართლმადიდებლურ-პატრიოტული მოტივების დამკვიდრება როგორც ერთისგან, ისე მეორისგან ისეთ „შორ კულტურაში“, როგორიც როკ-მუსიკაა.

სოფო ნიჟარაძისა და კრის დე ბურგის რომანტიკული სიმღერით გამოწვეული, ასე ვთქვათ, „პატრიოტული ასოციაცია“ კიდევ იმან განაპირობა, რომ ამ კლიპის მომზადებამდე ცენტრალურ ტელეარხებზე ასეთივე სიხშირით გადიოდა „პატრიოტულ–სახელმწიფოებრივი სიმღერა“აფხაზეთო ჩემო“, იმავე სოფო ნიჟარაძის, გიორგი უშიკიშვილისა და ნინო სურგულაძის მონაწილეობით. აქ პატრიოტულ გრძნობებს თანამედროვე ქართული ესტრადის მთავარი გმირი – ღმერთი დაემატა.. „ჩემი ზღვა და ჩემი მიწა დამიბრუნე, ღმერთო!“ – ევედრებიან მომღერლები ღმერთს... ადამიანებზე, ანუ აფხაზებზე, ცხადია, არაა ლაპარაკი.. არადა, იდეაში კლიპი აფხაზეთში უნდა ენახათ და იმათაც, აფხაზებსაც, აღძროდათ ექსტატიკური ჟრუანტელის გრძნობა.

თუმცა აფხაზეთთან ძალიან ახლოს, ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში ამ კლიპს, როგორც ჩანს, მუდმივად ატრიალებდნენ.. .და სწორედ აქ იღებდნენ ახალ კლიპს საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანი სათაურით - „ნუ ეხუმრები დროს“.

„მართლაც არის ბევრ ქვეყანაში ასეთი ტიპის ბანაკი, სადაც დილით იღვიძებენ, ჰიმნს მღერიან, სწორდებიან... მაგრამ იქ არ არის ასეთი ფსევდოპატრიოტული კონტექსტი და შინაარსი... გერმანულ ბანაკებში ელზასისა და ლოტარინგიის დაბრუნებაზე არავინ ელაპარაკება ბავშვებს”, - აღნიშნა ლაშა ბუღაძემ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც სწორედ პატრიოტთა ბანაკებს ეძღვნებოდა. ამიტომაც ბუნებრივია, ალბათ, რომ, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს ეს ბანაკები შინაარსით თუ მიზნებით კომუნისტური ეპოქის ბანაკებისგან, პიონერთა ბანაკების ასოციაციები მაინც ჩნდება... კულტურული პოლიტიკა, აგებული „სახელმწიფოებრიობის შეგრძნებაზე“, პირველ რიგში, ახალგაზრდულ სივრცეში მკვიდრდება.

”ჩემთვის ორი სოციალური ინსტიტუტი არსებობს, რომელიც ამკვიდრებს იდეოლოგიურ რეალობებს, - ამბობს ლაშა ბუღაძე. – ესაა სახელისუფლო ჯგუფი, რომლის პროექტიც არის პატრიოტთა ბანაკები და, მეორე, საქართველოს ეკლესია, რომელიც ასევე ამკვიდრებს იდეოლოგიურ რეალობას. ეკლესიის შემთხვევაში რელიგიის იდეის დისკრედიტაციაა, აქ კი - პატრიოტიზმისა. ჩემთვის ეს ორი ფენომენი იმის მანიშნებელია, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დაბნეულია და ორივე შემთხვევაში -მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ აღიარებს - საბჭოთა გამოცდილებით საზრდოობს.”

ორივე სოციალური ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტი მრავლად ვიხილეთ ამ ზაფხულს - დაწყებული ბავშვებით, რომლებიც ხმაურიან სისხლზე კითხულობდნენ ლექსებს, და დამთავრებული კრის დე ბურგით, „რომანტიკული პოპ–მომღერლით“, რომელიც, ბედის ირონიით, ქართული კულტურული პოლიტიკის გამომხატველი გახდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG