Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია განაგრძობს ვიზიტს აშშ-ში


ნიუ-იორკში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს და მოხსენებით წარდგა გაეროს სამიტზე, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება. მან ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლის შედეგებზე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში არსებულ ვითარებასა და ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის დონე, რომელიც 2003 წელს 42%-ზე მეტი იყო, ამჟამად 18%-ზე ნაკლებია და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირება აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სააკაშვილმა ისაუბრა გარემოს დაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე ოკუპირებულ აფხაზეთში, საიდანაც სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ინერტული და ხის მასალა გააქვთ. პრეზიდენტმა უცხოელ პარტნიორებს დახმარება სთხოვა სიტუაციის მონიტორინგში და მოუწოდა მათ, მხარი დაუჭირონ ოკუპირებული ტერიტორიებისადმი საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას. ოკუპაციისა და უსაფრთხოების პრობლემებზე პრეზიდენტი სააკაშვილი ისაუბრებს გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზეც, რომლის საერთო-პოლიტიკური დებატებისას მოხსენებით წარდგება 23 სექტემბერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერებს.
XS
SM
MD
LG