Accessibility links

ახალი ამბები

აშშ-ის წარგზავნილი პალესტინელთა ლიდერს შეხვდა

აშშ-ის და პალესტინის ოფიციალური პირების თანახმად, აშშ-ის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში, ჯორჯ მიჩელი ნიუ იორკში შეხვდა პალესტინელთა ლიდერ მაჰმუდ აბასს მიზნით, თავიდან იქნეს აცილებული პალესტინელთა დელეგაციის მერ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკების დატოვება. ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია ისრაელის მთავრობასთანაცაა კონტაქტში იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობაზე მორატორიუმის, კვირისთვის დაგეგმილი დასრულების გამო. აბასმა მუქარა გამოთქვა, რომ დატოვებს აშშ-ის შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებას, თუკი ისრაელი შეწყვეტს მორატორიუმს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია , რათა ისრაელის და პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკება გაგრძელდეს.

ყველა ახალი ამბავი

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ბარიერს აკეთებენ

აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველზე, გზის სავალ ნაწილზე სკამებს, ურნებს, მაგიდებს ალაგებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები დროდადრო ცდილობენ პარლამენტისკენ გადაადგილებას, თუმცა ვერ ახერხებენ მიახლოებას. სამართალდამცავები კვლავ ისვრიან ცრემლსადენი გაზის შუშხუნებს.

სცეპაცრაზმი რუსთაველის გამზირზე მოწოდებებით გადაადგილდება

სპეცრაზმი წყლის ჭავს, ცრემლსადენ გაზს იყენებს და რუსთაველის გამზირზე ოპერის თეატრის მიმართულებით გადაადგილდება. ხმის გამაძლიერებლიდან ისმის ქალის ხმის ჩანაწერი. რომელიც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინაღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათავლისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

რუსთაველის გამზირზე დაშლის მოწოდება გაისმა: თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება ზომები

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რომელიც უკვე რამდენიმე საათია გრძელდება, გაისმა ჩანაწერი, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. ჩანაწერის ხმა აფრთხილებს შეკრებილებს, რომ თუკი არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ფოიერვერკები ისროლეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ფოიერვერკებს ისვრიან.

სამართალდამცავები მათ დაშლისკენ მოუწოდებენ, თუმცა, სასტუმრო "თბილისი მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

შსს არ ადასტურებს ინფორმაციას აქციის მონაწილის დაღუპვის შესახებ

შსს არ ადასტურებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილის დაღუპვის შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 17 მონაწილე და 38 სამართალდამცავი.

რუსთაველის გამზირიდან დაშავებულები გაჰყავთ

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს რუსთაველის გამზირზე დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა კლავ უცნობია. აქციის მონაწილეები ძირითადად, რეზინის ტყვიებით დაშავდნენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.

აქციის მონაწილეები ადგილს იცვლიან, ნაწილი რუსთაველის თეატრისკენ ინაცვლებს. სპეცრაზმი მათ მიჰყვება და ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეები შეძახილებით “საქართველო” სპეცდანიშნულების რაზმთან მიახლოებას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მათ მიახლოების საშუალებას არ აძლევენ და ცრემლსადენი გაზით პასუხობენ.

საპარტიარქო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

„დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.

სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალებია შეყვანილი.

მამუკა ბახტაძე: რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ ყოფილა

"სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.

მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართული კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული" - თქვა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებსაც სამართალმდაცველები წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით შლიდნენ.

აქცია პარლამენტის წინ სპონტანურად დაიგეგმა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის წევრმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიმართა პარლამენტში მართლმადიდებლური ანსამბელის მონაწილეებს და ქართველ დეპუტატებს.

აქციაზე რეზინის ტყვიებით დაშავდნენ ჟურნალისტები

თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის გაშუქებისას დაშავდნენ ჟურნალისტები. მათ უმრავლესობას სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა.

აქციაზე დაშავდა როიტერსის კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში მაკა ანთიძე. მას ზურგში მოხვდა აგურის ნატეხი, გაბზარული აქვს ნეკნი.

დაშავდნენ მედიასაშუალება On.ge-ს ჟურნალისტები გვანცა ნემსაძე და ანა ვახტაგაძე, მათაც რეზინის ტყვიები მოხვდათ.

რეზინის ტყვია მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. რეზინის ტყვიები მოხვდათ ტვ პირველისა და რუსთავი 2-ის ოპერატორებსაც.

„ინტერპრესნიუსი" იტყობინება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა მათი კორესპონდენტი თორნიკე კოშკაძეც.

რეზინის ტყვია მოხვდა რადიო თავისუფლების ოპერატორსაც.

პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, გიორგი დიასამიძეს.

civil.ge-ს ჟურნალისტს, გურამ მურადოვს ზურში აქვს რამდენიემე რეზინის ტყვია მოხვედრილი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაიცვალ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

"კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ ." - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლის

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლის.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმს წინ უწვებიან.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შემოჰყავთ

GEORGIA-PROTESTS/POLICE

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შემოჰყავთ. ვითარება პარლამენტის წინ უკიდურესად დაძაბულია.

დაშავებულები ჟურნალისტებიც.

დაპირისპირებაა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის

პარლამენტის წინ სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. მათ შორის ხელჩართული ჩხუბია. მოქალაქეთა ნაწილი რკინის ჯებირებით ცდილობს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც მათი მისამართით კვლავ ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იყენებს.

დაიძაბა ვითარება პარლამენტთან

დაიძაბა ვითარება რუსთაველის გამზირზე. კვლავ ისმის სროლის ხმა, სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს იყენებს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

ამ დროისათვის, პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

მათი მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე.

საპროტესტო აქცია მოჰყვა, 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას მართლმადიდებლობის ასამბლეაზე, რომელიც თბილისში 19-22 ივნისს იყო დაგეგმილი.

სერგეი გავრილოვმა და რუსეთის დუმის სხვა დეპუტატებმა თბილისი მწვავე პროტესტის ფონზე, ნაჩქარევად დატოვეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას.

ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე 17 მოქალაქე და 38 სამართალდამცველი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად, 17 მოქალაქე დაშავდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ამ ეტაპზე ყველა მათგანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, დაშავებულია 38 სამართალდამცველი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოთხ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ხოლო დანარჩენებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დემონსტრანტების მისამართით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები ისროლეს.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ხალხს რეგიონებიდან თბილისისკენ დაიძრან

„მინდა, მოვუწოდო ჩვეულებრივ ადამიანებს რეგიონებიდან, დაიძრათ თბილისისკენ - არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, აქედან თავი დაიძვრინოს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში მიმართვას ავრცელებს.

„მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო აქციის მონაწილეების გამბედაობის მიმართ, ძალიან მაგარი ხალხია. ეს არ არის პარტიული აქცია, მაგრამ ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც ერთდროულად ეთერში უყურებს დაახლოებით 18 500 ადამიანი, რაც აბსოლუტური ისტორიული რეკორდია საქართველოში ნებისმიერი ფეისბუკ-აუდიტორიისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და ქართველები მსოფლიოს მასშტაბით ფეხზე არიან. მე მინდა, მოვუწოდო რეგიონებიდან ჩვეულებრივ ადამიანებს, ყველას, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია ან იმ ხალხს, რომელიც არ მეთანხმება, ამას მნიშვნელობა არ აქვს: ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დაიძრათ თბილისისკენ ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად. ვიცი, რომ სენაკიდან, წალენჯიხიდან, აჭარიდან მოდის ხალხი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავიძრათ საქართველოს დედაქალაქისკენ, რათა მოშორდეს ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას. მოლდოვამ, სომხეთმა, უკრაინამ მოიშორეს, საქართველო არავიზე ნაკლები არ არის. თქვენ იცით, დაიძარით, ყველანაირ საორგანიზაციო დახმარებას აღგითქვამთ, მაგრამ ახლა უკვე ვისაც შეუძლია, თავისი რესურსებით უნდა დაიძრას უახლოეს წუთებში, უახლოეს საათებში. ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს, არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, თავი დაიძვრინოს აქედან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ცოტა ხნის წინ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. არიან დაშავებულები.

შსს განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის წინ მიმდებარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:

„როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტორს მოახდენს რეაგირებას“, - წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე საათია დაძაბული ვითარებაა პარლამენტის შენობის წინ. საპროტესტო აქციის მონაწილეები შს მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება,.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში განცხადებას ავრცელებს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში აცხადებს: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ.

პარლამენტის შენობის წინ აქცია დაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

პარლამენტის შენობა მთლიანად ბლოკირებული აქვთ სპეცრაზმელებს.

არიან დაშავებულები. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ.

არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაცით დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

„ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.
და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!
დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ“,- წერსცსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ რეზინის ტყვიები გამოიყენეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სავარაუდოდ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

არიან დაშავებულები, ხილული სისხლმდენი დაზიანებებით. მათთვის დახმარების აღმოჩენას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ.

მანამდე სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ხალხი მნიშვნელოვნად შემცირდა პარლამენტის შენობის წინ. თუმცა გაფანტული დემონსტრანტები თანდათან ისევ იკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სპეცრაზმი. პარლამენტის შენობაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, "შეინარჩუნონ სიმშვიდე" და "მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში"

თბილისში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: "ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში".

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დემონსტრანტები იშლებიან.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ყელის წვა და ცრემლდენა.

მანამდე, ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ და განახლდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები სამართალდამცველებს, სავარაუდოდ - სპეცრაზმის წარმომადგენლებს, ართმევდნენ ფარებსა და ჩაფხუტებს. იყო ცარიელი ბოთლების სროლის შემთხვევებიც.

აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ, რომ სამართალდამცველები სათითაოდ შეეთრიათ სიღრმეში და მოექციათ ხალხის ალყაში. სავარაუდოდ, ასეთი ქმედების მიზანი იყო სამართალდამცველთა რიგების შეთხელება.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ „საქართველო, საქართველო“.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები - როგორც აქციის მონაწილეების, ასევე სამართალდამცველების რიგებში.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების არაერთი ავტომობილი.

საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

ნინო ლომჯარია: პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!

„საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!“ - აცხადებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია.

„შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები შს მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები უკვე ერთ საათზე მეტია პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG