Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის ეროვნული გვარდია უარყოფს ცნობას ვერტმფრენის ავარიაში 28 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ


ტაჯიკეთის ეროვნულმა გვარდიამ დღეს უარყო ბევრ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელებული ცნობები, რომ 28 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ავარიაში, რომელიც აღმოსავლეთ ტაჯიკეთში მოხდა, ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დროს. ეროვნული გვარდიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა ოთხშაბათს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, ხოლო ეკიპაჟის დამხმარე სამი ტექნიკოსი - მოგვიანებით გარდაიცვალა, ავარიის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად. დღეს უფრო ადრე, მედიამ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 28-მდე ადამიანი, მათ შორის ელიტური ანტიტერორისტული შენაერთის ჯარისკაცები, დაიღუპნენ ვერტმფრენის ავარიაში, რომელიც შესაძლოა მეამბოხეების სარაკეტო იერიშის შედეგი იყო. ტაჯიკეთის ჯარები სპეცოპერაციას ახორციელებენ რაშტის ხეობაში მყოფი ექსტრემისტების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც, სულ ცოტა, 26 ჯარისკაცი იქნა მოკლული სამხედრო კოლონაზე ამ რეგიონში, სექტემბერში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ოფიციალური პირების განცხადებით, ექსტრემისტებს ხელმძღვანელობს ისლამისტური ოპოზიციური ძალების ყოფილი ლიდერი, რომელიც მთავრობის ჯარებს ებრძოდა 1992-97 წლებში, ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის დროს.
XS
SM
MD
LG