Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგის ანგარიში ძველი და ახალი აქცენტებით


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი
2008 წლის საომარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა უზრუნველყონ და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, - აღნიშნულია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ანგარიშში, რომელიც საქართველოში მისი ბოლო ვიზიტების საფუძველზეა შედგენილი.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის წლიურ ანგარიშში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა, კრიტიკულადაა შეფასებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დაცვის 6 პრინციპის შესრულების მდგომარეობა. ეს პრინციპებია: დაბრუნების უფლება; ადგილნაცვალ პირთა უფლება მზრუნველობასა და მხარდაჭერაზე; ასაფეთქებელი ნივთირებებისა და ომის სხვა ნარჩენების საფრთხისაგან დაცულობის უფლება; უკანონობისაგან დაცვის უფლება; პატიმრების დაცვა და გათავისუფლება და მძევლების აყვანის პრევენცია და, ბოლოს, საერთაშორისო დახმარება. თომას ჰამარბერგის განმარტებით, მომავალ ანგარიშებში, სავარაუდოდ, აქცენტები შეიცვლება და, შესაბამისად, 2008 წლის ომის შემდგომი სიტუაციის ანალიზი ზემოხსენებული ექვსი პრინციპის მიხედვით არ განხორციელდება:

”ვითარება, რა თქმა უნდა, შეიცვალა. ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ტერიტორიების განაღმვა, ბუფერულ ზონაში მაროდიორობა, სახლების გადაწვა და სხვა, აღარ არის აქტუალური. სხვა ვითარებაა. ჩემი აზრით, მომავალი ანგარიშის სტრუქტურა შეიცვლება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ 6 პრინციპზე დაფუძნებული ბოლო ანგარიშია ეს.”

იმ ექვსი პრინციპიდან, რომელთაც ამ ფორმით, თომას ჰამარბერგის თქმით, მომავალი ანგარიშები აღარ დაეყრდნობა, განსაკუთრებით მწვავედ დგას პირველი, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პრობლემა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ 100 000-ზე მეტი ადამიანიდან, ვინც კონფლიქტის დროს შიდა ქართლის სოფლები დატოვა, სამხრეთ ოსეთის უშუალოდ მიმდებარე რაიონების ჩათვლით, 2008 წლის ბოლოსთვის უმეტესობა დაუბრუნდა სახლ-კარს, რასაც ვერ ვიტყვით ეთნიკური ქართველების იმ ნაწილზე, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან გამოიქცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ საკითხებზე ჟენევის ფორმატში მოქმედი ჰუმანიტარული ჯგუფის ფარგლებშიც კი ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა. შესატყვისია ევროკომისრის მითითებაც: ყველა შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნება და კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში დაუბრკოლებელი გადაადგილების თავისუფლება.

ანგარიშის თანახმად, ევროკომისარი დადებითად აფასებს იმ შრომას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ადგილნაცვალ მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად გასწია, თუმცა აღიარებს ნაკლოვანებებსაც, კერძოდ, ისეთ პრობლემებთნ დაკავშირებით, როგორიცაა: დევნილის სტატუსის დისკრიმინაციის გარეშე მინიჭება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში, დევნილთა ჰუმანიტარული დახმარება, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა კონფლიქტის რეგიონებში და სხვა. ამ მიმართულებით კოალიციის „დევნილთა უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბენდიანიშვილი გამოყოფს ანგარიშში მოხვედრილ ერთ-ერთ ფაქტს, რომელიც ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო აქტივობის ჩახშობის ტენდენციებზე მიუთითებს. საქმე ეხება თემურ ცხოვრებოვის ცემის გახმაურებულ შემთხვევას.

”ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხები, უკანონოდ საზღვრის გადამკვეთთა დაკავების საკითხები და ზოგადად დევნილთა მდგომარეობის საკითხი, რომელიც საკმაოდ დეტალურად აქვს მას მიმოხილული. ბევრი ისეთი კორექტული მითითება და რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება.”

ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება”, მიმდინარე ზაფხულს დევნილთა ძალისმიერი გამოსახლების გამოძახილია. დევნილთა საკითხები ხელისუფლებამ მათთან უშუალო მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაჭრას, - აღნიშნავს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი.
XS
SM
MD
LG