Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიმდინარე საყოველთაო აღწერა ბევრ პრობლემას აწყდება


რუსეთის რუკა
რუსეთის რუკა
პარასკევს რუსეთმა ოფიციალურად დაიწყო თავისი დაახლოებით 142 მილიონი მცხოვრების დათვლა-კატეგორიზების პროცესი. მთავრობის დიდი სურვილია 2010 წლის საყოველთაო აღწერამ თავიდან აიცილოს 8 წლის წინ ჩატარებული ანალოგიური პროცესის შეცდომები, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა რამდენიმე წელიწადში მოსახლეობას შეცვლილი შედეგები წარუდგინა. უთანხმოებისა და პრობლემების დიდი წილი რუსეთის ეთნიკურ უმცირესობებზე მოდის, რომლებსაც სურთ, რომ მათი რიგები ჯეროვნად იქნეს აღრიცხული.

რუსეთში საყოველთაო აღწერის დაწყების ფონზე, შამხალდიბირ ისაევთან მოკლე გასაუბრებაც საკმარისია იმისათვის, რომ გამოჩნდეს, რამხელა პრობლემებია მოსალოდნელი.

ისაევი დაღესტანში ცხოვრობს და მახაჩყალის უნივერსიტეტში სამართალს ასწავლის. ის ჩამალალია - იმ მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც დაღესტნის სამხრეთ-დასავლეთში ცხოვრობს.

ჩამალალები დაღესტნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის, ავარების, რიგებში შედიან. გავრცელებული ვარაუდით, ჩამალალთა საერთო რაოდენობა 5,000-ს არ აღემატება. მათ თავიანთი ენა აქვთ, რომელიც კიდევ ორ განსხვავებულ დიალექტად იყოფა. ამ დიალექტებს გიგათლი და გაკვარი ეწოდება.

ამდენად, ისაევი, ძალიან თუ დავაკონკრეტებთ, გაქალაქელებული ჩამალალია, რომელიც გიგატლის დიალექტზე საუბრობს.

ცხადია, ეს ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რომლის სრულად აღრიცხვა ნებისმიერ ბიუროკრატს ძალიან გაუჭირდება. 2002 წელს - წინა აღწერის დროს - ისაევმა თავი ავარად გამოაცხადა, თუმცა იქვე ფრჩხილებში მიაწერა, რომ ჩამალალია:

„რატო გავაკეთე ეს? ჯერ ერთი, ავართა ჯგუფი, როგორც ნებისმიერი სხვა ხალხი, რამდენიმე ეთნო-ლინგვისტურ ქვეჯგუფს შეიცავს. ავარები საკუთარ თავს "მაღლარულალს" უწოდებენ, რაც პირდაპირ თარგმანში „მთის ხალხს ნიშნავს“, - ამბობს ისაევი და განაგრძობს: „თუმცა ესეც არასწორია - მთის ხალხი სხვებიც არიან, მაგალითად ლაკები, დარგინები. როცა ზოგიერთი ენათმეცნიერი აცხადებს, რომ "მაღლარულალი" რომელიმე კონკრეტულ ეთნოსს კი არა, უბრალოდ მთის ხალხს ნიშნავს, მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს სახელი ავართა ფესვებს, მათ კულტურას და მენტალობას გამოხატავს“.

დაღესტანში - ჩრდილოკავკასიის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვან რესპუბლიკაში - სულ 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ახლანდელი მონაცემებით, იქ 14 მსხვილ ეთნიკურ ჯგუფს და მათთან დაახლოებულ კიდევ ათობით ქვეჯგუფს უდევს ბინა. მათ უმეტესობას თავიანთი ენა აქვს, რომელიც ხშირად წერილობითი ფორმით არც არსებობს. დაღესტნის მცხოვრებთა აღწერა და მათი ეთნიკური თუ ენობრივი ნიშნით კატეგორიზაცია მხოლოდ ერთ-ერთი იქნება იმ უამრავი სირთულიდან, რომელიც 12-დღიანი საყოველთაო აღწერის დროს იჩენს თავს რუსეთში.

დომინანტურ ეროვნებას რუსეთში ეთნიკური რუსები წარმოადგენენ - ისინი მოსახლეობის 80 პროცენტს უტოლდებიან. დარჩენილი 20 პროცენტი კი მრავალფეროვანი და კომპლექსური ეთნიკური ჯგუფებისგან შედგება. სტატისტიკის ფედერალური სამსახურის, როსსტატის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომლითაც ქვეყნის 142 მილიონმა მცხოვრებმა საკუთარი თავის იდენტიფიცირებისას უნდა იხელმძღვანელოს, 1,840 შესაძლებლობაა ჩამოთვლილი.

მარტივი განსაზღვრებების გარდა, - ისეთების, როგორიცაა „რუსი“ თუ იგივე „ჩამალალი“, - გათვალისწინებულია უფრო რთული კატეგორიებიც, მაგალითად, „ყაბარდოულ ენაზე მოსაუბრე ადიღელი“. ხოლო მათ, ვისაც თავის მკაცრად იდენტიფიცირება არ სურს, როსსტატი უფრო უნივერსალურ კატეგორიებსაც სთავაზობს - მაგალითად, „მსოფლიოს მოქალაქის“ ცნებას. ოფიციალური პირების განცხადებით, მოქალაქეებს უფლება უნდა მიეცეთ აირჩიონ, რომელ ეროვნებას მიაკუთვნონ თავი ან საერთოდ უარყონ ეროვნება.

ამგვარ ნიუანსებს დადებითად ხვდება მოსახლეობა ჩრდილოკავკასიაში, სადაც ბევრი ეთნიკური ჯგუფი ფიქრობს, რომ 2002 წლის აღწერის დროს მათი რაოდენობა ხელოვნურად შეამცირეს. არადა, ფედერალური დაფინანსების მიღების და პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხები სწორედ საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული...

მაგრამ სხვა ეთნიკური ჯგუფები - მაგალითად, თათრები - ამგვარი დაყოფის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს მათი რეალური რაოდენობის შემცირების მიზნით კეთდება. სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ სიაში დაახლოებით 30 ვარიანტია მოცემული, ძირითადად, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით - ასტრახანელი თათრები, ციმბირელი თათრები და ასე შემდეგ.

ბევრი მუსულმანი თათარი, რომლებიც შიშობენ, რომ მოსკოვი და მართლმადიდებელი ეკლესია მათ ასიმილაციას ცდილობს, აცხადებს, რომ თათრები თათრებად უნდა აღირიცხონ, მათი მდებარეობის მიუხედავად.

ამასთან, თათრეთში გავრცელებულია შიში, რომ მეზობელი ბაშკირეთი თავის თათრულ უმცირესობას ბაშკირებად ჩაწერს, ისევე როგორც რესპუბლიკის ლიდერებმა ეს 2002 წელს გააკეთეს. ბოლო კვირებში სახელმწიფო ტელევიზიით ხშირად გადის გადაცემები ტრადიციულ ბაშკირულ სოფლებზე, რომლებიც, მათი თქმით, „საუკუნეების მანძილზე ბაშკირებით იყო დასახლებული“.

თუმცა ზოგიერთი თათარი - მათ შორის, ისტორიკოსები - აცხადებს, რომ ამ სოფლებში, სინამდვილეში, ეთნიკური თათრები ცხოვრობენ და ეს ასეც უნდა აღირიცხოს.

რუსეთის უმცირესობების გარდა, კიდევ სხვა პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ასიათასობით უცხოელს უკავშირდება. ფედერალური მთავრობის დიდი სურვილია ისინიც ჩართოს აღრიცხვაში - იმის მიუხედავად, ისინი იქ ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად.

მთავრობა ცდილობს სტუდენტების, მიგრანტი მუშებისა და სხვა უცხოელების დარწმუნებას, რომ აღწერის პროცესი მათ არაფერს დაუშავებს. მაგალითად, აღმწერებს აკრძალული აქვთ საპასპორტო მონაცემების მოთხოვნა. თუმცა, სავარაუდოდ, ამგვარი განცხადებები მაინც არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ბევრმა მიგრანტმა მუშამ მართლა მიიღოს მონაწილეობა აღწერაში. ეს განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩასულ 5 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება, რომლებიც რუსეთში არალეგალურად ცხოვრობენ და ურჩევნიათ სრული ანონიმურობა შეინარჩუნონ.

მონაწილეობის წახალისების მიზნით, როსსტატმა აღწერის შესახებ ინფორმაცია 14 ენაზე დაბეჭდა - მათ შორის, აზერბაიჯანულად, ტაჯიკურად, ყირგიზულად, ინგლისურად, ჩინურად, თურქულად და ვიეტნამურად. თავიანთი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის და შემადგენლობის გარდა, მთავრობას იმედი აქვს, რომ ისეთი ფაქტორების გაზომვასაც შეძლებს, როგორიცაა რუსეთის მოქალაქეთა განათლების დონე, შემოსავლის ოდენობა თუ საცხოვრებელი ადგილის ტიპი. თუმცა ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება ყველა ეს მცდელობა, 2011 წლის აპრილის შემდეგ გამოჩნდება. აღწერის საბოლოო შედეგების მიღებას სწორედ ამ დროს ვარაუდობენ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG