Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხის არქეოლოგიური გათხრები - მითები რეალობად იქცევა


ახალციხე
ახალციხე
სამხრეთ საქართველოში, სამცხის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები შესაძლოა, სენსაციური, ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს. ასე აფასებენ ქართველი და იტალიელი არქეოლოგები იმ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც გათხრები მიმდინარეობს. იტალიელი პროფესორის ლივიო ძერბინის მოლოდინით, გათხრებმა, შესაძლოა, არგონავტებისა და პრომეთეს შესახებ მითების რეალურობა დაადასტუროს, დაგვარწმუნოს, რომ ეს მითები უტყუარ ისტორიულ ფაქტებს ემყარება. რა ეტაპზეა დღეს არქეოლოგიური გათხრები და რა განსხვავებაა აქამდე ჩატარებულ სხვა კვლევებსა და ამ არქეოლოგიურ სამუშაოებს შორის?

თქვენ ფიქრობთ, რომ შემთხვევითობაა ის, რომ ყველა ეს მითოლოგიური პერსონაჟი საქართველოში იყრის თავს? ...
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიის ფერარას უნივერსიტეტს შორის 3 წლის წინ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე სამცხეში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. 3 ათას კვადრატულ კილომეტრზე გაფანტული სამარხები და ნამოსახლარები აქამდე შესწავლის საგანი არ ყოფილა. ამ დრომდე სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩატარებული. გასულ წელს გაითხარა აწყურის ტერიტორია და სოფელ ოთას სამაროვანი. ერთ-ერთი სამაროვნის გათხრისას მიაკვლიეს 72 ინდივიდის ძვლებს, ისინი ერთ სამარხში იყვნენ დაკრძალული. იქვე აღმოჩნდა ალუვიური ოქროსაგან დამზადებული მძივის გარსაკრავი. თსუ-ს პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ეს არის აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ნივთი, რომელიც ძველი კოლხური ოქროს დამზადების წესით არის შექმნილი. ეს აღმოჩენა, მისი განმარტებით, გვაფიქრებინებს, რომ არგონავტების მოგზაურობა და მასთან დაკავშირებული მითიური ამბები, შესაძლოა, ისტორიული სინამდვილე იყოს. ამას ხაზს უსვამს ფერარას უნივერსიტეტის პროფესორი ლივიო ძერბინიც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა:

”მთელმა მსოფლიომ იცის იასონის, არგონავტების და მედეას, პრომეთეს ისტორია. თქვენ ფიქრობთ, რომ შემთხვევითობაა ის, რომ ყველა ეს მითოლოგიური პერსონაჟი საქართველოში იყრის თავს? თქვენ უდიდესი ქვეყანა გაქვთ, უდიდესი ისტორიით, და უნდა შეძლოთ შესაბამისად შეაფასოთ თქვენი ქვეყანა”.

ლივიო ძერბინი ასევე ამბობს, რომ ანტიკური ხანის მსოფლიო ისტორიას საგულისხმო ფრაგმენტები აკლია. ამ თვალსაზრისით კი, სამცხის გათხრები მნიშვნელოვან წყაროდ გამოდგება, რომელიც ამ ისტორიას ახალი დეტალებით შეავსებს.

ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა ინტერდისციპლინარულ საფუძვლებს ემყარება, ანუ აღმოჩენილ მასალას სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები სწავლობენ. ასეთი კვლევა კი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. მაგალითად, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ამბობს, რომ შეისწავლება იმჟამინდელი ფლორა და ფაუნა, დაავადებათა თავისებურებები და მათი დინამიკა, კლიმატის ცვლილებები. უკვე ჩატარებული კვლევის შედეგად თვალსაჩინო აღმოჩენები გაკეთდა. ამის შესახებ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი საუბრობს:

”სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ მიერ წარმოებული გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალაზე ჩატარდა პალინოლოგიური ანალიზი, ანუ მტვრიანას ანალიზი და დადგინდა, რომ სრულიად სხვაგვარი კლიმატი და ბუნებრივი გარემო უნდა ყოფილიყო. კერძოდ, ძალიან დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ზეთისხილის მტვერი, რაც იმას მიანიშნებს, რომ აქ გაშლილი იყო ზეთისხილის პლანტაციები, რაც ახლა წარმოუდგენელია სამხრეთ საქართველოს კლიმატის პირობებში”.

თვალსაჩინო გახდა ცვლილებები ეთნოსთა ჩანაცვლების თვალსაზრისითაც:

”მესამე, მეორე, პირველი ათასწლეულების განმავლობაში აქ რამდენჯერმე იცვალა სახე მატერიალურმა კულტურამ. არის ეს ადგილობრივი კულტურის, ეთნოსის განვითარების შედეგი თუ აქ ხდება რაღაც ეთნიკური ცვლილებები, ანუ იმ ხალხის ადგილას, რომელიც იქ ცხოვრობდა, მოდის სხვა ხალხი, იკავებს ამ ადგილს და ქმნის თავის განსაკუთრებულ კულტურას?.. ასეთი ცვლილებები რამდენჯერმე მოხდა სამცხის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ძალიან აქტიური ჩანს კოლხური ელემენტი და რა ხდება? ეს არის კულტურის ინფილტრაცია თუ კოლხები იკავებენ ამ ტერიტორიას? მანამდე აქ იყო ხეთური კულტურის ნაშთები, გარკვეული იმპულსები არის ეგეოსური კულტურისა სამარხების კონსტრუქციებში, მაგალითად... ანუ შეკითხვები ძალიან ბევრია და მათ გადაწყვეტას სჭირდება სწორედ ასეთი ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომ პასუხები გავცეთ ამ შეკითხვებს”, - განმარტავს ვახტანგ ლიჩელი.

ასევე ყურადღებას იპყრობს ურთიერთობა სხვა ცივილიზაციებთან.

”სწორედ აქ, ძველი აწყურის ტერიტორიაზე, თავს იჩენს ბერძნული იმპორტი, რომელიც წარმოდგენილია ძალიან ნატიფი კერამიკით, იმდენად ძველით, რომელიც მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროებზეა აღმოჩენილი და აქ, სამცხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სხვაგან ასეთი ძველი ურთიერთობების ამსახველი იმპორტი არ გვაქვს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველი ბერძნული იმპორტის გამოჩენის შემდეგ ეს ურთიერთობა 5 საუკუნის განმავლობაში არის უწყვეტი”.

ანთროპოლოგი მზია რჩეულიშვილი, რომელიც სოფელ ოთას სამაროვანში აღმოჩენილ ძვლებზე მუშაობდა, ამბობს, რომ იმჟამინდელი ადამიანის საშუალო ასაკი 45 წელი იყო, სამედიცინო თვალსაზრისით მიღებული დასკვნით კი, ყველაზე გახშირებული დაავადება სიმსივნე და ანემია იყო:

”კბილებში არის ჩირქოვანი ბუდეები. კიდევ ჰაიმორის ღრუში იყო ასეთი ბუდეები დაფიქსირებული, მაგრამ მე ეს დამემტვრა იქ, ადგილზე. საკვირველია, საერთოდ აქამდე როგორ შემოინახა, იმიტომ რომ ეს ძვლოვანი ქსოვილი არის ძალიან განაზებული და იშლება. გვხვდება ასევე კბილების პათოლოგიები - ზედმეტი კბილები, სასაში გამოსული კბილი. ასევე გვხვდება რაქიტული, სისხლნაკლული თავის ქალები, განსაკუთრებით ბავშვებში. თუმცა ეს ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ ბრინჯაოს ხანის მოსახლეობა, ძირითადად, ხორცით იკვებებოდა და იქ, ადგილზე, სოფელ ოთასთან ახლოს, არის ხშირი ტყეები, სადაც ნადირი აუცილებლად იქნებოდა. იქვე პატარა მდინარეა, თევზს დაიჭერდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც რაღაც ნივთიერება აკლდებოდათ - ალბათ, ”დე” ვიტამინი - და ამიტომ ბავშვები სისხლნაკლებობით იტანჯებოდნენ და, ზოგ შემთხვევაში, ძვლებიც რაქიტიანია”.

მესამე ათასწლეულის შესახებ ნარატიული, ანუ წერილობითი, წყარო არ არსებობს. ამდენად, შეგვიძლია თავიდან ბოლომდე არქეოლოგიურ მასალებს დავეყრდნოთ.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე ათასწლეულში სამედიცინო ოპერაციები ტარდებოდა, რომელიც, მზია რჩეულიშვილის განმარტებით, დღევანდელი ტრეპანაციის ტოლფასი იყო. ტრავმის შედეგად თავის ტვინში მიღებულ სისხლჩაქცევებს ე.წ ჩარტყმა-ჩახვრეტის მეთოდით მკურნალობდნენ. თავის ქალებზე აღმოჩენილი ნაკვალევები ამის დასტურია. ზოგან შეხორცების კვალი ჩანს, ზოგან კი იარაა დარჩენილი, რაც იმას მოწმობს, რომ ცუდად ჩატარებულ ოპერაციას პაციენტი შეეწირაო, ამბობს მზია რჩეულიშვილი

როდესაც სამცხის გათხრების ისტორიულ მნიშვნელობაზეა საუბარი, ისტორიკოსი ლერი თავაძე ხაზს უსვამს ერთ გარემოებას: ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე-მეორე ათასწლეულის შესახებ ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს, არც ქართული და არც უცხოური, არქეოლოგიური მონაცემები მკაფიო წარმოდგენას შექმნის იმ დროის ყოფისა და ისტორიული ფაქტების შესახებ:

”მესამე ათასწლეულის შესახებ ისტორიული წყაროები საერთოდ არ გვაქვს. მითების დონეზე კი ჩვენ, ძირითადად, ვეყრდნობით არქეოლოგიურ მასალას. ის მითებიც კი - მაგალითად, უძველესი მითი არგონავტების შესახებ - უფრო პირველი ათასწლეულია, მაქსიმუმ მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარი. მესამე ათასწლეულის შესახებ ნარატიული, ანუ წერილობითი, წყარო არ არსებობს. ამდენად, შეგვიძლია თავიდან ბოლომდე არქეოლოგიურ მასალებს დავეყრდნოთ ”.

სამცხეში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარე სამუშაოები, რომელიც აღმოჩენილი ძვლების დნმ-ის ანალიზებსაც მოიცავს, ისტორიას მრავალი სიახლით შეავსებს, ფიქრობენ სპეციალისტები.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG