Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კონსტიტუცია და ახალი ”ქართული პარტია”


”ქართული პარტიის” ლიდერები სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიჭმარიშვილი პრესკონფერენციაზე
”ქართული პარტიის” ლიდერები სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიჭმარიშვილი პრესკონფერენციაზე
წინა კვირის ბოლოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დალოდებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ზედმიწევნით გაეთვალისწინებინა მისი საბოლოო რეკომენდაციები. დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციები, სხვათა შორის, ეხებოდა ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის ხარისხს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის არჩევაში და პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას და ამ მიმართულებით იმ დებულებების გადასინჯვას, რომლებიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის უფლებამოსილების საკითხებს ეხება.

თუმცა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ საბოლოო დასკვნას არ დალოდებოდა. თავდაპირველად კონსტიტუციის პროექტისათვის მესამე მოსმენით კენჭისყრა სამშაბათს იყო ნავარაუდევი. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, კონსტიტუციის მიღების პროცესი ისედაც გაიწელა, ყველამ უკვე გაიაზრა, რას წარმოადგენს კონსტიტუციის ახალი პროექტი, ოპოზიციასთან შეთანხმება შედგა და მოცდას აზრი არა აქვსო.

მაგრამ სამშაბათს პარლამენტს კონსტიტუციისათვის კენჭი არ უყრია. ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, კონსტიტუციის მესამე მოსმენით რედაქტირებული პროექტის ტექსტი დეპუტატებს კენჭისყრამდე 5 წუთით ადრე დაურიგდათ, ტექსტის გადამოწმების საშუალება არ გვქონდა და იქნებ კენჭისყრა რამდენიმე დღით გადავდოთო. პარლამენტის თავმჯდომარე დათანხმდა.

საბოლოოდ ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 15 ოქტომბერს დაამტკიცა. 112 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობა რეალურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

სულ კონსტიტუციაში 44 ცვლილება შევიდა. ისინი, ძირითადად, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის ახლებურ მოდელს ეხება. ამ ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად სუსტდება და ძალაუფლება პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადადის.ძლიერდება პარლამენტის როლი მთავრობის დაკომპლექტებაში. კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ გადასახედია 200-მდე კანონი, სადაც ასევე იქნება ცვლილებები შესატანი. ამისათვის პარლამენტს ორწლიანი ვადა აქვს.

ამ კვირას დასრულდა მითქმა-მოთქმა და საზოგადოების წინაშე ოფიციალურად წარდგა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც სახელად ”ქართული პარტია“ დაერქვა. ”ქართული პარტიის“ ლიდერები საზოგადოებას პრეზენტაციაზე ლევან გაჩეჩილაძემ წარუდგინა.

რაც შეეხება ქვეყნის მოწყობის ხედვას, ამის შესახებ პრეზენტაციაზე სოზარ სუბარმა ილაპარაკა. თვითმყოფადობა, პროგრესი და უსაფრთხოება - ესაა ის სამი მთავარი პრინციპი, რომელსაც, „ქართული პარტიის“ ლიდერების აზრით, უნდა ეყრდნობოდეს სახელმწიფო.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, უვიზო რეჟიმის დაწესება კავშირშია საქართველოს პრეზიდენტის ერთიანი კავკასიის იდეასთან, რომელზეც მან გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სექტემბრის ბოლოს ილაპარაკა. პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა კი თქვა, რომ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარსულისა და მომავლის წინაშე აღებული ვალდებულებები განაპირობებს - საქართველომ რეგიონალური ლიდერის ფუნქცია უნდა დაიბრუნოს.

კვირის ბოლოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-13 რაუნდზე მოსკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საჩხერის რაიონიდან და გაათავისუფლოს აგვისტოს ომის შედეგად ოკუპირებული სოფელი პერევი. თბილისში გეგმა შეფასდა როგორც სწორი მიმართულებით გადადგმული, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი. ჯერჯერობით ეს არასაკმარისი ნაბიჯიც მხოლოდ დაპირებად რჩება - მოსკოვს პერევიდან ჯარების გაყვანა არ დაუწყია, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, პროცესი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს და რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლის გეგმა აუცილებლად ევროკავშირის მეთვალყურეთა ჩართვით უნდა განხორციელდეს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG