Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ჯაზ-ფესტივალი დასრულდა


ჯაზის შემსრულებელი კრისტიან სკოტი
ჯაზის შემსრულებელი კრისტიან სკოტი
შაბათს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მე-13-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ბოლო კონცერტი გაიმართა.

აკრედიტაცია ამ ფესტივალზე მართლაც ძვირფასი საჩუქარია. ბილეთი ამჯერად 30 ლარიდან 100 ლარამდე ღირდა. აბონიმენტი - უფრო იაფი, თუმცა, როგორც ჩანს, ჯაზის მოყვარულებსაც კი გაუჭირდათ მისი შეძენა – მე-13-ე ფესტივალის კონცერტებზე დარბაზში უამრავი ადგილი იყო. მიზეზი, შეიძლება ისიც იყოს, რომ ჯაზის ზოგიერთი მოყვარულისთვის აბონიმენტის შეძენა არამომგებიანია – „ისთერნ პრომოუშენი“ კვლავაც არ ღალატობს პრინციპს, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, როცა თბილისში, ნახევრად ჩაბნელებულ, გაყინულ თბილისში, ჯაზის ფესტივალის ჩატარება გადაწყვიტა – „მხოლოდ და მხოლოდ მრავალფეროვნება, განსხვავებული სტილის მუსიკა და სრულიად განსხვავებული სტილის მუსიკოსები!“. ეს იყო ,,ისთერნ პრომოუშენის” თავისებური დევიზი, რომლისთვისაც ჯაზის ფესტივალის ორგანიზატორებს არასდროს უღალატიათ. ერთი პერიოდი მუსიკის მიმართ ასეთი მიდგომა მოგებიანი იყო – ჯაზ-ფესტივალით განსხვავებული გემოვნების, ასაკის ადამიანები დაინტერესდნენ... მაგრამ წლევანდელ ფესტივალზე პირველად დამებადა აზრი, რომ მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს, როცა აბონიმენტებზეა ლაპარაკი: იმას, ვისაც, დავუშვათ, დაიანა რივსი მოსწონს, შეიძლება სულაც არ უნდოდეს ზავინულის „სინდიკატზე“ ფულის დახარჯვა, ანდა ავანგარდული ჯაზის მოყვარულს, შეიძლება არ სიამოვნებდეს „ძმები ბლიუზების“ ნახვა და მოსმენა. ჯაზის მოყვარულთა ერთი ნაწილი (ჩემი დაკვირვებით, დიდი ნაწილი) კონსერვატორულობით გამოირჩევა – არაფერს გაცვლის იმაზე, რაც უყვარს და რაც ესმის.

აი, მაგალითად, იგივე დაიანა რივსი ავიღოთ – ის მომღერალი, კინოშიც რომ იღებენ (გახსოვთ „სექსი დიდ ქალაქში“?) და ორი გრემის ლაურეატიც რომ გახდა. გამოვიდა სცენაზე, მოკალათდა სავარძელში და ერთ საათზე მეტი იმღერა ორი გიტარისტის თანხლებით. დარბაზი ააგდოო, ამაზე იტყვიან. ააგდო და აამღერა. ჯაზის მოყვარულები ტაშით ხვდებოდნენ ყოველი ახალი კომპოზიციის დაწყებას და განსაკუთრებით კმაყოფილები ჩანდნენ, როცა დაიანა თავისი ვოკალური დიაპაზონის ჩვენებას მიმართავდა. ზოგჯერ მიკროფონს სპეციალურად იშორებდა, რათა გაგვეგო, როგორი ძლიერი ხმა აქვს… ხანდახან პირს საერთოდ არ აღებდა – ბგერა მაინც ამოდიოდა. მსმენელები თავსაც აქნევდნენ და დროდადრო ხმასაც ააყოლებდნენ ხოლმე მომღერალს. კლასიკური ჯაზი საუკეთესო საშუალებაა, აჩვენო შენი „ვოკალური აპარატის“ შესაძლებლობები… დიანამ ეს კარგად იცის და ეს მოსწონთ კლასიკური ჯაზის მოყვარულებსაც… მოკლედ, რაღაც ცირკის მსგავსი იყო – ხმით ჟონგლიორობა! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თბილისში ასეთი მუსიკა ყველაზე მეტად მოსწონთ. ჩემს უკანა რიგში დაიანას სიმღერის დროს ორი ახალგაზრდა ყმაწვილი განუწყვეტლივ იმეორებდა „აუ, რა შეუბერა!“

ფესტივალის ორგანიზატორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ზედმიწევნით ზუსტად შეადგინეს პროგრამა, ანუ ყოველი საღამო დაუთმეს, მეტ-ნაკლებად, ერთი სტილის მუსიკას. იმ საღამოს, როცა დაიანა რივსმა თავისი ვოკალით და იმპროვიზაციის ნიჭით პუბლიკა მოხიბლა, მეორე განყოფილებაში ეგრეთ წოდებულმა „ჯაზის ჯვაროსნებმა“ დაუკრეს. კლასიკური ჯაზი აქ არა მარტო „თავის ქნევის“, არამედ ცეკვის საშუალებასაც იძლეოდა, მაგრამ ცეკვით არავის უცეკვია – საამისო სივრცე არაა ფილარმონიაში.

ასეთი მუსიკის მოსმენისას კიდევ ერთხელ გამიელვა აზრმა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი მეტისმეტად დიდია ჯაზისათვის. არც ამდენი ჯაზის ნიუანსებში გარკვეული მსმენელი გვყავს, ასეთი სივრცის, ასე ვთქვათ, „კონტროლიც“ არაა ადვილი… მხედველობაში მყავს მრავალრიცხოვანი დაცვა, რომელმაც ფოტოგრაფებს მხოლოდ პირველი კომპოზიციის გადაღების საშუალება მისცა, მაგრამ თავად მუდმივად ხმაურობდა, როცა „რაციით“ ინფორმაციას ერთმენეთს გადასცემდნენ.

ჟურნალისტები პირველ რიგებში ვისხედით და დაცვის ასეთი ქცევა ძალიან გვიშლიდა ხელს მუსიკის მოსმენაში. არ ვიცი, შეამჩნიეს თუ არა ეს მუსიკოსებმა. საერთოდ, საინტერესოა, როგორი შთაბეჭდილება დარჩათ მათ ფესტივალზე. ფესტივალის მსვლელობის დღეებში, მაგალითად, კრისტიან სკოტმა, რომელმაც თავის კვინტეტთან ერთად ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი ჩაატარა, სოციალურ ქსელზე გვიამბო, როგორ დაიცალა აუზი თბილისში მას შემდეგ, რაც იგი – შავკანიანი, აუზში ჩავიდა. ამ ინციდენტს მაშინვე გამოეხმაურნენ ჯაზის მოყვარულები: ვიღაცამ თქვა, აჭარბებსო, ვიღაცამ აუზის ადგილმდებარეობა იკითხა, ვიღაც ამტკიცებდა, რომ თბილისში მკვეთრად გამოვლენილი რასიზმი არ შეუმჩნევია… მოგვიანებით, სკოტმა ახსნა, რომ კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობდა და არანაირად არ აპირებდა ამ ინციდენტის განზოგადებას. თუმცა, ცხადია, მაინც არაა სასიამოვნო ამბავი, მით უმეტეს, კონკრეტულად კონცერტებით თუ ვიმსჯელებთ, ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები კმაყოფილები ჩანდნენ – პუბლიკა ცოცხლად რეაგირებდა და ოვაციას არავის აკლებდა.

ეგაა, რომ მაყურებელი ყოველთვის არ იყო ბევრი. მაგალითად, გული მოგიკვდებოდა ადამიანს ზავინულის „სინდიკატის“ კონცერტზე – ჩემი აზრით, ფესტივალის საუკეთესო კონცერტზე, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსებმა ძალიან მოინდომეს, დარბაზის მუხტი აშკარად აკლდა. შეგახსენებთ, რომ ჯო ზავინული 2007 წელს გარდაიცვალა, მაგრამ დარჩა მისი ბენდი, რომელიც ზავინულმა Weather Report-ის დაშლის შემდეგ შექმნა, The Syndicate ხუთმა მუსიკოსმა ჩაიწერა.

ხუთმა მუსიკოსმა, რომლებიც გამოდიოდნენ ჯგუფში, დაუკრეს ახალ ალბომში – „ჯო ზავინული 75“, რომელმაც 2009 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე აიღო „გრემი“, როგორც საუკეთესო ჯაზ-ალბომმა. ყველა მუსიკოსი, ორის გამოკლებით, 10 წლის განმავლობაში ჯო ზავინულთან უკრავდა. ბუნებრივია, თბილისში ჩატარებულ ზავინულის ხსოვნის კონცერტზე აქცენტი ზავინულის სტილზე გაკეთდა, მაგრამ ეს არ იყო უკვე მოსმენილის ტირაჟირება… და მით უმეტეს, დატირება. რაღაც წარმოუდგენელი ხალისით უკრავდნენ მუსიკოსები იმის მიუხედავად, რომ დარბაზი თითქმის ნახევრად სავსე იყო.

თბილისის მე-13-ე ჯაზ-ფესტივალი დასრულდა. ბათუმის ფესტივალთან შედარებით, რომელსაც ასევე ,,ისთერნ პრომოუშენი” აწყობს, 2010 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალი მასობრიობით არ გამოირჩეოდა, არ იყო აჟიოტაჟი და ხმაური.

ამაზე ვიღაცამ მითხრა, ჯაზს ასეთი სიმშვიდე უხდებაო.

რა ვიცი, შეიძლება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG