Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სპეცსამსახურების „სიურპრიზი“ რუსეთის დაზვერვისათვის


საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად არ აკეთებს კომენტარებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის გამო დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. მიუხედავად ამისა, ქართულ და უცხოურ მედიაში უკვე გაჩნდა რამდენიმე ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია და მათ მიმართ არსებული ეჭვებიც დასახელდა. სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ კი „მასშტაბური აგენტურული ქსელის გამოვლენის თაობაზე“ ოპერატიულად დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჯგუფის წევრების დაკავების თაობაზე პირველი ინფორმაცია სააგენტო „რეიტერმა“ 29 ოქტომბერს გაავრცელა. პირველ ნოემბერს კი, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ბათუმის მკვიდრი რუსლან გალოგრე, რომლის მეუღლემ, ოლგა გალოგრემ ადგილობრივ ჟურნალისტებს ორი კვირის წინ მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ უამბო:

„ფლეშკები ნახეს, ორი „ფლეშკა“, თუ რა იყო მაი „ფლეშკა“, არც ვიცოდი. წაიღეს კომპიუტერები, წაიღეს „ფლეშკები“. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონია, დედა! თქვენ არ იცნობთ ჩემ ქმარს. არავისთან, გენაცვალე, არავისთან. ვფიცავარ, სახლიდან არ გადიოდა. ვის იცნობდა! სად დადიოდა!“

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა შორის არიან ასევე ბათუმში მცხოვრები არმენ გევორკიანი და რუბენ შიკოიანი. ეჭვმიტანილთა ადვოკატის ნანა წულაძის ცნობით, მისი კლიენტები პოლიციამ ორი კვირის წინ დააკავა და სასამართლომ მათ მიმართ ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა.

გევორკიანიც და შიკოიანიც მუშაობდნენ ჰოლდინგ „სეიბოლტში“, რომელიც ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებით არის დაკავებული. ამავე დროს არმენ გევორკიანი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აჭარაში სომხურ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. გევორკიანის ბიოგრაფიის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია რადიო „თავისუფლებას“ „აჭარის სომეხთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ არტურ ოგანესიანმა მიაწოდა:

„იგი დაახლოებით 40 წლისაა. ჩვენი, ძირძველი ბათუმელია. ბევრი ჩვენგანი, სხვათა შორის, შოკირებული ვართ ამ გაუგებარი ინფორმაციით. 1998-დან 2004 წლამდე იგი სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო. სხვათა შორის, ამ დროს ბევრი პოზიტიური საქმე გაკეთდა. საბოლოოდ აღდგა სომხეთის ეკლესია ბათუმში. სათვისტომოც საკმაოდ დატვირთული ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობდა“.

პირველ ნოემბერს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია ჯაშუშთა საქმეზე დაკავებული აჭარის კიდევ ერთი მცხოვრების შესახებ. იგი ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში მცხოვრები პეტრე დერვიშიძეა. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დაკავებულები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდნენ და ინფორმაციას ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირად მონაცემებსა და ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებზე აგროვებდნენ... თუმცა ჯაშუშთა ქსელის წევრების შესახებ ოფიციალურ კომენტარს საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ აკეთებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, სამინისტრო რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირებზე ინფორმაციას 5 ნოემბერს, ბრიფინგზე გაავრცელებს. ეს საკმაოდ უსიამოვნო სიურპიზი იქნება რუსეთის დაზვერვისათვის, რომელიც 5 ნოემბერს მორიგ პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველო კიდევ ერთ სიურპიზს უმზადებს რუსეთს. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ იღებს დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით „ენვერი“, რომელშიც „ქართულ ანკესზე წამოგებულ რუსულ დაზვერვაზეა“ საუბარი. ფილმის ანონსი აშკარა მინიშნებებს შეიცავს. შესაბამის რეკლამაში, რომელსაც ტელეკომპანია დღეში რამდენჯერმე უჩვენებს, საუბარია „15 ოქტომბერს დაკავებულ 18 ჯაშუშსა“ და ქართველი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილ „ყველაზე მასშტაბურ აგენტურულ ქსელზე“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG