Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარეჟიმო ტიპის არმიაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება


საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავებამ, რაზეც კვირის მიმოხილვაში ლელა კუნჭული საუბრობდა, მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს არმიის იმიჯს. კონტრდაზვერვის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობის, სამხედრო-საჰაერო ძალების 6 წარმომადგენელიც აღმოჩნდა. ბედის ირონიით, განვლილ კვირაშივე გაირკვა, რომ საქართველოს არმიაში, რომელიც, მრავალი ჟურნალისტისა და ექსპერტის მოსაზრებით, ბოლო ხანს სულ უფრო მეტად ემსგავება დახურულ-სარეჟიმო სისტემას, – უცხო არ ყოფილა სამხედრო მოსამსახურეთა შორის არასაწესდებო ურთიერთობები.

ბრალდების მიხედვით, დაკავებული ქართველი მფრინავები რუსეთის სამხედრო დაზვერვას გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციებს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის, სამობილიზაციო რესურსის, საბრძოლო-ოპერატიული მომზადებისა და სამხედრო ავიაციის ეკიპაჟების შესახებ.
უცხო ქვეყნის ჯაშუშობა – სერიოზული სახელმწიფო დანაშაულია. მით უფრო, თუკი ეს უცხო ქვეყანა მტერი და ოკუპანტიცაა. ამიტომ ახლა მხოლოდ სასამართლო გამოიძებამ უნდა დაადგინოს ეჭვშეუტანლად, თუ რამდენად საშიში საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა მოხდა მოწინააღმდეგის დაზვერვისათვის, რა პერიოდში გადაიცა ინფორმაცია – 2008 წლის აგვისტომდე, თუ აგვისტოს შემდეგ, რადგან ომის პერიოდში კლასიფიცირებული სამხედრო ინფორმაციის გადაცემა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია და შესაძლოა, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სამშობლოს ღალატი. თუ რამდენად სერიოზულ ნივთმტკიცებას ფლობენ კონტრდაზვერვის ორგანოები, ამის თქმა ერთი პრესკონფერენციითა და „რუსთავი 2-ის“ მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმით, რომლის სახელწოდებაა „ენვერი“, ძალიან რთულია.
თუმცა, ეჭვმიტანილთა დაცვის მხარეს ზოგიერთი ბრალდების გაბათილება, ალბათ, არ უნდა გაუჭირდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვა ერთ-ერთ ეჭვმიტანილ სამხედრო მფრინავს, გელა კაკაბაძეს ბრალს სდებს რუსეთის დაზვერვისათვის –„შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნების, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის რაოდენობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში“.
საქართველო, საერთაშორისო კანონმდებლობით, უფრო ზუსტად, ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულია, რომ ყოველი წლის 20 დეკემბერს ვენის ოფისს წარუდგინოს ინფორმაცია მძიმე საბრძოლო ტექნიკა-შეიარაღების, სამხედრო ავიაციისა და ასევე შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ. ეს ინფორმაცია სრულიად ხელმისაწვდომია და მისი მოპოვება ღია წყაროებიდან, აბსოლუტურად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

თუმცა, როგორც იტყვიან, რაც „ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.
ერთია, როდესაც ჟურნალისტი ანდა ანალიტიკოსი ამ ინფორმაციას ღებულობს ღია წყაროებით და მეორე, როდესაც მას ავრცელებს სამხედრო პირი, ანგარებითი ან სხვა მოტივით.

სამხედრო სიტემაში ბოლო დროს მომხდარ გახმაურებულ ისტორიებს რომ ვიხსენებ, ხანდახან მეჩვენება, რომ სამხედროებს კარგად არ განუმარტავენ მათ უფლება-მოვალეობებს და სამხედრო სამსახურში მათი მიღებისა და კარიერული გადაადგილების დროს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ წესდების ცოდნას და დისციპლინის საკითხებს. გავიხსენოთ 2009 წლის 5 მაისის ე.წ. მუხროვანის ამბოხება, როდესაც სერიოზული გამოცდილების მქონე სამხედრო მეთაურები ამტკიცებდნენ, რომ „მუხროვანში მხოლოდ და მხოლოდ დაუმორჩილებლობის გამო შეიკრიბნენ“. სამხედრო ფორმიანი ადამიანის მიერ დაუმორჩილებლობა, მით უფრო მეორე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, დასჯადია. მაგრამ შეიძლება ვიკითხო, –ადმინისტრაციული წესით მაინც არ უნდა დასჯილიყვნენ ის თანამდებობის პირები, რომლებმაც „დაუმორჩილებელ ოფიცრებს“ უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში დარღვევით მიაწერეს რუსეთთან კავშირი, რაც სასამართლო გამოძიებამ არ გაიზიარა.

უდანაშაულობის პრეზუმფცია – ეს კიდევ ერთი საჭირბოროტო თემაა დღევანდელი საქართველოს მართლმსაჯულების სიტემაში, ხოლო საზოგადოების ყურადღება ატროფირებულია ასეთი საკითხების მიმართ.

საზოგადოება ასევე არ იჩენს აქტიურობას სამხედრო მშენებლობისადმი, ქართულ მედიასივცეში ვერ ნახავთ ანალიტიკურ გადაცემას, სადაც საუბარი იყოს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობაზე, სამოქალაქო კონტროლის მექანიზმებზე, არმიის დეპოლიტიზებაზე, სამხედრო განათლებასა და სამხედრო ვალდებულებაზე. საქართველოს სამხედრო მშენებლობის ყველა საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს „ვერტიკალური დუეტი“ პრეზიდენტი – თავდაცვის მინისტრი. სამოქალქო კონტროლის ელემენტებიდან თითქმის ამოვარდნილია უშიშროების საბჭო, საკანონმდებლო ორგანო და მის შიგნით მხოლოდ სახელად არსებული „ნდობის ჯგუფი“. სამოქალაქო სექტორზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.

თუმცა, როგორც განვლილ კვირაში გაირკვა, სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები თვლიან, რომ მათ სჭირდებათ სამოქალაქო საზოგადოების თანადგომა და კრიზისულ სიტუაციაში უფრო მეტად ენდობიან სამოქალაქო სექტორს, ვიდრე საკუთარ მეთაურებს. სწორედ უფლებათდამცველებს გაუგზავნეს მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა თუ მათი ოჯახის წევრებმა საგანგაშო ტექსტური შეტყობინებები სამხედრო ნაწილში ცემის ფაქტის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, რომელიც რადიო „თავისუფლებას“ უფლებათდამცველმა ნანა კაკაბაძემ მიაწოდა, შვებულებიდან დაბრუნებული ჯარისკაცი მისმა მეთაურებმა უმოწყალოდ სცემეს იმის გამო, რომ მისი კუთვნილი საშტატო იარაღი ნაწილში დაკარგული აღმოჩნდა. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2212205.html

შემდეგ მოვლენები ნაცნობი სცენარით განვითარდა – სამხედრო უწყებამ ინფორმაცია იქამდე მალა, სანამ სახალხო დამცველი და მთელი დიპლომატიური კორპუსი არ ჩაერია საქმეში. ბოლოს კი ცემის ფაქტი უხალისოდ დადასტურდა, თუმცა, როგორც საყოფაცხოვრებო „შეხლა-შემოხლა“, რომელიც მალევე „აღკვეთა სამხედრო პოლიციამ“. ჯარისკაცებიც ამ ჩვენებას იმეორებდნენ და სახალხო დამცველიც იძულებული გახდა გაემეორებინა ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცის ნათქვამი, რომ „მან თავად გადაისერა ხელი“.

გეცნობათ ხელწერა „ქურდული სამყაროს“ საუკეთესო ტრადიციებში?

რას ვიზამთ, მძიმე მემკვიდრეობისგან განთავისუფლება ადვილი არაა. მთავრია, რომ ინციდენტი ამოწურულია და სიტუაციაც დახურულ-სარეჟიმო არმიაში კონტროლს ექვემდებარება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG