Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: „ოროსნების რევოლუცია არ იქნება“


მეთორმეტე კლასელები საატესტატო გამოცდებს აპროტესტებენ
მეთორმეტე კლასელები საატესტატო გამოცდებს აპროტესტებენ
პარლამენტის წინ შეკრებილი თბილისის სკოლების რამდენიმე ათეული მეთორმეტეკლასელი 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ რვა გამოცდის ჩაბარებას, მით უმეტეს საბუნებისმეტყველო საგნებში, ისინი ვერ მოახერხებენ, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში მათ აღნიშნულ საგნებში სათანადო განათლება არ მიუღიათ, რაკი სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებზე მოთხოვნის დონე დაბალი იყო. პირველი აქცია, პარასკევს, 5 ნოემბერს გაიმართა. დღეს მეთორმეტეკლასელების აქციამ გაცილებით ფართო მასშტაბი შეიძინა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჯგუფი „ძირს საატესტატო გამოცდები“ ჯერ კიდევ 13 სექტემბერს გაჩნდა. ის 5142 წევრს აერთიანებს. უკანასკნელი პოსტი: უახლესი პოსტი: „აქცია – ძირს საატესტატო გამოცდები. სამშაბათს 12 საათზე, პარლამენტის წინ“. სამი ძახილის ნიშანი.

ამ დროს კი რუსთაველის გამზირზე საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. 70-კილოგრამიანი ჭაღები წელს მანათობელა მტრედებმა ჩაანაცვლეს. 16-17 წლის მოზარდებს თოვლის ბაბუის არსებობის აღარ სჯერათ, ამიტომ მტრედებს თოვლის ბაბუასთან გასაგზავნ წერილებს, სავარაუდოდ, არ გაატანენ, თუმცა, ისინი პარლამენტის წინ იმის იმედით შეკრებილან, რომ ხმას თოვლის ბაბუამდე თუ ვერა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინამდე მაინც მიაწვდენენ.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
აი, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეთორმეტე კლასელების საპროტესტო ხმა გაიგონა კიდეც და მათ გამოსვლებს ასეთი შეფასებაც მისცა: „არ გინდათ გამოცდის ჩაბარება, ნუ გინდათ გამოცდის ჩაბარება, წადით და დაიჭირეთ ხელში ნიჩაბი, წერაქვი და ნამდვილად არ არის დასაძრახი, თუ შენი შრომით არჩენ ხალხს. თუ არ გინდა არაფრის გაკეთება, ეს შენი არჩევანია. პოლიტიკური პარტიები მეთორმეტე კლასელების მიტინგებს აწყობენ, არ გვინდა გამოცდებიო, მაგრამ ვაი, იმ მშობლებს და ვაი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც თავის შვილებს აქეზებენ. ჰო, შაშკინს ზუსტად ისეთი „სუსტი“ ნერვები აქვს, რომ ოროსნებს მოგაწყობინებთ რევოლუციას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ე.წ. „ოროსნების რევოლუციაში“ ჩაბმას, 9 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიაც ცდილობდა, თუმცა, პარლამენტის წინ მათ გამოჩენას მოსწავლეების დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა:

„არ გვინდა არც ლეიბორისტი და არავინ არ გვინდა! წავიდნენ აქედან ოპოზიციონერები“!

„უნდა, რომ ვინმეს ამ საქმეში პოლიტიკა ერიოს? გინდათ, რომ სააკაშვილმა თქვას, ამ ბავშვებით ოპოზიციური პარტიები მანიპულირებენო? მაშინ ვთქვათ უარი ამ პოლიტიკოსების განცხადებებზე...”

მეთორმეტეკლასელი გიორგი პარლამენტის წინ კლასელებთან ერთად დგას. მისი რუსთაველის გამზირზე გამოსვლის მიზეზი აი, ასეთია: „რეალურად არ მიმიღია საფუძვლიანი განათლება, რომ ეს გამოცდები წარმატებით ჩავაბარო. თუნდაც მხოლოდ ბიოლოგიის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ სემესტრული სწავლება გვქონდა, მერე გაარკვიეს, რომ თურმე სემესტრული სწავლება შეცდომა იყო, მაგრამ ჩვენ სემესტრული სწავლება გამოვიარეთ და ფაქტობრივად ცოდნა ვერ მივიღეთ. ასეთი პრობლემებია დანარჩენ საბუნებისმეტყველო საგნებშიც. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არაფერში არ დაგვჭირდებოდა ფიზიკა და ქიმია და ეროვნულ გამოცდებზე მაინც გავიდოდით; უცებ კი გაირკვა, რომ თურმე გვჭირდებოდა ის საგნები, რეალურად კი სწავლება არ მიმდინარეობდა“, – ამბობს გიორგი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები მიმდინარე წლის მარტში დამტკიცდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების ოფიციალურ საიტზეა მითითებული, 2011 წელს, საქართველოში პირველად, საატესტატო გამოცდები ე.წ. კატის სისტემით ჩატარდება. განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ ეს არის სისტემა, რომელიც ბავშვის ცოდნას უფრო ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებს. ატესტატის მისაღებად მეთორმეტეკლასელს რვა გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ყველა გამოცდა კომპიუტერული სისტემით ჩატარდება.

პარლამენტის წინ შეკრებილი მეთორმეტეკლასელები განმარტავენ, რომ ისინი მოითხოვენ არა საატესტატო გამოცდების მთლიანად გაუქმებას, არამედ გამოცდების გაუქმებას იმ საგნებში, რომლებსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში სრულყოფილად არ დაუფლებიან: „რაც ხუთი წლის განმავლობაში არ გვისწავლია, ერთ წელში როგორ ვისწავლოთ? იყოს გამოცდები, მაგრამ სამი საგნიდან (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ერთი მაინც იყოს არჩევითი, რომ რაღაც მაინც ვისწავლოთ“, – ამბობს ანა.

მეთორმეტეკლასელების საპროტესტო აქციას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბარათურიამ უმრავლესობას მოსწავლეების სოლიდარობისაკენ მოუწოდა. გოკა გაბაშვილის თქმით, მოსწავლეს, რომელსაც პრეტენზია აქვს, მიიღოს ატესტატი, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მაინც უნდა გადალახოს. მისი განცხადებითვე, საატესტატო გამოცდები იმისთვის არის საჭირო, რომ მოსწავლემ სკოლა დააფასოს.

„შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეებს საგამოცდოდ დახვდებათ, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ უნარებზე და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელიც მათ მიიღეს სასწავლო პროგრამის ფარგლებში. რთული შეკითხვების ვერ დასძლევის შემთხვევაში, მოსწავლე მიიღებს უფრო ადვილ შეკითხვას, თუ მასაც ვერ დასძლევს, კიდევ უფრო ადვილს და ბოლოს უკვე ელემენტარულ შეკითხვებს, რომლებიც დაადასტურებს მათ ელემენტარულ ცოდნას ამა თუ იმ საგანში და დაადასტურებს, რომ მათ გაუგიათ, რომ ამ სკოლაში ეს საგანი ისწავლებოდა“, – აღნიშნავს გოკა გაბაშვილი.

საატესტატო გამოცდები ჩატარდება და ეს გარდაუვალია, – აღნიშნული განცხადება განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მთავრობის სხდომაზე მოსწავლეთა აქციის პარალელურად გააკეთა. მისი თქმით, „გამოცდები იქნება საკმაოდ ადვილი და ეს კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში განათლების ხარისხი იყოს მაღალი“.
XS
SM
MD
LG