Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავის მოგონებებში ჯორჯ ბუში ყველაფერს არ გვიყვება


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი ბევრ რამეში დარჩა თავისი გადაწყვეტილების ერთგული. წვრილმანია, მაგრამ მაინც ღირს სათქმელად, რომ ის არ სვამს და არ დაულევია 1986 წლის შემდეგ. ამით იგი თავის მემუარებში, 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ „საკვანძო გადაწყვეტილებებში“, ცდილობს, ბოლო მოუღოს ჭორებს და მასზე გავრცელებულ ხმებს. ჯორჯ ბუში, როგორც ადამიანი, მსოფლიომ მიივიწყა, რადგან მან თვითონ გაარიდა თავი საზოგადოებას. ამ წიგნის გამოცემით ის კვლავ ყურადღების ცენტრშია.

ბუშის მემუარები სავსეა მასალით, რომელთაგან უნდა აღინიშნოს მის მიერ დაწყებული ომები, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილ დატყვევებულთა დაკითხვის სასტიკი მეთოდები.

ერაყის ომის დაწყების მიზეზი – რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი აქვსო – არ დადასტურდა. ბუში დარწმუნებულია, რომ ის სწორი იყო, რადგან, მისი აზრით, „მსოფლიო იმით, რომ სადამ ჰუსეინი აღარ არის ხელისუფლებაში, თავს ბევრად უკეთ გრძნობს“. თავის მემუარებში ბუში ამართლებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის მეთოდს, ე.წ. „უოტერბორდინგს“, წყალში დახრჩობის სიმულაციას. ბუში წერს, რომ ამ მეთოდის მეოხებით ბევრი ტერაქტი იქნა თავიდან აცილებული და არაერთი სიცოცხლე გადარჩაო. ამ აღიარებას, შეიძლება პირველი სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ გამოვიდა მოწოდებით – დაიწყოს გამოძიება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ – მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თავის წიგნში დაიცვა დაკითხვის მძიმე მეთოდების გამოყენება. „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენლის, კლაუდიო კორდონეს განცხადებით, „ბუშის ეს აღიარება უკვე საკმარისია იმისათვის, რათა აშშ-მა – ვალდებულების თანახმად – მისი განცხადებები გამოიძიოს და დამტკიცების შემთხვევაში, ის მართლმსაჯულებას წარუდგინოს“.

წიგნი კი არაა მცირე მოცულობის. 500-მდე გვერდზე ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი კაცი მოგონებებს ათავსებს და ედავება კრიტიკოსებს, აქებს მომხრეებსა და ანგარიშს უსწორებს კოლეგებს. ბუში თავშეკავებით აღიარებს ზოგიერთ შეცდომას, თუმცა, საერთო ჯამში, უდრეკის შთაბეჭდილებას სტოვებს. მემუარებში ვერ ნახავთ მონანიებას თუ ეჭვს საკუთარი, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილების, ავღანეთსა და ერაყში ომების დაწყების, ტერორისტების წინააღმდეგ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გამოცხადებული ბრძოლის მიმართ. პოლიტიკოსები იშვიათად თუ ახერხებენ უკვე პენსიაში ყოფნისას თქვან, ბევრი შეცდომა დავუშვითო. ამ პროფესიის ადამიანებს დიდი თავდაჯერებულობა ახასიათებთ.

ჯორჯ ბუშის წიგნში მთელი თავი ეთმობა თემატიკას, რომელიც საქართველოსთან უშუალოდ არის დაკავშირებული. მისი სახელწოდებაა „დღის წესრიგშია თავისუფლება“. საქართველოზე ბუშის მოგონებების შესახებ ვესაუბრეთ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელს, ქრისტიან კერილს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ნაწილში, ბუში წერს თავის იდეაზე – ხელი შეეწყო მსოფლიოში დემოკრატიული რეჟიმებისთვის, რისთვისაც ის, სხვათა შორის, ებრძოდა ტერორიზმს. ამ თავში, ჯორჯ ბუში, საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებულ მოვლენაზე წერს: „ბუქარესტში ჩემი გამოსვლიდან ერთ წელიწადში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში, ახალგაზრდა ქარიზმატული დემოკრატი მიხეილ სააკაშვილი სესიის გახსნისას, პარლამენტში შევარდა და ათასობით შეკრებილს უთხრა, ეს თავყრილობა უკანონოა, რადგან გაყალბებული არჩევნების შედეგად არის არჩეულიო. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა და გადადგა. უსისხლო გადატრიალებას „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა. ექვსი კვირის შემდეგ ქართველმა ხალხმა სააკაშვილი თავის პრეზიდეტად აირჩია.“

ჯორჯ ბუში ნატოში საქართველოს გაერთიანების მომხრედ იყო ცნობილი. მაშინ ამერიკის დასუსტებული პრეზიდენტი ახლა იხსენებს პერიპეტიებს, როცა საქართველოს უარი ეთქვა MAP-ის, ანუ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე: „2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინამაც და საქართველომაც განაცხადეს, რომ სურთ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიღება. მე ამ სწრაფვის მტკიცე მომხრე ვიყავი. მაგრამ დამტკიცებას სჭირდებოდა ერთსულოვნება. ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი, სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. მათ იცოდნენ, რომ საქართველოს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და შიშობდნენ, რომ ნატო რუსეთთან ომში იქნებოდა ჩათრეული. ისინი ასევე შეშფოთებული იყვნენ კორუფციის გამო. მე ვფიქრობდი, რომ რუსეთის მხრიდან არსებული მუქარა კიდევ უფრო აძლიერებდა არგუმენტებს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მიცემის სასარგებლოდ. რუსეთი ნაკლებად იქნებოდა დაინტერესებული ამ ქვეყნების მიმართ აგრესიით, თუ ისინი ნატოს გზას დაადგებოდნენ. და ეს მათ მთავრობებს კორუფციასთან ბრძოლაშიც გაუმაგრებდათ ზურგს. ჩვენ კომპრომისზე შევთანხმდით: ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას არ მივანიჭებდით MAP-ს, მაგრამ განვაცხადებდით, რომ მათ ნატოს მომავალი წევრების სტატუსს მივცემდით. დისკუსიის შემდეგ ჩემთან მოვიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი და მითხრა, მართალია, მათ MAP-ი არ მივეცით, მაგრამ შეიძლება ნატოს წევრები გავხადეთ.“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, 2008 წლის აგვისტოში, პეკინში იყო ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ის ამ ომის შესახებაც წერს თავის მემუარებში. იგი იხსენებს, რომ რიგში იდგა, რათა მასპინძელს, ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს მისალმებოდა, როცა შეატყობინეს საქართველოში რუსეთის შეჭრის შესახებ. ბუშს გადაუხედავს რიგში მყოფთათვის და დაუნახავს პუტინი, ასევე რიგში მდგომი. გადავწყვიტე, რომ იქ არ იყო ადგილი ფარული დიპლომატიისთვის, – წერს ბუში. მაგრამ შემდეგ, უკვე სასტუმროდან დაურეკავს მას მედვედევისთვის, რომელიც ბუშის თქმით, აღგზნებული ჩანდა. ჩემი მდგომარეობაც ასეთი იყო: „ჩემი მტკიცე რჩევაა, ახლავე დაიწყოთ ვითარების განმუხტვა-მეთქი, ვუთხარი მე. თქვენი მოქმედების არაპროპორციულობა მსოფლიოს თქვენს წინააღმდეგ განაწყობს, ჩვენ მათ მხარეს ვართ. მედვედევმა მითხრა, სააკაშვილი სადამ ჰუსეინის მსგავსია, მან უმიზეზოდ წამოიწყო ბარბაროსული იერიში და 1500-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცაო. მე მივუგე: იმედია, თქვენ საპასუხოდ ამდენივეს დახოცვას არ აპირებთ-მეთქი. ვუთხარი, თქვენი პოზიცია ხმამაღლა და ცხადად გამოხატეთ, იმედი მაქვს, გაითვალისწინებთ, რაც მთელი სერიოზულობით გთხოვეთ-მეთქი. დიდად მაშფოთებდა ის, რომ რუსებს შეეძლოთ თბილისისთვის შეეტიათ და ჩამოეგდოთ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი. ცხადი იყო, რომ რუსები ვერ ეგუებოდნენ დემოკრატიულ საქართველოს მისი პროდასავლური პრეზიდენტით. მეეჭვება, რუსები ასეთი აგრესიული ყოფილიყვნენ, ნატოს MAP-თან დაკავშირებული საქართველოს განაცხადი რომ მიეღო.“

ბუშმა შემდეგ დაურეკა საააკაშილს და თანადგომა გამოუცხადა საქართველოს. უთხრა, რომ არ სურს საქართველოს დაშლა. ამის შემდეგ ხვდება პუტინს, უკვე ოლიმპიადის გახსნისას. ბუში ამბობს: ვიცოდი, რომ ტელეკამერების ყურადღების ცენტრში ვიქნებოდით და ამიტომ შევეცადე, არ ვყოფილიყავი ზედმეტად ენეგიულიო. ბუშს ისიც უთქვამს პუტინისთვის, ეს სერიოზული შეცდომა დაგიშვიათ და იზოლირებული იქნებით, თუ საქართველოს არ დატოვებთო: „მან მითხრა, სააკაშვილი ომის დამნაშავეა, მედვედევის მსგავსი სიტყვები იხმარა და თქვა, მან რუსეთი გამოიწვიაო. ხომ გაფრთხილებდით, რომ სააკაშვილი ცხელსისხლიანია-მეთქი, – მივუგე მე, მან კი მიპასუხა – მეც ცხელსისხლიანი ვარო. ამაზე კი შევხედე და ვუთხარი – არა, ვლადიმირ, შენ ცივსისხლიანი ხარ-მეთქი“.

საქართველოს მიმართ რუსეთის ამ ქმედებაზე შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას ერთობ აღელვებდა საქართველოში, მის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ჯარის უკანონო ყოფნა. იგი წერს, რომ რუსეთი იყო იმედის გაცრუება „თავისუფლების დღის წესრიგის“ კონტექსტშიო. ჯორჯ ბუში კიდევ ერთხელ ახსენებს მოკლედ საქართველოს, უკრაინასთან ერთად, სადაც აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციამდე საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ თავისუფალი და ამ მოვლენის შემდეგ ისინი გადაიქცნენ თავისუფალ ადამიანებად.

ჯორჯ ბუში, როგორც თავშიც გითხარით, მასზე გავრცელებული არაერთი ჭორის გაქარწყლებას ცდილობს. მათ შორისაა ხმები, რომ მამასთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან, დაძაბული ურთიერთობა აქვს. თავის მოგონებებში ის ამბობს, რომ მამასთან ურთიერთობა სიყვარულს ეფუძნება, ის შესანიშნავი მამააო. ბარაკ ობამაზე კი წერს: მე მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს არ ვეკუთვნიო.

ბუშის მიერ აღიარებულ შეცდომათაგან ვახსენებთ ორს: ერთია ფაქტი, რომ ერაყში ომის დაწყებიდან მალევე თავი გამარჯვებულად წარმოიდგინა და ავიამზიდზე გამოკრული პლაკატის – „მისია შესრულებულია“ – წინ თავს იწონებდა. მეორე კი ისაა, რომ აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი კატასტროფის, ქარბორბალას და წყალდიდობის დროს დაზარალებულ ახალ ორლეანს მხოლოდ თავზე გადაუფრინა. ამ ქმედებას ბუში თავის მემუარებში, „უზარმაზარ შეცდომას“ უწოდებს.

მემუარებში ჯორჯ ბუში თავის გრძნობებსა და წყენის ფაქტებზეც საუბრობს. მოგიყვანთ, მაგალითად, მისი ვითომ ჰიტლერთან შედარების ამბავს. გერმანიის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ჰერტა დოიბლერ-გმელინს მიეწერება ნათქვამი, რომ ბუშს სურს საშინაო-პოლიტიკური პრობლემებიდან ყურადღება სხვაგან გადაიტანოს, ჰიტლერიც ასევე მოქმედებდაო. ბუში იგონებს, შოკირებული და განრისხებული ვიყავი, ძნელი წარმოსადგენი იყო მეტი შეურაცხყოფა, როგორიც გერმანელმა ოფიციალურმა პირმა მომაყენაო. დოიბლერ-გმელინი, რომლის გვარს ყოფილი პრეზიდენტი არ ახსენებს, ახლა აცხადებს, ეს მე არ მითქვამს, მომაწერესო. ბუში არ მალავს წყენას გერმანიის მაშინდელი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის მიმართაც. შრიოდერი თურმე მას დაპირდა, რომ ერაყის ომში გვერდით დაუდგებოდა, ბოლოს კი, ბუშის თქმით, გერმანიაში წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო და თავისი პირობა დაარღვიაო და დასძენს: დიდად ვაფასებ პირად დიპლომატიას და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნდობას. როცა შრიოდერთან ეს ნდობა შესუსტდა, შემდგომ, ძალიან ძნელი იყო კონსტრუქციული დიალოგის ქონაო. იქვე ბუში სრულიად დადებით შეფასებას აძლევს ახლანდელ კანცლერს, რომელსაც ანგელად, სახელით მოიხსენიებს. აქვე გეტყვით, რომ გერჰარდ შრიოდერი ბუშის ბრალდებაზე, რომ მან სიტყვა გატეხა, უპასუხებს, ბუში სიმართლეს არ ამბობსო. ბუშისვე თქმით, გერჰარდ შრიოდერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შექმნეს ღერძი, რათა ამერიკის გავლენის საპირისპიროდ ემოქმედათ. შრიოდერი და შირაკი პუტინის ავტორიტარულ მმართველობას იცავდნენო, ამბობს ის და შრიოდერს კბენს, დატოვა თუ არა კანლერის პოსტი, მაშინვე რუსეთის ენერგოგიგანტის, „გაზპრომის“, თანამშრომელი გახდაო.

ბუში თავის ამ წიგნში, სახელწოდებით „საკვანძო გადაწყვეტილებები“, წერს, რომ მისთვის ხალხის მხრიდან სიყვარული ბევრს არ ნიშნავს, პოპულარობას ვინც ესწრაფვის, ის მხოლოდ წამიერებას მოინადირებს, მე კი მარადიულობაზე, ისტორიაში ჩემს ადგილზე ვფიქრობ, იმედი მაქვს, წარმატებულად შემრაცხავენო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG