Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება მედიასთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს


მედიის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გორში
მედიის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გორში
გორში მედიის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” იყო. პროექტი მედიის მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაო შეხვედრის მიზანი ერთი მხრივ მედიასა და მეორე მხრივ სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს შორის ურთიერთობის პრობლემების განსაზღვრა იყო; ამასთანავე - ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და მასალის მოგროვება სამომავლო მედიასტრატეგიის განსასაზღვრად. შეხვედრაში მონაწილეობდა სულ 20 სტუმარი, რომელთა ვინაობა, ერთი თვით ადრე გამართულ შეხვედრაზე, თვითონ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დაასახელეს.

შეხვედრაზე ჟურნალისტების, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებთან ურთიერთობის საკითხის განხილვა და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა გაიმართა. შეკრებილებმა ერთმანეთს პრეტენზიები გულწრფელად უთხრეს და გამოსავალზეც ისაუბრეს. გორში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჟურნალისტების ურთიერთობა ხშირად იძაბებოდა ხოლმე, ყოფილა კონფლიქტური შემთხვევებიც.

დისკუსიის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ მეტი კომუნიკაცია იყოს ჟურნალისტებს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ წინადადებამ ყველას კმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა შეხვედრაზე რამდენიმე მწვავე პრობლემა გამოიკვეთა, რომლის გამოსწორება ყველას აზრით აუცილებელია როგორც ურთიერთობების გაუმჯობესების, ისე მედიაპროდუქციის ხარისხის ამაღლებისთვის.

შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის ზურაბ ჩხეიძის აზრით, ანალოგიურ ფორმატში ინტენსიური შეხვედრები შესაძლოა განხორციელდეს ადგილობრივი მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სადაც საუბარი თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით რაზმაძის აზრით, აუცილებელია ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გაიმართოს, რათა ხელისუფლებამაც და ჟურნალისტებმაც კარგად გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და არსებული პრობლემების შესახებ ღიად ისაუბროს ყველამ.

გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორის საბა წიწიკაშვილის თქმით, შეხვედრას უკვე აქვს შედეგი, რადგან ზუსტი დიაგნოზი დაისვა როგორც ხელისუფლების, ისე ჟურნალისტების მხრიდან და მოსაზრებებიც იყო ადეკვატური.

გორის საზოგადოების წარმომადგენლის ნუგზარ მაჭავარიანის აზრით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ. დაპირისპირება კი მრავალმხრივია: ჟურნალისტიკა და ხელისუფლება, თვითონ შიდა ჟურნალისტური დაპირისპირება, ოპოზიცია და ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ... ასეთი შეხვედრები ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც შეიძლება სამომავლოდ ამ დაპირისპირების დაძლევის საფუძველი გახდეს.

შეხვედრები საქართველოს 6 ქალაქში - ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, სიღნაღსა და გორში - გაიმართა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და მისი პარტნიორები არიან გაზეთებისა და ”ახალი ამბების გამომცემლების მსოფლიო ასოციაცია” (WAN-IFRA), ”აირექს ევროპა” და ”საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”.

”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარის ია ანთაძის თქმით, ამ შეხვედრების შემდეგ შეგროვდა მასალა, სადაც პირდაპირ არის ჩამოყალიბებული ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საზოგადოების აზრით, დღეს მედიას აქვს, ხელს უშლის მის განვითარებას და ამავე დროს - საზოგადოების განვითარებას.

მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გორში ბოლო შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები რეგიონებში მიღებული მასალის გაანალიზებას იწყებენ.
XS
SM
MD
LG