Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი მედია და მედია, რომელიც კლავს


ერთი შეხედვით დისკუსია, რომელიც ამ კვირაში თბილისის მედიაკლუბში გაიმართა, მედიას ეხებოდა და მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა ისიც მოსალოდნელი იყო, რომ გერმანელი რეჟისორის, ფოკლერ შლენდორფის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული ფილმის, „კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსების“ განხილვა გასცდებოდა მედიის პასუხისმგებლობის თემას და რაც მთავარია, საჯარო დისკუსიაში სრულიად განსხვავებული პროფესიის, თაობის ადამიანები მიიღებდნენ მონაწილეობას. მითუმეტეს, რომ ეს ფილმი, რომელიც ამხელს ყვითელი პრესის თავგასულობას 70-იანი წლების დასავლეთ გერმანიაში, ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოების ეკრანიზაციაა – იმ ბიოლისა, რომლისთვისაც ძალადობის და ადამიანის ღირსების თემა ყოველთვის აქტუალური იყო.

სხვათა შორის, პროფესიით იურისტი ნინო ლეჟავა, რომელიც ამ დისკუსიის მოდერატორი იყო, თავადაც დიდხანს მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში და როგორც თვითონ თქვა, სხვა დროსაც გამოუყენებია ეს ფილმი დისკუსიაში.

„ვისაუბროთ იმაზე, სად ხედავთ თქვენ პროფესიონალიზმის და თავისუფლების ზღვარს... თუ გიფიქრიათ ამაზე“?

ასე მიმართა მოდერატორმა აუდიტორიას მაშინ, როცა უკვე ცხადი გახდა, დისკუსია მედიის პასუხისმგებლობაზე, მედიაზე, როგორც მანიპულატორზე, მედიაზე, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი, ანდა მკვლელობისკენ უბიძგოს, გადაიზარდა დისკუსიაში საზოგადოებაზე, რომელიც ყველანაირად ცდილობს მიჩქმალოს პიროვნების პასუხისმგებლობა და ყველაფერი უსამართლობას – სისტემის, ანდა უფრო ზოგადად, ცხოვრების უსამართლობას დააბრალოს. ჟურნალ „ტაბულას“ თანამშრომელმა, მედიაექსპერტმა სანდრო თარხან-მოურავმა პრობლემისადმი სწორედ ასეთი მიდგომის მიმართ გამოხატა პროტესტი:

„აი, ეს არის სისტემა, სისტემა, სისტემა. ჩვენ გვჩაგრავს სისტემა, საშინელი სისტემა – ის, რაც გასდევს დისკურსს 60-იანი წლებიდან და მანამდეც, მაგრამ დავსვათ ასე საკითხი: იქნებ ეს ცხოვრების კანონზომიერებაა? როცა შენ დაანგრევ სისტემას, დაამარცხებ სისტემას, სად იქნები შენ? შენ იქნები ახალ სისტემაში. და არავის შეუძლია იმის დამტკიცება, რომ თუ დავანგრევთ ამ სისტემას, ავაშენებთ ახალ სისტემას, სადაც არ იქნება ცილისწამება, ბოროტება, მკვლელობა, ქურდობა და ა.შ“.

და მაინც, სანდრო თარხან-მოურავმაც აღიარა, რომ არსებობს მეტ-ნაკლებად დახვეწილი სისტემები. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ბევრია ქვეყანა, სადაც ყვითელ და უპასუხისმგებლო პრესას უპირისპირდება სერიოზული, პროფესიულად მაღალი დონის პრესა, რომელიც სწორედ პროფესიულ სტანდარტებს იცავს. უბრალოდ, აუცილებელია, განვთავისუფლდეთ ილუზიისგან, რომ სადღაც არსებობს აბსოლუტურად თავისუფლი და აბსოლუტურად ობიექტური მედიაო – გვითხრა სანდრო თარხან-მოურავმა. მისი თქმით:

„რაც შეეხება საქართველოს, აქ, რა თქმა უნდა, სერიოზული ცვლილებები გვაქვს განსახორციელებელი, დიდი დრო გვაქვს გასავლელი თუნდაც იმ მდგომარეობამდე, რომელშიც იყო გერმანია 70-იან წლებში, მაგრამ იმის ილუზიაც არ გვქონდეს, რომ არსებობს აბსოლუტურად აწყობილი სისტემა, სადაც მედიას არ მართავს პოლიტიკური თუ ბიზნეს, თუ საზოგადოებრივი დაკვეთა.. . ეს იქნება ყველაგან და ყოველთვის. ამაში დარწმუნებული ვარ“.

მედიის კულტურაზე საუბარმა გამოაცოცხლა აუდიტორია. ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის კულტურის და ეთიკის თემა, როგორც ჩანს, მართლაც მტკივნეულია საქართველოში.

„ჟურნალისტიკა არ არის თხზვა. ამ შემთხვევაში, ნამდვილად მოიგონეს ამბავი, წინასწარ იცოდა, რა სიუჟეტი უნდა გამოსვლოდა. გავანებოთ თავი თხზვას. ვკითხოთ, იქნებ რას გვეუბნება ის რესპონდენტი?“ – გაისმა რეპლიკა დარბაზიდან.

„ნუ ვთხზავთ!“ ამ მოწოდებიდან როგორღაც ბუნებრივი იყო გადასვლა ტელეკომპანია „იმედის“ „მოდელირებულ ქრონიკაზე“. იმაზე, რაც თითქმის ყველას დაავიწყდა და რაზეც ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში ვნებები „ბობოქრობდა“ საქართველოში.

„ბევრი ადამიანი ითხოვდა ამ პასუხისმგებლობას ჟურნალისტებისგან და არა მარტო ჟურნალისტებისგან. ეს პასუხისმგებლობა საჯარო სივრცეში ჩვენ არ დაგვინახავს. ვინ როგორ ნერვიულობდა და რა განცდები შეხვდა, ეს უკვე პირადი სივრცეა, – აღნიშნა ნინო ლეჟავამ.

საინტერესოა, რომ, „მოდელირებული ქრონიკის“ ხსენებისთანავე, დარბაზმა არა იმდენად ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე და არც ხელისუფლებაზე, რამდენადაც საზოგადოებაზე დაიწყო მსჯელობა. აი, ორი რეპლიკა დარბაზიდან:

„ქალების რეაქცია მე მესმის, მაგრამ არ მესმის მამაკაცების რეაქცია, რომლებიც გავარდნენ მაღაზიაში, იყიდეს ათი კილო შაქარი. შევიდნენ სახლში და ჩაიკეტნენ. მამაკაცი არ შეიძლება ჩავარდეს პანიკაში (ხმაური).

„რა უნდა ექნათ? რა უნდა ექნა, მაგალითად, ლაშა ბუღაძეს. წასულიყო და ეჩხუბა. ყველა ადამიანი უნდა იყოს გმირი?“

დარბაზში ხმაური ატყდა. პირადად ჩემთვის ეს იყო ყველაზე ცოცხალი დისკუსია, რომელიც „მოდელირებულ ქრონიკას“ მიეძღვნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიაზე, რომელმაც ღირსება შეულახა ადამიანებს, დისკუსიის საბაბი გახდა ფილმი „კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება“.

საუბარი მედიის ძალადობასა და კულტურის, პროფესიონალიზმის დეფიციტზე ქართულ პრესაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დასრულდა ეგრეთ წოდებული „სიძულვილის ენის“ აკრძალვა-არაკრძალვის თემაზე დისკუსიით. სანდრო თარხან-მოურავის აზრით, ასეთი აკრძალვების შერმოღება სრული უაზრობაა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოვინდომოთ გვქონდეს უკეთესი ჟურნალისტიკა – აღნიშნა თავისი გამოსვლის ბოლოს სანდრო თარხან-მოურავმა, მედიის სპეციალისტმა ჟურნალ „ტაბულადან“ მედიაკლუბში გამართულ დისკუსიაზე:

„უნდა წეროთ ქარტიები, უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი კოლეგები იყვნენ კეთილსინდისიერები, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი პროდუქტი ბაზარზე. ვიღაც იყიდის გაზეთს, რომელიც სტანდარტებით მუშაობს და ქარტიაშია გაერთიანებული და ვიღაც იყიდის იმას, ვისაც არ აინტერესებს ეს ქარტია და ბეჭდავს გვერდიგვერდ დიდძუძუებიანი ქალის ფოტოს, პატრიარქის ფოტოს და ქვეშ რადიკალი პოლიტიკოსის ფოტოს... სადაც ყველა ერთმანეთს აგინებს, წყევლის და ა.შ.. ესაა ჩვენი ცხოვრება, რომელიც, მეტნაკლებად, ყოველთვის ასეთი იქნება“.

ამგვარი, არც თუ ისე ოპტიმისტური მოსაზრებით დასრულდა შეხვედრა მედიაკლუბში, რომელიც პრესის პასუხისმგებლობას მიეძღვნა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG