Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური აქტიურობით გამორჩეული კვირა


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
გასული კვირის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო პარლამენტისკენ, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვის გარდა, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კონსულტაციებიც გაიმართა. ასევე, პარლამენტთან შეიკრიბნენ რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საატესტატო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს.

გასული კვირის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებული ყველა პოლიტიკური ძალა საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია. უნდა შევძლოთ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო გარემო შევქმნათო, განაცხადა დავით ბაქრაძემ:

„მე ვთავაზობ ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას, – საპარლამენტო ოპოზიციასაც, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც, ნებისმიერ მსურველ პოლიტიკურ ძალას, – ხვალ მობრძანდნენ პარლამენტში 3 საათზე. მე ყველას ველოდები. მზად ვარ, ერთად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და დავიწყოთ კონკრეტული და პრაქტიკული მუშაობა იმ მიზნით, რომ ერთად შევიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები; ერთად ვიმსჯელოთ იმ ნაბიჯებზე, რომლითაც გავაუმჯობესებთ საარჩევნო გარემოს. ეს პროცესი უნდა იყოს ღია, დემოკრატიული, ეს პროცესი უნდა იყოს გასაგები და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის“.

ოპოზიციის ლიდერები: კახა შარტავა, დავით გამყრელიძე, ირაკლი ალასანია, კობა დავითაშვილი და დავით უსუფაშვილი
უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კოდექსის სრულყოფაზე ფიქრი პარტიების ერთმა ნაწილმა, გაერთიანებულმა რვა პოლიტიკურმა ძალამ, დავით ბაქრაძის ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას მათი სახელით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა:

„ლაპარაკიდან ყველანი გადავიდეთ კონკრეტულ საქმეზე, ანუ საარჩევნო გარემოს მთლიან შეცვლაზე, რაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს უფლებას – თავისუფალი არჩევანი გააკეთოს შემდეგ არჩევნებში... დღეს ვსაუბრობთ, რომ უახლოეს დღეებში საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი დაიწყება. ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას იმ პროცესში, რომელიც პირველი შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება“.

პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართა და მასში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემაც მიიღო მონაწილეობა.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი“ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონპროექტი მიზნად ისახავს მედიასაშუალებათა მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობას, თუმცა არაფერს „ამბობს“ დაფინანსების წყაროებზე, მაშინ, როცა მეორე ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ მედიის პრობლემები კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და რომ მხოლოდ მედიის მფლობელთა ვინაობის გამჟღავნება ვითარებას რადიკალურად ვერ შეცვლის:

„ვფიქრობთ, რომ მარტო ოფშორებში რეგისტრაციის გახსნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პრობლემები გადავჭრათ... ჩვენ გვჭირდება ფინანსური გამჭვირვალობა და კიდევ უამრავი სხვა საკითხის შეცვლა. ლიცენზირების საკითხია ძალიან პრინციპული, სახელმწიფო სახსრების ხარჯვაა ძალიან სერიოზული პრობლემა, მონოპოლიების საკითხია ძალიან სერიოზული პრობლემა, სასამართლოა სერიოზული პრობლემა – მოკლედ, ძალიან ბევრი პრობლემაა. ვფიქრობთ, რომ უნდა დავსხდეთ და სერიოზულად ვიმსჯელოთ ამის შესახებ და არა ასე, ავარიულ რეჟიმში, ნახევარ საათში დავწეროთ რაღაცა“.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტი
გასულ კვირაში პარლამენტმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, რომლის ხარჯვითი ნაწილი შვიდი მილიარდი ლარით განისაზღვრება.

იმ დროს, როცა დეპუტატები განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შესახებ საუბრობდნენ, პარლამენტის წინ, საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელებმა, თუმცა აქციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. მეტიც, სამინისტროს ძალისხმევით თანამდებობი დატოვეს იმ საჯარო სკოლების დირექტორებმა, რომელთა მოსწავლეები საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. არასამთავრობო ორგანიზაცია „სკოლის დირექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, თეა თუთბერიძის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ დირექტორებს გადადგომის განცხადებებზე მოაწერინა ხელი, რისი უფლებაც არ ჰქონდა, რადგანაც ზოგადი განათლების შესახებ კანონი არ უკრძალავს მოსწავლეებსა და პედაგოგებს საპროტესტო აქციების გამართვას.

ასევე საპროტესტო აქციით გამოეხმაურა მძღოლების ერთი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ავტომანქანების მინების დაბურვის სტანდარტის შეცვლის შესახებ. სიახლის მიხედვით, იკრძალება ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება, ხოლო წინა და უკანა გვერდით მინებისათვის დასაშვებია, შესაბამისად, 40- და 75-პროცენტიანი დაბურვა. ახალი სტანდარტის შემოღება, ძირითადად, ქარხნული წესით დაბურული ავტომანქანების მფლობელებმა გააპროტესტეს, რადგანაც მინების შეცვლა დიდ დროსა და ფინანსურ ხარჯებთანაა (დაახლოებით, 1500 აშშ დოლარი) დაკავშირებული.

გასულ კვირაში გაირკვა, რომ აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზს გაეცალა პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი, 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იწყებს მუშაობას.

„ეს არის უშიშროების საბჭოს მიერ დაარსებული ჯგუფი, რომელიც ირანის საკითხებზე იმუშავებს და მე ამ ჯგუფის უფროსად დავინიშნე... მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, აქედან რატომ მივდივარ, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და არა, სად მივდივარ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ვერ გაამართლა ვერც ერთი იმედი, რაც კი ამ ქვეყანაში 2003 წლიდან არსებობდა და არათუ ვერ გაამართლა, მან ოპოზიციურ პარტიებს არსებობის ყველა გზა მოუჭრა. არ არსებობს ამ ქვეყანაში არც ერთი ადგილი, სადაც თავისუფლება სუფევს. მე კი უმოქმედოდ ვერ ვიქნები“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG