Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალოვანი უწყებების“ პენსიონერები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. მთავრობა აცხადებს, რომ მომავალ წელს შემცირდება საბიუჯეტო დეფიციტი და გაიზრდება შემოსავლებიც. თუმცა ხელისუფლება არც მომავალ წელს აპირებს დამატებითი ვალდებულებების აღებას სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეიცვლება ე. წ. „ძალოვანი უწყებების“ ათობით ათასი პენსიონერისათვის, რომლებიც ამაოდ ითხოვენ მმართველი პარტიისაგან 2005 წლის დეკემბერში გაუქმებული პენსიების გადაანგარიშების წესის აღდგენას. შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცველი სტრუქტურების ვეტერანები აცხადებენ, რომ არსებული საპენსიო კანონი სოციალურად უსამართლოა და ფასს უკარგავს სამხედრო სამსახურსაც.

საქართველოს ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გეგმაზომიერად დაიწყო არმიის, პოლიციის, იუსტიციისა და პროკურატურის ორგანოების თანამშრომლებისათვის ხელფასების ზრდა. ამ სასიკეთო ტენდენციამ არა მარტო ე.წ. ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები გაახარა, არამედ შესაბამისი უწყებების პენსიონერებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ცოტნიაშვილი ამბობს, იყო პერიოდი, როდესაც ე.წ. ძალოვანი უწყებებიდან თადარიგში დათხოვნილმა საქართველოს მოქალაქეებმა შემოსავლის დონით უკან ჩამოიტოვეს ზოგიერთი ევროპელი პენსიონერიც.

„2005 წელში დაიწყო ხელფასების ზრდა; ძალიან გაიზარდა მაშინ ხელფასები და ამის გამო, ვინც მაშინ პენსიაზე გავიდა, ის ძველი კანონი ისეთნაირად იყო გათვლილი, რომ პენსიები დაენიშნათ ძალიან დიდი. 5000 ლარი დაენიშნა ერთ-ერთს - იუკურიძე (2004 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი) იყო ასეთი. მერე - 2500-ები და 1500 ლარზე ქვემოთ პენსია არ იყო დანიშნული“.

მალე საპენსიო განყოფილებებთან რიგები გაჩნდა. 1996 წელს მიღებული კანონის („სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“) 45-ე მუხლი ითვალისწინებდა „პენსიების გადასინჯვას ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით“. შესაბამისად, „ძალოვან უწყებებში“ ხელფასების ზრდის კვალობაზე, სახელმწიფოს საპენსიო ორგანოები ვალდებული იყვნენ, დადგენილი კოეფიციენტებით მოეხდინათ პენსიების გადაანგარიშება სამხედრო, შინაგან საქმეთა, სასაზღვრო თუ სახელმწიფო დაცვის ორგანოებიდან დათხოვნილ, საპენსიო უზრუნველყოფის უფლების მქონე პირებისათვის. ახალი რეალობის გათვალისწინებით, გადაანგარიშებას ექვემდებარებოდა, დაახლოებით, 50 ათასი პენსიონერის შემოსავალი, რასაც იმდროინდელი ბიუჯეტი ვერ გასწვდებოდა. თუმცა ხელისუფლებამ გამოსავალს მალე მიაგნო. 2005 წლის დეკემბერშივე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები და გააუქმა მოქმედი კანონის 42-ე და 45-ე მუხლები. პენსიის ნაცვლად შემოიღო კომპენსაციის ცნება, რითაც, ნოდარ ცოტნიაშვილის თქმით, ძალოვანი უწყებების პენსიონერებს პენსიის ზრდის ყოველგვარი შესაძლებლობა მოუსპო.

„ჩვენს პენსიებს, რომელიც უნდა მოგვმატებოდა, ამ პენსიებს მატება საერთოდ არა აქვს; და სიტყვა „პენსია“ მოიხსნა, ამიტომ აღარ აქვს მატება. სიტყვა კომპენსაცია კი არავითარ მატებას არ ითვალისწინებს, ეს არის კომპენსაცია-სტიპენდია“.

ასეთი კომპენსაცია თუ სტიპენდია, შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა თუ პროკურატურის ორგანოების პენსიონერთათვის თვეში მხოლოდ, დაახლოებით, 5 - 10-ლარიან დანამატს ითვალისწინებს, რაც ჯამში 90-დან 100 ლარს არ აღემატება. უფრო დიდი პენსია ენიშნებათ ე.წ. ძალოვანი უწყებების რიგებიდან 2005 წლის შემდეგ დათხოვნილ მოსამსახურეებს, რაც ძალოვანი უწყებების ძველ და ახალ თაობას შორის სოციალურ უთანასწორობას წარმოშობს. თადარიგში დათხოვნილმა აქტივისტებმა, ”ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან” ერთად, საკანონმდებლო ცვლილება მოამზადეს, რაც ხელისუფლებას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს. განვლილ კვირაში საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა.

„ვიბრძვით ამაზე და საკანონმდებლო ინიციატივაც შეტანილი გვაქვს, რომ გადაანგარიშების მუხლი აღდგეს და დამსახურებისა და ნამსახურეობის მიხედვით მიეცეთ პენსიები. ზოგი მიიღებს 560 ლარს მაქსიმალურს, ზოგი მიიღებს, ვთქვათ, 400, 450 ლარს, ანდა 500 ლარს. ახლა იღებენ 5-ლარიან კომპენსაციას, რადგან მათი ხელფასები გადაანგარიშდება იმ ხელფასიდან, რაც ჰქონდათ 90-იან წლებში, ანუ 200 - 120-ლარიანი ხელფასიდან“.

გიორგი ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძველი და ახალი თობის ძალოვანი უწყებების პენსიონერებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა ბიუჯეტს შეუძლია, თუკი შემცირდება მთავრობისა და პრეზიდენტის გაბერილი ფონდები:

„მაგალითად, 30 მილიონი ლარი არის საჭირო [ყოველწლიურად] ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მე ვეუბნები, რომ პრეზიდენტის და მთავრობის ფონდები არის უაზროდ გაზრდილი 50-50 მილიონი ლარით. შევკვეცოთ [ისინი] 25-25 მილიონი ლარით, გამოვათავისუფლოთ 50 მილიონი ამ ორი სარეზერვო ფონდიდან. ამით მოვაგვარებთ ძალიან ბევრ პრობლემას ძალოვანი უწყებების პენსიონერთა მიმართულებითაც და განათლებაშიც უამრავ საკითხს მოვაგვარებთ“.

თუმცა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ყველა ხარჯი ისედაც შემცირებულია. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქვეყანა დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს ვერ აიღებს ვერც ერთი კატეგორიის პენსიონერის მიმართ:

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, რომ შევამცირეთ საბიუჯეტო დეფიციტი და გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები და ის, პროგნოზის თანახმად, 750 მილიონი ლარით უფრო მეტი იქნება, ვიდრე წელს, – ჩვენ არ ავიღეთ დამატებითი ვალდებულებები და ნაცვლად ამისა, შევამცირეთ საბიუჯეტო დეფიციტი 4.3 პროცენტამდე“.

”ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენილი, გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ მთავრობა უბრალოდ თავიდან იშორებს იმ პენსიონერებს, რომლებსაც არ გაუმართლათ და ძალოვანი სტრუქტურებიდან, საპენსიო ასაკის გამო, „ვარდების რევოლუციამდე“ დაითხოვეს:

„ანუ, რევოლუციამდე ვინც გავიდა პენსიაში, ვისაც ესენი უძახიან „კორუმპირებულებს“, „გაიშნიკებს“, ”მექრთამეებსა” და ”უბედურებებს”, – ერთი ხელის მოსმით ჩარეცხეს ეს 50 ათასი კაცი. სამაგიეროდ, ვინც ამ ხელისუფლების ხელში გავიდა პენსიაში 2005 წლის შემდეგ, მათ აქვთ პენსია 560 ლარი, 470 ლარი და ასე შემდეგ“.

ძალოვანი უწყებების პენსიონერთა წარმომადგენლებმა უკვე შეიტანეს საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი ითხოვენ, რომ აღდგეს გადაანგარიშების მუხლი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონში. ანალოგიური სარჩელით მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა სასამართლომ უარი თქვა კოლექტიური საჩივრის მიღებაზე და მათ ურჩია, საჩივარი კონკრეტული პირის სახელით დაეწერათ. ასეთ „კონკრეტულ პირთა“ რაოდენობა კი საქართველოში 50 ათას კაცს შეადგენს და პოტენციურად თითოეული მათგანი შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების მოსარჩელე მხარედ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG