Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 16 ნოემბერი 2010


”რუსული კინოს პირველ ფესტივალზე თბილისში კამათობდნენ, ტიროდნენ, რუსული და ქართული კულტურის სადღეგრძელოებს სვამდნენ.”

„ნოვაია გაზეტაში“ საკმაოდ ემოციური, პათეტიკაგარეული სტატია ლარისა მალიუკოვასგან, რომელიც თბილისში ჩატარებულ რუსული ფილმების ფესტივალზე მოგვითხრობს, უფრო სწორად, იმ ატმოსფეროზე, რომელიც ფესტივალის გარშემო მალიუკოვას სტატიაში ტრიალებს.

”ნგრევა, სროლა, ზიზღის თესვა, მინების მტვრევა - ახლომხედველი პოლიტიკოსების საყვარელი სპორტის სახეობაა. შემდეგ ხალხი დიდხანს და ძნელად აღადგენს ხოლმე დანგრეულს, იშუშებენ იარებს, აწებებენ დამსხვრეულს. ”

სტატიაში სიუჟეტი ვითარდება ნაკლებად კინოდარბაზებში და მეტად - სხვაგან. თუმცა არის კინოდარბაზიც. ქართველი მაყურებლის განსაკუთრებული აღქმა რუსული ფილმისა, რომელიც ’შინ სძულთ და გარეთ ვერ უგებენო’. ავტორი აღწერს სიჩუმეს დარბაზებში, ემოციის სიმეტრიულ განვითარებას მაყურებელში.

”ეკრანს ათვალიერებდნენ როგორც საოჯახო ფოტოალბომს… გენეტიკური მეხსიერებაა ეს თუ აუხსნელი ქიმია? ისტორიულ-მენტალური გრძნობითი ურთიერთგაგება, ურთიერთშეღწევა.”
ურთიერთშეღწევა არც ისე რბილად მომხდარა. ყოფილა უარი, რადიკალური უარი, ამჯერად რუსეთი ქვეყნის კულტურით დაპყრობას ცდილობსო, ციტირებს ავტორი ლაშა ბაქრაძეს.
გადავინაცვლოთ დარბაზის გარეთ. თბილისი, რომელიც კინოს დეკორაციას ჰგავს. მალიუკოვას თვალით დანახული, უფრო სწორად, იმ ადამიანების თვალით, ვინც სტატიაში მოხვდა.
”მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი კემპინსკი ხდება. ძველი სასტუმრო „თბილისი“ – „თბილისი მარიოტი“. ექსკურსიის მომწყობი ინგა ამბობს, რომ მთავარი ამოცანა მშენებლებისა ქალაქის სულის შენარჩუნებაა, თუმცა რაღაც ამ სულს უშლის ხელოვნურად ჩასმული კბილივით… შუშის ხიდი მტკვარზე, რომელსაც ხალხი ”ოლვეიზის” საფენს ეძახის.”
ეს - ფორმაზე, ცოტაოდენი - შინაარსზეც:
”კინემატოგრაფები, რომელთაც თბილისი საბჭოეთის დროსაც უნახავთ, აღნიშნავენ, რომ თბილისური ქუჩები რაღაცნაირად უფრო ჩუმია დღეს. კი, მძღოლები დაუნდობლად აჭერენ საყვირს ხელს, თუმცა საუბარი სხვა რამეზეა… სამხრეთული ქალაქის კოლორიტი, გადაღეღილი ცხოვრების სტილით, მიჩქმალულია.”
მომრავლებულია „მაკდონალდსი“, მასწარმოების გამავრცელებელი კინოთეატრები და ცოტაოდენი იმედგაცრუება დასავლეთით და ამერიკით, რომელიც არც ისეთი თვალისმომჭრელია, როგორც ეს წარმოგვედგინაო.
არის ცოტაოდენი პათეტიკაც, რაღაცების გადალახვის მცდელობები, საუბრები ღრმა და ფესვგამდგარ ერთობებსა და სიახლოვეზე, ან სირცხვილზე, რომელსაც ადამიანები ომის შემდეგ განიცდიდნენ, ყინულის ლღობასა და დანაპირებზე, რომ მომავალში ინტერვიუს ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილთან.
შემდეგ დეკემბერია, როცა თბილისური ქუჩის დღეები მოსკოვში ჩავა, ქართული ფილმების ფესტივალის ფარგლებში. რაც შეეხება თბილისში ნაჩვენებ რუსულ ფილმებს,გარდა რამდენიმე მცირე ფრაგმენტისა, ფილმების შესახებ ინფორმაცია სტატიაში, უბრალოდ, ჩამონათვალით შემოიფარგლება, რომელიც მე პირადად, როგორც ერთ საშუალო სტატისტიკურ მაყურებელს, არაფერს მეუბნება. ალბათ, უბრალოდ, ფილმები უნდა ვნახო.
XS
SM
MD
LG