Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელის საქართველო ლისაბონის სამიტისგან


ნატოს ლისაბონის სამიტის ლოგო
ნატოს ლისაბონის სამიტის ლოგო
შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტები დღეს ლისაბონში თბილისის დროით დაახლოებით შუაღამის 12 საათზე შეხვდებიან ერთმანეთს. ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც 2009 წლის დასაწყისში შეერთებული შტატების სათავეში ბარაკ ობამას გუნდი მოვიდა. რას მოელიან საქართველოში შეხვედრიდან, რომელიც ლისაბონის ნატოს სამიტის პირველ დღეს იმართება, ერთი დღით ადრე, ვიდრე ამავე სამიტის ფარგლებში (რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მონაწილეობით) ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება? ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ საქართველოს საკითხი ხსენებული საბჭოს სხდომის განხილვის თემაც იქნება. ამასთან, თბილისი მოელის, რომ საქართველოს ინტერესები იმ სტრატეგიულ კონცეფციაშიც აისახება, რომლითაც ნატომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს.

საქართველო ერთ-ერთი სფეროა, რომელთან მიმართებითაც ჩვენ ვერ ვთანხმდებით ...
თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის რობერტ გიბსის ინფორმაციით, ლისაბონის სამიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვედრებს გამართავს საქართველოსა და ავღანეთის პრეზიდენტებთან. ამ დროისთვის ასეთივე ინფორმაცია აქვს ლისაბონში მყოფ საქართველოს დელეგაციასაც, რომელიც ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე ქვეყნისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხის განხილვას მოელის. ცხადია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემაზე.

ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა ერთი დღით უსწრებს წინ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც 20 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს ელოდებიან. ამ შეხვედრას ნატო რუსეთთან სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის დიდ იმედებს უკავშირებს და ეს არაერთხელ აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმაც, ალიანსის გენერალურმა მდივანმა. გავიხსენოთ, რომ 3 ნოემბერს ისტორიული სამიტისთვის სათანადოდ მოსამზადებლად რასმუსენი თავად ეწვია მედვედევს მოსკოვში.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ საქართველოზე საუბარი მედვედევს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზეც მოუწევს. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ აღნიშნა 18 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა უთანხმოებათა დაძლევისკენ არის მიმართული, აქ კი მნიშვნელოვან ადგილს კვლავაც საქართველო იკავებს:

არ არის გამორიცხული, რომ თვით ობამას დასჭირდეს, ბრჭყალებშიც და უბრჭყალებოდაც, თავისი პოლიტიკის სააკაშვილის მხრიდან მხარდაჭერა რესპუბლიკელების გასაგონად ...
”საქართველო ერთ-ერთი სფეროა, რომელთან მიმართებითაც ჩვენ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების- სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - დამოუკიდებლობას. ეს არის საკითხი, რომლის არსებით მხარდაჭერასაც განვაგრძობთ რეგიონში... და მე მოველი, რომ ეს საკითხი იქნება მოლაპარაკების თემა ლისაბონში, რადგანაც ეს არის ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი სხდომა საქართველოში კონფლიქტიდან რამდენიმე წლის შემდეგ.”

იმის გარდა, რომ საქართველოს სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა და ამის იმედიც აქვს, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, თავის მხრივ, საქართველოს მხარდაჭერას შეერთებული შტატებიც საჭიროებს. პოლიტოლოგი სწორედ ამ კონტექსტს განიხილავს ობამა-სააკაშვილის ერთგვარად დაგვიანებული შეხვედრის მოტივაციების შეფასებისას:

”... დღეს ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში გაძლიერდა რესპუბლიკელების როლი, რესპუბლიკელებისა, რომლებიც ყოველთვის უყურადღებობაში სდებენ ბრალს დემოკრატებს, ანუ ობამას ადმინისტრაციას. და, აი, ამ პირობებში ობამას ადმინისტრაციისთვის სასურველია, რაც შეიძლება მეტი ჟესტი გააკეთოს იმისთვის, რომ რესპუბლიკელების კრიტიკა აირიდოს... გავიხსენოთ, ანალოგიური კრიტიკის რაუნდი რომ იყო, გადატვირთვის პოლიტიკაზე პედალირების შემდეგ, ამ კრიტიკის, თუ შეიძლება ითქვას, საპასუხოდ ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა თბილისში... არ არის გამორიცხული, რომ თვით ობამას დასჭირდეს, ბრჭყალებშიც და უბრჭყალებოდაც, თავისი პოლიტიკის სააკაშვილის მხრიდან მხარდაჭერა რესპუბლიკელების გასაგონად... კერძოდ, იმ პოლიტიკის მხარდაჭერა, რასაც გადატვირთვის პოლიტიკა ჰქვია.”

ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე და ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე განხილვის გარდა, საქართველო თავისი ინტერესების ასახვას ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაშიც მოელის. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ლისაბონში 20 ნოემბერს უნდა დაამტკოცონ. ამ თარიღს ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გეგა მგალობლიშვილის იმედებიც უკავშირდება:

”მიმდინარეობს მუშაობა 2 დოკუმენტზე. ეს არის სტრატეგიული კონცეფცია და სამიტის დასკვნითი კომუნიკე. იმედი მაქვს, რომ ორივე შემთხვევაში ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, შესაბამისად იქნება ასახული.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG