Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილი ახალგაზრდები ახალ პროფესიებს ეუფლებიან


პროფესიული სასწავლებლის დევნილი სტუდენტები
პროფესიული სასწავლებლის დევნილი სტუდენტები
დევნილებისთვის მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება. მეორე წელია არაერთი იძულებით გადაადგილებული პირი სამსახურს უშედეგოდ ეძებს. დევნილების ერთი ნაწილი გარკვეულ პროექტებში მხოლოდ დროებით სამსახურს თუ შოეულობს. სტაბილური სამუშაო ადგილის მოძებნა თითქმის შეუძლებელია.

ნინო ბასიშვილმა უმაღლესი სასწავლებელი ერთი წლის წინ დაამთავრა. ამ დრომდე იგი სამსახურს უშედეგოდ ეძებს, საკუთარი მონაცემები კი არაერთ ოფისში დატოვა, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა.

უმუშევრობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწუხებთ, ამიტომ დევნილი ახალგაზრდების ნაწილმა ახალი პროფესიების ათვისება დაიწყო, რადგან ეს მომავალში დასაქმების მეტ შანსს იძლევა. ერედვიდან დევნილი ნანა ბერუაშვილი ხიდისთავის პროფესიულ კოლეჯში გამყიდველ-კონსულტანტის პროფესიას ეუფლება. სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი პრაქტიკას რომელიმე სავაჭრო ობიექტში გაივლის და დასაქმების შანსი მიეცემა. პროფესიული სწავლების კოლეჯში დევნილებისთვის სწავლა უფასოა.

ხიდისთავის პროფესიულ კოლეჯში ახალგაზრდები არაერთ პროფესიას ეუფლებიან. სასწავლებელი სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით დაარსდა. ამჟამად კოლეჯში ასობით დევნილი და სოციალურად გაჭირვებული ახალგაზრდა ახალ პროფესიებს სწავლობს. მზარეული, სტილისტი, მეფილე, ბანკის მოლარე-ოპერატორი, გამყიდველ-კონსულტანტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, მშენებელი - ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ახალგაზრდები სწავლობენ. ცენტრის დირექტორის ვახტანგ სუხიტაშვილის თქმით სასწავლებლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულების დაახლოებით 50 პროცენტი საქმდება.

ამჟამად არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი დევნილი ახალგაზრდა დასაქმდა კოლეჯის დასრულების შემდეგ, მაგრამ ცნობილია რომ დაუსაქმებელი დევნილი ახალგაზრდების ინტერესი ახალი პროფესიების მიმართ ყოველდღიურად იზრდება.
XS
SM
MD
LG