Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისმაგ გორდეზიანი - ფილოლოგი


14 ნოემბერი, კვირა
რამდენი ხანია, დღიური არ მიწარმოებია! „თავისუფლების“ შემოთავაზება შესაძლებლობას მაძლევს, ხანდაზმულობისას მოვსინჯო ის, რაც ბავშვობის ასაკში, დედაჩემის თხოვნის მიუხედავად, ასე მეზარებოდა და ესოდენ უღიმღამოდ გამომდიოდა.

დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ჩემს ვაჟიშვილსა და მის მეგობართან ერთად დილაადრიანად რუსთავში გავემგზავრე ავტობაზრობაზე. უნდა გავნთავისუფლებულიყავით ჩვენი რიგიანად მობერებული და სნეულებაშეპარული მანქანისაგან. ამასთანავე, თუ შევწვდებოდით, შეგვეძინა რამდენადმე უფრო ახალგაზრდა და ნაკლები წუნის მქონე ავტომობილი. არ მეგონა, თუკი ოდესმე ავტობაზრობის პერსონაჟად ყოფნა ჩემთვის ესოდენ საინტერესო აღმოჩნდებოდა. 16000-მდე ავტომობილის დამტევი უზარმაზარი სივრცე იმდენად კარგად არის ორგანიზებული, რომ სულ რაღაც ორ საათში მოვასწარით ძველი მანქანის „დაბინავება“, ახლის შერჩევა და შესყიდვა და ამასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობის მოგვარება. მეეჭვება, რომ სადმე სხვაგან ამ ოპერაციების ესოდენ სწრაფად შესრულებას ახერხებდნენ. გამახსენდა არცთუ შორეული წარსული, როდესაც „ვოლგის“ ან „ჟიგულის“ შესყიდვის უფლების მოპოვებას წლები სჭირდებოდა, ხოლო უცხოურ მანქანაზე ფიქრიც კი თითქმის მკრეხელობად ითვლებოდა.

დადებითი ემოციებით დამუხტული, ჩემს მეგობართან ელგუჯა ხინთიბიძესთან ერთად, საღამოს ჩვენი ყოფილი მოსწავლისა და ამჟამად უმცროსი კოლეგის ვალერი ასათიანის საიუბილეოდ გამართულ ვახშამზე წავედი. მას უკვე 60 წელი შეუსრულდა. მე კი მასზე ათი წლით უფროსი ვარ. ისღა დამრჩა, სოლონის შეგონებით ვინუგეშო თავი: სიცოცხლეს აზრი აქვს მანამდე, ვიდრე რაღაც ახლის სწავლის სურვილი და შესაძლებლობა გაგაჩნია. საზოგადოება მართლაც შესანიშნავი შეიკრიბა! ძალზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინეს აზერბაიჯანელმა სტუმრებმა: ცნობილმა ხელოვანმა, იუბილარის განუყრელმა მეგობარმა ფოლად ბიულბიულ-ოღლიმ, რომელიც ამჟამად თავისი ქვეყნის ელჩია რუსეთში და, ასევე, საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა და მისმა მშვენიერმა მეუღლემ. აქ იყო ყველაფერი: თამადის, ვახო ცხადაძის ენაწყლიანობა, მშვენიერი ცეკვები და სიმღერები, იუმორითა და სიყვარულით აღსავსე სადღეგრძელოები, რაც ქართულ სუფრას განუმეორებლობას ანიჭებს.

დღე დავაგვირგვინე გვიან ღამით სკაიპით საუბრით საფრანგეთში მყოფ შვილიშვილთან, რომელიც ტულუზის უნივერსიტეტში გადის მაგისტრატურის კურსს და რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია!
თავისუფლების დღიურები - რისმაგ გორდეზიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:23 0:00

15 ნოემბერი, ორშაბათი
ადრე გამეღვიძა. ცას გავხედე. ისევ ზღაპრული ამინდია. რა ბედნიერებაა!!! დაილოცოს ჩვენი ქვეყანა! დღეს მაგისტრების ორ ჯგუფთან ოთხი სალექციო საათი მაქვს. ჩვეულებისამებრ, უნივერსიტეტში წასვლამდე ინტერნეტისა და ტელევიზიის გადაცემების დახმარებით დავიკმაყოფილე საინფორმაციო წყურვილი. მსოფლიოში მომხდარი ამდენი უბედურების ფონზე ქართული ტელევიზიების დიდი ნაწილი ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, გარდა ცალკეული კრიმინალური ამბისა თუ მეტეოროლოგიური ანომალიისა, ძირითადად, ვარდისფერებში წარმოგვიდგენს.

პირველი ორი ლექცია ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის პროგრამის მაგისტრებთან მქონდა. ვმსჯელობდით ჰომეროსის პოეტიკის თავისებურებებზე. სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია აზიარო ასეთ მაღალ ხელოვნებას 21-ე საუკუნის ქართველი სტუდენტი, რომელიც ისე იხიბლება ჰომეროსის პოეზიის სიდიადით, თითქოს მათ ერთმანეთისაგან თითქმის სამი ათასწლეული არ აშორებდეს. შემდეგი ორი საათი ანტიკური ლექსთწყობის პრობლემატიკას ეთმობა. მაგისტრანტები ძველბერძნულად და ლათინურად კითხულობენ არქილოქოსის, სოლონის, მიმნერმოსის, ოვიდიუსისა და სხვების ელეგიური საზომით გამართულ ლექსებს. პრაგმატიზმის სტიქიით მოცულ ჩვენს ეპოქაში ახალგაზრდობას აუცილებლად ესაჭიროება ისეთი სულიერი საზრდოს მიღება, რომელიც მას ინტელექტუალური დეგრადაციისგან დაიცავს. ამ თვალსაზრისით კი ანტიკური კულტურა უებარი წამალია.

მართალია, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ჩემთვის მეორე სახლია, მაგრამ დატვირთული დღის შემდეგ საკუთარი ოჯახი, ბინა, კაბინეტი მყუდრო ნავსაყუდელივითაა, სადაც შეგიძლია მოეშვა და ის გააკეთო, რაც გინდა...

16 ნოემბერი, სამშაბათი
დილიდან ტრადიციული ინფორმაციული ინექცია ინტერნეტიდან და ტელეგადაცემებიდან. შემდეგ - უნივერსიტეტი და მაგისტრებთან სერიოზული დისკუსია ევრიპიდეს „მედეასთან“ დაკავშირებით. რამდენად გამართლებულია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის „განაწყენება“ ევრიპიდეზე, რომელმაც ისე შეცვალა მითი, რომ მედეა საკუთარი შვილების მკვლელად გამოიყვანა? რა იქნებოდა უკეთესი, მედეა ჩვეულებრივ, ეჭვიან, თუმცა შვილების ვერგამმეტებელ პერსონაჟად გამოეყვანა ევრიპიდეს, თუ თავისი ინოვაციით მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე პოპულარულ სახედ ექცია? განა მედეას ესოდენ პოპულარობას მხოლოდ საკუთარი შვილების დახოცვა განაპირობებს? ერთად მივდივართ დასკვნამდე, რომ თავისი შემზარავი ქმედებით მედეა ანგარიშს უსწორებს საზოგადოებას, რომელსაც არავითარი უსამართლობა აღარ აღელვებს, რომელიც ყველაფერს შეგუებულია. მხოლოდ მედეას ამგვარ საქციელს შეუძლია ამ საზოგადოების შეჯანჯღარება, იმაზე დაფიქრება, თუ რატომ მოხდა ეს ყოველივე.

დღის მეორე ნახევარში ვესწრები მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას. რამდენის გაკეთება მოასწრო ამ შესანიშნავმა მეცნიერმა თავისი ცხოვრების 47 წლის განმავლობაში! ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი უკვე წარსულია. გვყავს კი დღეს მათი წონისა და გაქანების ისტორიკოსები? საით მივდივართ - წინ თუ უკან? შეუძლიათ კი აკადემიასა და უნივერსიტეტს დღეს ამ დონის მეცნიერების აღზრდა და ასპარეზზე გამოყვანა? აი, რა ფიქრები აღეძრებოდა, ალბათ, იქ დამსწრეთა უმეტესობას.

საღამოს ჩემი საინფორმაციო საშუალებებიდან მოპოვებული ცნობებიდან განსაკუთრებით ორი დამამახსოვრდა: 1. ქუთაისში სრულდება საოპერო თეატრის რეკონსტრუქცია. ნეტავ ამასვე როდის მოისმენენ უოპეროდ დარჩენილი თბილისელები? 2. ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი და რუსეთის ქმედებების მკვეთრად დამგმობი რეზოლუცია მიიღო. მინდოდა რეზოლუციის სრულ ტექსტს გავცნობოდი. სამწუხაროდ ვერც ერთ ჩვენს თუ უცხოურ საიტზე მას ვერ მივაკვლიე. ამ ასამბლეას BBC, Lenta.ru, News.ru და სხვა უცხოური საინფორმაციო საშუალებები, ძირითადად, დუმილით უვლიან გვერდს. ვნახოთ, რა მოხდება ლისაბონში!

17 ნოემბერი, ოთხშაბათი
ამინდი ისევ გვანებრივებს. მთელ დღეს უნივერსიტეტში ვატარებ. ჯერ ლექცია კლასიკური ფილოლოგიის შესავალში. სტუდენტთა ახალი თაობა დიდი ინტერესით ისმენს მიმოხილვით ლექციას ანტიკურობის უდიდეს ლირიკოსებზე. შემდეგ - კონსულტაციები ჩემს დოქტორანტებთან. ერთი მათგანი, გიორგი უგულავა, გამოსაცემად ამზადებს დიდი წარმატებით დაცულ თავის სამაგისტრო შრომას: „სახელმწიფოს მოწყობის ანტიკური კონცეფციები დემოკრატიული ათენიდან პრინციპატამდე“. ჩვენ სინამდვილეში ეს, ალბათ, სამაგისტრო შრომის წიგნად გამოცემის პირველი შემთხვევა იქნება. ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს პოლიტიკური სისტემებით ესოდენ უხვი ანტიკური საზოგადოების დამოკიდებულებას სახელმწიფოს მოწყობის ჩვენთვის ცნობილი კონცეფციებისა თუ მოდელების, მათ შორის დემოკრატიის მიმართ. როგორ განსხვავდება ამ საკითხებზე ღრმა და ხშირი დისკუსიებით ცნობილი ანტიკურობისაგან ჩვენი ქართული სინამდვილე! ვინ მსჯელობს სერიოზულად ჩვენს გარშემო პოლიტიკური სისტემების საქართველოსათვის ყველაზე უფრო მისაღებ მოდელებზე, ვინ არის მზად ამ სფეროში არა ელემენტარული პრაგმატული, არამედ ფილოსოფიურად გააზრებული კონცეფციები შემოგვთავაზოს?..

18 ნოემბერი, ხუთშაბათი
დილით ტელევიზიით ძალზე სამწუხარო ამბავი შევიტყვე: გარდაიცვალა გია არსენიშვილი. მასთან მრავალი ათწლეულის მეგობრობა მაკავშირებს სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული. უკანასკნელად მას გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე შევხვდი სასტუმრო „რედისონში“. გული ვიჯერეთ საუბრით. რას ვიფიქრებდი, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა! უნივერსიტეტში ყველა დიდი წუხილით ლაპარაკობს მის უეცარ გარდაცვალებაზე, მის საოცარ სიმპათიურობაზე, კომპეტენტურობაზე, ბუნებით მომადლებულ იუმორის საშურ გრძნობაზე...

სტუდენტებთან შეხვედრამ და მათი სასემინარო მოხსენებების მოსმენამ რამდენადმე მიმინელა მწუხარება. საღამოს ისტორიკოსების მიერ მოწყობილ, დიმიტრი შველიძისა და გიორგი გაფრინდაშვილის წიგნის, „გიორგი დეკანოზიშვილის“ პრეზენტაციას დავესწარი. კარგია, რომ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მივიწყებულ პატრიოტებს გამოუჩნდნენ ამაგის დამფასებელნი. პრეზენტაციის შემდეგ დავესწარი ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამო-კონცერტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გემოვნებითა და ზომიერებით გამორჩეულს, სადაც კარგად იყო ერთმანეთთან შეზავებული წამყვანის, გივი მუნჯიშვილის თხრობა და საკონცერტო ნომრები. დარბაზში უამრავი ხალხი იყო, ნარჩევი საზოგადოება. ბარაქალა კონსერვატორიის რექტორს, ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს, რომ მას აქვს სურვილი და ნიჭი, ღირსეულად მიაგოს პატივი ქართული უნივერსიტეტის ფუძემდებელს!

ივანე ჯავახიშვილი და მისი თანამოაზრენი ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი უნივერსიტეტი, ქართული საქმის მსახური და მსოფლიო გაქანების მქონე. მათი ძალისხმევით ბევრს მივაღწიეთ. ვფიქრობთ კი ჩვენ საკმარისად საუნივერსიტეტო ცხოვრების ავ-კარგზე, ჩვენი მეცნიერების განვითარების გზებზე? მე არ მახსენდება ამ საკითხებზე ჩვენი პროფესურის, წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით ჩატარებული სერიოზული თავყრილობა უკანასკნელ წლებში, თავყრილობა, კომპეტენტური მსჯელობითა და რეკომენდაციებით. ამ სფეროში მთელი ინიციატივა მოხელეებს, თანამდებობის პირებს დავუთმეთ, მათ კი ზოგჯერ არ უნდათ იმის გაგება, რომ სერიოზული სამეცნიერო მუშაობისა და დიდი მეცნიერების გარეშე კარგი უნივერსიტეტი არ არსებობს.

19 ნოემბერი, პარასკევი
დღეს მთავრდება ლექციებით დატვირთული კიდევ ერთი კვირა, რადგან 14-საათიანი სალექციო მარათონის შემდეგ ხვალიდან ლექციებისგან თავისუფალი ორი დღე მაქვს. დღეს საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ამ ცოტა ხნის წინათ ქალბატონ ნელი მახარაძისა და ბატონ ნოდარ ლომოურის რედაქტორობით გამოცემული მნიშვნელოვანი წიგნის - „ბიზანტია ქართულ წყაროებში“ - ჩვენს ინსტიტუტში მომდევნო კვირაში დაგეგმილი პრეზენტაცია-განხილვის პროგრამა. მისასალმებელია, რომ აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის მოსწავლეები, თავადაც ცნობილი მეცნიერები, ესოდენ წარმატებით აგრძელებენ მასწავლებლის საქმეს.

საოცრად მძიმე გულით მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე გია არსენიშვილის პანაშვიდზე. მისმა უეცარმა გარდაცვალებამ მწუხარებაში გარკვეულწილად გააერთიანა სახელისუფლებო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. პირველთათვის იგი ის არაორდინალური პარლამენტარი იყო, რომლის სამეცნიერო კომპეტენციაში, გამოცდილებასა და სიბრძნეში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო, ხოლო მეორენი მას კარგი პოლიტიკური ალღოს მქონე ჭეშმარიტ მეცნიერად მიიჩნევდნენ, რომელიც თავის ღირსებას ყოველთვის ინარჩუნებდა.

დღე დასრულდა ამირ კაკაბაძის ძალზე საინტერესო გამოფენაზე „ვერნისაჟის“ საექსპოზიციო დარბაზში. ჩემი აზრით, ბატონი ამირი, ერთი მხრივ, აგრძელებს მამის, დიდი დავით კაკაბაძის ტრადიციებს თავისი აპლიკაციური სტილისტიკით, მეორე მხრივ კი საოცარ შემოქმედებით თვითმყოფადობას გვიჩვენებს თავისი დახვეწილი ესთეტიზმით.

ტელევიზიამ საღამოს გადამრთო ლისაბონის ტალღაზე. მოლოდინი ძალზე მაღალია. ვნახოთ, რას მოგვცემს აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

20 ნოემბერი, შაბათი
დღეს ჩემი „სადღიურო შემოქმედების“ ბოლო დღეა. დილიდან ბუღალტერთან განვიხილავ მომავალი კვირისათვის დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსებისა და სხვადასხვა მომსახურებისათვის თანხის გადარიცხვის საკითხებს.

უცხოურ საიტებზე აშკარად შეინიშნება საქართველოს თემის აქტუალიზაციის ტენდენცია. ზუსტად არავინ იცის, რაზე ისაუბრებს ორი პრეზიდენტი პირისპირ. ფაქტია, რომ დიდი პოლიტიკისათვის საქართველო არ არის შეუმჩნეველი. იმედია, ეს კარგის ნიშანია. ვემზადები რადიო „თავისუფლების“ თბილისის ოფისში წასასვლელად. ვნახოთ, რა გამოვიდა ჩემი ერთკვირიანი „მოღვაწეობიდან“.
XS
SM
MD
LG