Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 პროცენტით "გაუმჭვირვალე" გამოსავალი


პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მედიის წარმომადგენლები მედიაგამჭვირვალობის საკითხებზე მსჯელობდნენ. მომხსენებელი დღეს უმრავლესობა იყო. მათ მედიამფლობელთა შესახებ საკუთარი ორგვერდიანი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინეს, რომლის ძალითაც 10% წილის მფლობელი მედიასაშუალებებისა შესაძლოა იყოს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია.

დისკუსიის საბაბი დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობის წევრის და ორგვერდიანი დოკუმენტის ერთ-ერთი ოფიციალური ავტორის, ჩიორა თაქთაქიშვილის, განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, მედიაკომპანიების მართვის ათ პროცენტში შესაძლოა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ჩაებას. პირველი, რამაც დარბაზში ცნობისმოყვარეობა გააღვიძა, თავად ციფრი 10-ის წარმომავლობა იყო. რატომ ათი, რატომ არა თხუთმეტი,ხუთი, ცხრა და არა, მაგალითად, თვრამეტიო?

ჩიორა თაქთაქიშვილს ციფრთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა ორი რამ აღნიშნა. პირველი - მისი თქმით, ათი პროცენტი გადაწყვეტილებათა მიღებაზე გავლენას ვერ მოახდენს:

„როგორ შეიძლება ათი პროცენტის მფლობელმა რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე?“

მეორე - იმით, რომ ათი პროცენტი დარჩება მედიაკომპანიებს, კიდევ უფრო მეტ შანსს ვაძლევთ მოიზიდონ ინვესტიციები, საფონდო ბირჟებზე გავიდნენ და ნებისმიერი - მათ შორის, ოფშორული - კომპანია დააინტერესონო.

ორივე ამ არგუმენტზე დარბაზიდან შემდეგი პასუხები გაისმა: პირველი - შეუძლია თუ არა ათ პროცენტს, რომელიც ოფშორია და, შესაბამისად, უცნობია, მიიღოს გადაწყვეტილებანი? ახალგაზრდა იურისტებს მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე მუხლი მოჰყავთ და ამბობენ, რომ დიახ, შეუძლია:

„ჩვენი კანონი ამბობს, რომ ათი პროცენტის წილის მფლობელი რეალურად შესაძლოა იყოს გადაწყვეტილების მიმღები. კი, ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს ათი პროცენტი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვინ იქნება ეს, არ გვეცოდინება, რადგან ეს იქნება ოფშორული კომპანია.“

მეორე არგუმენტზე, რომელიც ამბობს, რომ ამ გზით მედიასაშუალებებს შემოსავლის მიღების შანსი ეზრდებათ, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა აღნიშნა, რომ ბირჟებზე მხოლოდ ოფშორული კომპანიები არ მონაწილეობენ:

„არ იქნება პრობლემა, თუ რომელიმე ნაციონალურ მაუწყებელს სურვილი ექნება, რომ ნიუ-იორკის ბირჟაზე დარეგისტრირდეს და აქციები გაიტანოს გასაყიდად, სულაც არ შეუშლის ხელს ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანია წილს ვერ იყიდის. მაინცდამაინც ყველა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ხომ არაა ბირჟაზე?“

კიდევ ერთი, რაც დარბაზიდან გაისმა, იყო უფრო რიტორიკული სახის შეკითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ქვეყნისა და ჩვენი სამშობლოსთვის - მედიაგამჭვირვალობა თუ მედიამოგებაო? თუმცა ეს ორი რამ რამდენად ერთმენთთან კავშირშია ან რა კავშირშია ისინი…?

ბუნებრივია, ამ კითხვაზე პასუხი რომ გაცემულიყო, პირველ რიგში ლოგიკურად უნდა თქმულიყო მომგებიანია თუ არა მედია, განსაკუთრებით, ტელემედიაბიზნესი დღეს საქართველოში. არგუმენტაცია ისევ ვარაუდის დონეზე კეთდებოდა:

„ნაციონალური მაუწყებლობა საქართველოში არ არის თვითკმარი ბიზნესი. ეს ნიშნავს, რომ შემოსული ფული - რეკლამიდან და ასე შემდეგ - არ ჰყოფნის იმ ხარჯებს, რომლებიც მაუწყებლებს აქვთ. ბუნებრივია, თუ ათ ლარს ვხარჯავ და შემოსავალი მაქვს შვიდი ლარი, ის სამი ლარი ვიღაცამ უნდა აანაზღაუროს და ვისგანაც ვიღებ იმ სამ-ოთხ ლარს, სამწუხაროდ, იმის პოლიტიკას ვატარებ“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ.

ასეთი ლოგიკით გავლენისგან თავის დაღწევის მცდელობა შესაძლოა იყოს ტელემედიისთვის ყველა გზის გახსნა, მათ შორის, ოფშორული ბიზნესებისკენ. ოფშორი, საკუთარი დეფინიციით, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არაა. ოფშორი დინამიკაა ბიზნესების დინებისა დაბალი გადასახადებისა და ანონიმურობისკენ. სასწორს ისევ უმრავლესობის არგუმენტისკენ ხრის დაბალი გადასახადები, თუმცა არა ანონიმურობა, რადგან არასამთავრობო სექტორს და მედიის წარმომადგენელთ დღევანდელ შეხვედრაზე სურდათ 100 პროცენტით გაეშიშვლებინათ მედიამფლობელთა საკითხი.

მომგებიანია თუ არა მედია, უკვე მეორე ნაწილია მედიაექსპერტთა ჯგუფის ვრცელი საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც მედიასაშუალებების ფინანსურ გამჭვირვალობას მოიცავს და რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა. ეს საკითხი, სავარაუდოდ, შემდეგი მოსმენებისა და შეხვედრების თემა გახდება.
XS
SM
MD
LG