Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესამ საქართველოს შესახებ რამდენიმე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. სტატიების უმეტესობა ორგანიზაცია „ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტებს, კერძოდ, საქართველოსთან დაკავშირებულ ტელეგრამებს ეხება.

მიმოხილვის დასაწყისში შეგახსენებთ, რომ „ვიკილიკსი“ ოფიციალურად თანამშრომლობს რამდენიმე გამოცემასთან, რომლებსაც ორგანიზაციამ წინასწარ გადასცა მოპოვებული საიდუმლო ტელეგრამები, რომლებიც თავის დროზე აშშ-ის დიპლომატიური არხებით გადაიცა. ესენია ბრიტანეთის „გარდიანი“, გერმანიის „შპიგელი“, ესპანეთის „ ელ პაისი“ და საფრანგეთის „ლე მონდი“. „ვიკილიკსის“ მეხუთე პარტნიორად აშშ-ის „ნიუ-იორკ ტაიმსი“ სახელდება, რომელსაც, როგორც იუწყებიან, ტელეგრამები „გარდიანმა“ მიაწოდა. დღევანდელ მიმოხილვაში „ვიკილიკსის“ რამდენიმე პარტნიორ გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე გვექნება საუბარი, სხვა გამოცემებთან ერთად.

მიმოხილვას დავიწყებთ „გარდიანის“ 1 დეკემბრის სტატიით, რომლის სახელწოდებაცაა: „’ვიკილიკსის’ ტელეგრამები გვაუწყებს, რომ საქართველოს სეპარატისტებს რუსეთი აიარაღებდა“. სტატიის ავტორი, ლუკ ჰარდინგი, წერს, რომ „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო ტელეგრამებში საუბარია რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სეპარატისტების გრადის ტიპის რაკეტებით და სხვა იარაღით მომარაგებაზე, ისევე როგორც სხვა „საიდუმლო ოპერაციების“ ტალღაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოსთვის ძირის გამოთხრის მიზნით განახორციელა 2008 წლის ომის წინა პერიოდში:

„კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ გადადგმული მტრული ნაბიჯები მოიცავდა სარაკეტო თავდასხმებს, მკვლელობის გეგმებს და „ბევრ უფრო მცირემასშტაბიან ოპერაციას“, ვკითხულობთ ტელეგრამებში. „ამასთან, რუსეთის საიდუმლო სამსახურები საქართველოს აშშ-ისა და ნატოს მომხრე პრეზიდენტის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდნენ და აცხადებდნენ, რომ მას აქვს ‘პარანოიდული დისფუნქცია’.“

„გარდიანის“ სტატიაში იქვე მოყვანილია ციტატა საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ 2007 წლის 20 აგვისტოს გაგზავნილი ტელეგრამიდან:

„ბოლო წლებში დაგროვილი მტკიცებულებები მოწმობს, რომ რუსები აგრესიულად თამაშობენ სარისკო საიდუმლო თამაშს და ამ პროცესში თითქმის არანაირ წესს არ ცნობენ.“

ამერიკელი დიპლომატების მიერ თბილისიდან გაგზავნილ ტელეგრამებს ეხება 1 დეკემბერს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიაც, სახელწოდებით „საქართველოსთან ჩახუტებულმა ამერიკამ არასწორად გაიგო საგანგაშო სიგნალები.“ სტატიის ავტორი, სი ჯეი ჩივერსი, იმ განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რომელსაც, მისი თქმით, ამერიკელი დიპლომატები იჩენდნენ, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ კი, რეგიონის სხვა ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლების სიტყვების მიმართ.

„მეზობელ ქვეყნებში ამერიკელი დიპლომატები ხშირად პროფესიულ დისტანციას ინარჩუნებდნენ და კერძო საუბრებში თავიანთი მასპინძელი მთავრობების მიმართ ეჭვებსაც გამოხატავდნენ. საქართველოში კი, როგორც ჩანს, დიპლომატებმა სკეპტიციზმი გვერდით გადადეს და მნიშვნელოვანი და საკამათო მოვლენების ირგვლივ ქართულ ვერსიებს მთლიანად იზიარებდნენ“, - წერს ჩივერსი და განაგრძობს: „2008 წელს, როცა რეგიონი ომში ჩათრეული აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობის მიღმა არსებულ წყაროებს დიდი მნიშვნელობა არ მისცეს ან საერთოდაც არ ჩართეს მნიშვნელოვან ტელეგრამებში. ვაშინგტონს ქართული მხარის ოფიციალურ ვერსიებს თითქმის უცვლელად აწვდიდნენ. რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომის დაწყების წინ გაგზავნილ ბოლო ტელეგრამებში საელჩო აკეთებს განცხადებებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ მცდარი აღმოჩნდა.“

ამგვარი „მცდარი ინფორმაციის“ ერთ-ერთ მაგალითად სტატიის ავტორი ასახელებს საელჩოს უუნარობას წინასწარ განეჭვრიტა ომის დაწყების საშიშროება. ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა არ გადაამოწმეს ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოსების მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვის შესახებ, რის საპასუხოდაც, ამავე მხარის მტკიცებით, განხორციელდა ცხინვალზე შეტევა, და ეს ცალმხრივი ცნობა თითქმის უცვლელი სახით გაგზავნეს ვაშინგტონში.

ესპანეთში გამომავალი „ელ პაისი“ - „ვიკილიკსის“ ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი - 2 დეკემბრის ნომერში ბეჭდავს სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ:

„[რუსეთ-საქართველოს] ომის შესახებ გაგზავნილ შეტყობინებებში, რომლებიც ამ გაზეთმა მოიპოვა, წერია, რომ 1-დან 2 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთში „2004 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი“ სროლა გაჩაღდა, თუმცა გაურკვეველია, ვინ წამოიწყო ის. 7 აგვისტოთი დათარიღებულ ორ ტელეგრამაში ლაპარაკია „6 აგვისტოს ღამეს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ინტენსიურ შეტაკებებზე“ და „ქართული ჯარისა და არტილერიის გადაადგილებაზე.“ ამის შემდეგ საქართველოდან გაგზავნილ შეტყობინებებში 138 ნომერი გამოტოვებულია. 8 და 9 აგვისტოს მხოლოდ ორ-ორი ტელეგრამაა გაგზავნილი. ამგვარი წყვეტის არსებობა და ასეთ მნიშვნელოვან დღეებში შეტყობინებების ლაკონიურობა იმაზე მიუთითებს, რომ საელჩოდან ინფორმაცია სხვა არხებით ვრცელდებოდა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის მკაფიოდ დანახვა, თუ რა როლი შეასრულეს ამერიკელებმა სააკაშვილის რეიდში. ევროკავშირის გამოძიებამ, რომელსაც შვეიცარიელი ელჩი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, დაასკვნა, რომ ომი სააკაშვილმა გამოიწვია ცხინვალზე შეტევით და რომ რუსეთის პასუხი დისპროპორციული იყო“.

გერმანიაში გამომავალი „შპიგელის“ ინტერნეტ-ვერსიაში 1 დეკემბერს გამოქვეყნდა უვე კლუსმანის სტატია, სახელწოდებით: „ღამის განმავლობაში დიდი დანაკარგი იყო: ტელეგრამები მოწმობს აშშ-ის დიპლომატების მცდელობებს არ დაეშვათ რუსეთ-საქართველოს ომი“. უვე კლუსმანი, რომელსაც საქართველოს შესახებ წარსულშიც არაერთი კრიტიკული სტატია აქვს გამოქვეყნებული, წერს, რომ 2008 წლის ომის წინა პერიოდში მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ომის პერსპექტივა რეალური ხდებოდა და ამერიკელი დიპლომატები ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ ამის თავიდან ასაცილებლად:

„ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან კონფიდენციალური შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმადაც, რუსებმა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ომისკენ იხრებოდა. რუსეთს ჰქონდა სადაზვერვო მონაცემები, რომ საქართველო აპირებდა მნიშვნელოვან სამხედრო ქმედებებში ჩართვას.“

შემდეგ სტატიაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მცირემასშტაბიან „შეტაკებებს“ ქართული მხრიდან 7 აგვისტოს ღამეს ცხინვალზე შეტევა მოჰყვა. „შპიგელის“ ჟურნალისტი აღწერს აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ ვაშინგტონში 8 აგვისტოს დილის 10 საათზე გაგზავნილ ტელეგრამას, რომელშიც ის მხარს უჭერს სააკაშვილის განცხადებას, რომ ეს ომი არ წარმოადგენდა საქართველოს თავდაპირველ გეგმას და ცხინვალზე შეტევა მხოლოდ ქართულ სოფლებზე ოსების მხრიდან ცეცხლის გახსნის პასუხად დაიწყო. თუმცა კლუსმანი წერს, „ეს ტყუილი იყო, რომლის უკან წაღებაც სააკაშვილს ცოტა ხანში მოუწიაო.“ შპიგელის ჟურნალისტი ასევე „სიცრუეს“ უწოდებს სააკაშვილის ვარაუდს, რომ რუსეთის ძალებს თბილისის აღება სურდათ.

მიმოხილვის ბოლოს მოკლედ შევეხებით კიდევ ორ გამოცემას, რომლებიც „ვიკილიკსის“ ოფიციალურ პარტნიორთა რიცხვს არ ეკუთვნიან, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებული სტატიები დაბეჭდეს. ჟურნალ „ფორინ პოლისის“ ავტორმა, სტივ ლივაინმა, 2 დეკემბერს თავის ბლოგზე განათავსა ჩანაწერი, სახელწოდებით: „რატომ უყვართ ჩუმი სიყვარულით დიპლომატებს ‘ვიკილიკსი’ “. ავტორი წერს, მართალია, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა „ვიკილიკსის“ ქმედება დაგმეს, მაგრამ ჩემს მიერ წარმოებული მიმოწერა მოწმობს, რომ ყველა ამერიკელი ოფიციალური პირი მაინცდამაინც განაწყენებული არ არისო. ავტორი განაგრძობს:

„იმეილით მიმოწერა მქონდა ერთ-ერთ ოფიციალურ პირთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ექსპერტები მცდარად ადანაშაულებენ ვაშინგტონს იმ ტრაგიკულ მოვლენებში, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება და რამაც კულმინაციას 2008 წლის აგვისტოს ომში მიაღწია. მოსკოვიდან და თბილისიდან გაგზავნილი ტელეგრამები გამოხატავს ამერიკელების მზარდ შეშფოთებას ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობით, რასაც მოჰყვა კიდეც ომი, და ასევე იმის რწმენას, რომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოგდება უნდოდა.“

ბლოგის ავტორის თქმით, დიპლომატიურ ტელეგრამებში იმაზეც დეტალურადაა ლაპარაკი, რომ, როგორც ჩანდა, სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან ომში ჩართვას აპირებდა. „დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამერიკელი დიპლომატები - მათ შორის აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი - მუდამ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სააკაშვილის სიტყვებს, სააკაშვილისა, რომელიც ცრუობდა უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ტეფტმა, როგორ ჩანს, ეს ძალიან გვიან გააცნობიერა. ყველა შემთხვევაში, ტელეგრამები აჩვენებს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ერთიმეორის მიყოლებით აფრთხილებდნენ სააკაშვილს არ ეომა და ეუბნებოდნენ, რომ საპირისპირო ქმედება სწორედ იმ შედეგს მოიტანდა, რაც მართლაც დადგა: მის მმართველობასთან დაკავშირებით მუდმივი ეჭვი გაჩნდებოდა საზღვარგარეთ“.

2 დეკემბერსვე „ვაშინგტონ ტაიმსში“ დაიბეჭდა სტატია, სათაურით „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საიდუმლო ომს 2004 წლიდან აწარმოებდა“, რომელიც ასევე „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ ტელეგრამებს ეხება. წერილის თანახმად, ტელეგრამებიდან ირკვევა, რომ „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ 2004 წლიდან აწარმოებდა საიდუმლო ომს, რომელიც მოიცავდა სარაკეტო თავდასხმებს, ანტისამთავრობო მეამბოხეების იარაღით მომარაგებას და მანქანების აფეთქებას“. იქვე ვკითხულობთ: „ტელეგრამები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, ნათელს ჰფენს 2008 წლის ომის დასაწყისს. თავის დროზე ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა სააკაშვილს დასდო ბრალი რუსეთის პროვოცირებასა და ომის გაჩაღებაში ... მაგრამ, ტელეგრამის თანახმად, სხვა თუ არაფერი, თბილისში აშშ-ის ელჩი მაინც თვლიდა, რომ რუსეთი თავის ომს აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG